დრაფტი, რომელიც შეიძლება დავპოსტო :)

აქ და ახლა რომ გაჩერდეს დრო, ალბათ იდეალური იქნებოდა. მაგრამ ცხადია, არ აპირებს და არ გაჩერდება. არ ვიცი, იქნებ ოდესმე, შორეული მომავალში შეძლონ ეს ჩვენზე უფრო განვითარებულმა ადამიანებმა. ტექნოლოგიურად არ ვიცი და სულიერად განვითარებულებმა. ახლა კი ასეთია ჩვენი რეალობა, რომელიც, მართალი გითხრათ, მომწონს. ზოგადადაც და ამ წამსაც. 

წელს პირველად დავჯექი ასე აივანზე, საღამოს. ამაზე უკეთესი ამინდებიც იყო კი, მაგრამ, როგორც ჩანს დროს ვერ ვნახულობდი. მერე ისევ ციოდა, ისევე, როგორც მანამდე. ახლა კი, ახლა უბრალოდ ჰაერის ჩასაყლაპად გამოვედი და აღმოვაჩინე, რომ მოპირდაპირედ მშენებარე სახლის ტერიტორიიდან მუშები როგორც იქნა წასულან, სიმშვიდეა, ძალიან სასიამოვნო ტემპერატურა, სიჩუმე და ჩემ მარცხნივ არსებული ე.წ. "რეკრეაციული ზონიდან", გინდაც ტყესავით რაღაც პატარა სიმწვანის ნაგლეჯიდან ჩიტების მშვიდი ხმები მოდის. ნელ-ნელა უფრო და უფრო გამძაფრდება ეს ხმები, უფრო გაბევრდება და უფრო გამახარებს. მეც უფრო ხშირად ვიჯდები აივანზე ღვინის ბოკალით მაგიდაზე და ლეპტოპით მუხლებზე. მეგობრებსაც უფრო ხშირად მივიღებ აქ. თუმცა, სიტყვა "ხშირად" ალბათ ცოტა გადაჭარბებულია, რაგდან ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ხშირად-მა სახე იცვალა. 

მარცხნივ ვიხედები, ტყისკენ. ზუსტად იმ წამს საიდანღაც შავი კატა გამორბის და რაღაცნაირი სიარულით უჩინარდება იქვე. ამ რაღაცნაირ სიარულს სახელი ვერ მოვუძებნე - შიგნით რომ ადგამენ ხოლმე ფეხებს და ისე მიდიან ჩქარ-ჩქარა. ქეთ ვოქ. სხვათა შორის, დავძებნე კიდეც და ვიდეოც ვიპოვე. მეგობრისთვის ვცდილობდი ერთხელ ამის ახსნას და ძალიან გამიხარდა, მასალა რომ მოვიპოვე ვიზუალიზაციისთვის. 

აჰა, მოპირდაპირე მშენებარე ობიექტს ბოლო მუშები ტოვებენ. ორნი არიან. უკვე ჩვეულებრივ ტანსაცმელში ჩაცმულები. ერთ-ერთს რაღაც ბოთლი უჭირავს ხელში და პერიოდულად მოიყუდებს. ალბათ ლუდია. გრძელი სამუშაო დღის დასრულების შემდეგ დამსახურებული სასმელი. რაღაცნირი სიმყუდროვე მოდის ამ კადრიდან. მე - ღვინის უფლება მივეცი თავს. სამუშაო დღე კი უჩვეულოდ მოკლე მქონდა. არ ვიცი, როგორ გამოვიდა ასე. თუმცა კი, ვიცი, 2 გაკვეთილი გამიცდა. წინ კი სამაგიეროდ გრძელი საღამოა ბევრი სამეცადინოთი. მაგრამ არც ეს მძაბავს. ვფიქრობ, აივანზევე შევუდგე ამ საქმეს. ღვინო ხელს არაფერში შემიშლის. 

