ყველას თავისი თელავი აქვს


 აქ სხვანაირი სიჩუმეა და სიმშვიდე. 

აქ დრო სხვანაირად გადის. შენელებულად.

და საერთოდ, აქ სხვა სამყაროა. 

როგორ შეიძლება თითქოს, სულ რაღაც 1,5 საათის სავალ მანძილზე სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდე. არა და, შეიძლება.

ასეთ დროს ვფიქრობ, რომელია უფრო ნამდვილი - ეს, თუ ის? თუ ის, რასაც იმ მომენტში გრძნობ? იქნებ ნამდვილი არა ადგილია, არამედ დრო. უფრო სწორად დროის გარკვეული მონაკვეთები, და მომენტები, როდესაც ამ სინამდვილეს შეიგრძნობ.

ასეა, თუ ისე, მგონი ბავშვობის მერე ამდენი ხანი (მთელი ერთი კვირა) არც დავრჩენილვარ აქ. ნუ, ბავშვობის მერე შეიძლება გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ სტუდენტობის მერე მაინც, ალბათ. ვმერყეობდი, საერთოდ წამოვსულიყავი, თუ არა. და ყველაფერს ველოდი იმის გარდა, რომ ასე ვისიამოვნებდი, ასე "გამისწორდებოდა" თელავი ამდენი ხნის შემდეგ.... თურმე როგორ მყვარებიხარ / მომნატრებიხარ ბიჭოო... (თელავი ხომ ბიჭია?).

ახლიდან შევიგრძენი ის ხიბლი, რაც გარკვეული დროის მანძილზე დაკარგული ჰქონდა ჩემთვის აქაურობას. ან, უბრალოდ, ვეღარ ვიჭერდი. ის და ცოტა ალბათ კიდევ სხვა ხიბლი, რომელიც ან აქამდე არ ჰქონდა, ან - არ მახსოვდა. ისეთი ნოტებს შეეხო თითქოს, რომელთა არსებობაც დავიწყებული მქონდა. 

ჩვენი ქაოტური ყოველდღიურობა მტვერივით ედება რაღაცას ჩვენ შიგნით. ფენებად. რაღაც მამოძრავებელს. რაღაც ნამდვილს. ედება ნელ-ნელა. ჩვენ ვაძლევთ უფლებას, დაედოს. მეტიც, ხელს ვუწყობთ. მერე ვწუწუნებთ, რომ ვიღლებით. მაგრამ დასვენებითაც ისევე ვისვენებთ, იმავე სტილში, როგორშიც ყოველდღიურად ვცხოვრობთ. და მერე ისევ ახლიდან ვებმებით იგივე ბორბალში და ასე დაუსრულებლად. 

მაგრამ ხანდახან რაღაც ჯადოსნური კარივით იღება თითქოს კედელში. ოდნავ იღება და უნდა დროულად შეამჩნიო და მოასწრო შესვლა. უნდა შეასწრო და ცოტა ხანი მაინც დაჰყო იქ, თითქოს და პარალელურ სამყაროში, სადაც ნივთებს, მოვლენებს და საერთოდ ყველაფერს, თითქოს სხვა ფორმა აქვს. თითქოს დროც სულ სხვანაირად აღიქმება.  მდორედ. თითქოს სხვა განზომილებაში ხარ. ხოდა ამჯერად ეს პარალელური სამყარო ისევ თელავში ვიპოვე. ჩემი ბავშვობის ნავსაყუდელში. ამჯერად უკვე გაზრდილმა. ამჯერად ცოტა სხვანაირად. მაგრამ მაინც იმავე თელავში.

ყველას ჩვენი თელავი გვაქვს


.

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..