პჯრ ტესტის პასუხს ველოდები და არ მოვიდა ჯერ კიდევ. კი არაფერი მაწუხებს, მაგრამ მშობლებს აქვთ კოვიდი. მამაჩემის შემთხვევაში ფაქტობრივად უსიმპტომოდ ჩაიარა, დედაჩემს ვირუსივით გადააქვს, მაგრამ მგონი დაამარცხა ამასობაში მანაც და იმედი მაქვს, დღეიდან უკვე სრული გამოჯანმრთელების გზას დაადგება. მე 2 დღე დავდიოდი მათთან პირბადით. პრინციპში, ეს იყო მთავარი მიზეზი დატესტვის, სხვა შემთხვევაში ამ უცნაურ ოდნავ თავის ტკივილს, დილით ოდნავ ცხვირში გაჭედვას და პერიოდულად იმას, რომ მციოდა ამ სითბოში, საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას, არც სიცხეს გავიზომავდი. უფრო სწორად, ვერც შევამჩნევდი. მაგრამ საღი აზრი მკარნახობს, ჯობია ვიცოდე და შესაბამისად მოვერიდო / არ მოვერიდო სხვებს. ერთი - ვარჯიში თუ ტყუილად ვაცდინე, ეგ არ მომეწონება, მაგრამ ეგეც არა უშავს, ცხადია, მირჩევნია, არ დამიდასტურდეს. კი გავიდა ამასობაში დრო და რომც მქონდეს, ალბათ ეს 2 დღეც და ოფიციალურადაც აღარ ვიქნები იზოლაციის კანდიდატი. 

სულ სხვა რამეზე დავიწყე არა და წერა. ასე ვიცი, ერთ თემაზე, ერთ კონკრეტულ თემაზე წერა მიჭირს ხოლმე. ან ებმევა რაღაც ასოციაციურად, ან ვხტები სხვა რამეზე, ან უამრავი რამე მინდა მოვიცვა. არა და, ჩემ სტუდენტებს სულ ამას ვასწავლი, ესსეს წერისას ყურადღება მიაქციეთ, რომ თანმიმდევრულები იყოთ და არ გადახტეთ აზრიდან აზრზე მეთქი. 

აჰა, სტუდენტებმა კიდევ ერთი თემა მოიტანეს. გუშინ, როგორც იქნა მომივიდა პასუხი და სერთიფიკატები - ე.წ. გადამზადება წარმატებით დავასწრულე ÖSD-ს გამომცდელის სერთიფიკატი გამიგრძელეს უკვე ოფიციალურად კიდევ 3 წლით. ხომ ვიცოდი, რომ ასეც იქნებოდა, მაგრამ ისე გამიხარდა მეილი, პატარა ბავშვივით ვიხტუნავე ცოტა ხანი და თან ტაშს ვუკრვადი. დღეს კი, ზუსტად დღეს, დამირეკეს საგამოცდო ცენტრიდან და დროების დაახლოებით შეთანხმება მთხოვეს აპრილის გამოცდებისთვის. მეც გახარებულმა ვამცნე, უკვე წერა-ზეპირის გასწორების სრული უფლება მაქვს და თქვენთან ვარ მეთქი. ესეც ასე.

"""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""

იქნებ დავუბრუნდე იმას, რითიც დავიწყე. დროის გაჩერება რომ მინდა. იმიტომ რომ, უნდა ვაღიარო, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ამ პერიოდში, ასაკში, ეტაპზე. არ ვიცი, კიდევ როგორ დავარქვა. ასე მგონია, როგორც იქნა მივედი გზის რაღაც მონაკვეთამდე, სადაც უეცრად გადაიშალა ის, რისკენაც თურმე მივდიოდი. ასეთი ჰარმონია საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან, მგონი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ მქონია. ხოდა, მინდა, რომ ეს ყველაფერი დაპაუზდეს, შეჩერდეს, ან უბრალოდ შენარჩუნდეს და აწი სულ ასე იყოს. ამას აქ რომ ვწერ, არც კი ვიცი, მერე დავპოსტავ თუ არა, ან ამ მონაკვეთს რამდენად ჩავტოვებ. იმდენად ინტიმური და პირადული მგონია. არა და, მეორეს მხრივ, სულ მინდა, ეს ჰარმონია და ხალისი სხვებსაც გავუზიარო. "სხვებს" შეიძლება ცოტა განზოგადებულია. ძალიან ახლობლებს მინდა ხოლმე, გავუზიარო, გადავდო.  

ჯანმრთელობა რომ ყველაზე მთავარია, მაგაში დიდი ხანია, დავრწმუნდი. კიდევ - მშვიდობა რომ ძალიან მნიშვნელოვანია (ოღონდ არა თავისუფლების ხარჯზე), ასევე, თავისუფლება, პირველ რიგში შინაგანი. კიდევ - ბევრი ყოფითი და არაყოფითი რაღაც ახდენს განწყობაზე გავლენას. კიდევ ისიც ვიცი, რომ იოგამ დიდი წვლილი შეიტანა ამ ჰარმონიაში. კიდევ - საქმემ,  რომელსაც ვაკეთებ, მიყვარს და გამომდის. იმან, რომ ძალიან ბევრს ვმუშაობ და ვსწავლობ, ხელი არ შეუშალა, როგორც ჩანს - პირიქით. ერთი, რაც მაკლია ამ ეტაპზე - მოგზაურობაა. მწყურია წყალივით და ვფიქრობ, სწავლას რომ მოვრჩები, მერე დავიწყებ და ვივლი ისევ ბევრს, როგორც ადრე. 

როგორ მინდა, რომ სხვებმაც იგრძნონ ეს, სხვებმაც იპოვონ. სხვებმა, ვინც ჩემს "გარშემოს" ქმნიან. არ დავიწყებ აქ ახლა იმაში ჩაღრმავებას, რომ სამყაროში უნდა გაუშვა პოზიტიური აზრები, ფიქრები, სურვილები, და იგივეთი გიპასუხებს. ვუშვებ. არა მხოლოდ ჩემთვის. ან, შეიძლება, სხვებისთვის გაშვებულიც ჩემთვის გაშვებულია, ეგოისტური, რადგან ვიცი, როცა სხვებიც კარგად იქნებიან, იდილია და სრულად ბედნიერად ყოფნა მაშინ დგება. 

მანამდე კი, მანამდე შეგიძლია იყო ბედნიერი. ყოველ დღე, ყოველ დილას. შეგიძლია და უნდა იყო მადლიერი და გამოხატო ეს. მადლიერი ვარ იმ ყველაფრის, რაც, ალბათ ამასობაში უკვე დამსახურებულად მომეცა, მადლიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის აღქმა, შეგრძნება, დანახვა, სიამოვნება და მადლიერებით მიღება შემიძლია. 


"""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""""

ამასობაში 8 საათი ხდება. ტესტის პასუხი ჯერ კიდევ არ მომსვლია. ეს ნიშნავს იმას, რომ საღამოს იოგას კლასიც "გავმაზე". მაგრამ არა უშავს, იმ კვირიდან ისევ ჩავდგები ისევ ფორმაში და ფორმაში, მანამდე კი შეიძლება საბას ვიდეოგაკვეთილებით ვივარჯიშო. აქვე ვიტყვი - ადგილზე სულ სხვაა, რაღაც სხვა აურა იკვრება. 

ჩიტები უფრო გააქტიურდნენ. გამახსენდა, რომ ღამის ფრინველებს სულ სხვა ხმები აქვს და ზაფხულში ჩემი საძინებელი სულ სავსეა ამ ხმებით და საოცრად მამშვიდებს და ღიმილს მგვგვრის (ნეტა, სწორად დავწერე?)

ხო, 8 ხდება და მე კიდევ ბევრი სამეცადინო მაქვს. ახლა ჯობია ჩავუჯდე და გაგეცინებათ და მაგ დავალებების გაკეთებითაც მივიღო სიამოვნება :) დღეს ვატყობ, სოციალიზაცია არ გამოვა. მაგრამ წინ გაზაფხული და ზაფხულია... 

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..