შეჯამება არა, უბრალოდ ბოლო პოსტი ამ წელს :)

სთორებს არ ენდოთ! :) არც საკუთარ წარმოსახვას. ზოგადად, დასკვნებს ხომ საკუთარ ცოდნაზე, გამოცდილებაზე, ვარაუდებზე და ხანდახან ინტუიციაზე დაყრდნობითაც ვაკეთებთ? იმ ცოდნაზე, რაც გაგვაჩნია. მაგრამ ეგ ხომ არ ნიშნავს, რომ ზუსტად ვიცით რაღაც. ან შეიძლება ვიცით კიდეც, მაგრამ რაღაც  - არც ვიცით. 

ხოდა ნახავ სთორის, რომელიც უამრავ რაღაცას შეიძლება ნიშნავდეს. არანაირი მინიშნება, მხოლოდ ფაქტი. და წავიდა მერე შენი ვარაუდები. აჰა, ოკ. ახალი წელი მოდის. სად შეიძლება წავიდეს ამ დროს ადამიანი? გამოგაქვს დასკვნა შენი ფონური ცოდნიდან გამომდინარე და ვარაუდებზე დაყრდნობით. თუმცა, სადღაც უშვებ კიდეც, რომ ცდები. ან არ უშვებ. 

ამ დასკვანაზე აგებ შემდგომ მოვლენებს. წაგიღებს ფიქრები, ვარაუდები და აი, უკვე 1 იანვარია, შენ სახლში ხარ, გვიანი საღამოა, მეგობრები მოვიდნენ სტუმრად და ზარია დამაფონზე. პასუხობ. გეუბნება, რომ კურიერია, არა და კურიერს არ ელოდები. მხოლოდ კიდევ სხვა მეგობრებს. ფიქრების ერთ ვერსიაში აივნიდან იყურები გადასამოწმებლად, ვინმე ხომ არ ლამობს შემოპარვას სადარბაზოში, მაგრამ ეს ისეთი ვერსიაა, მერე გაჩენილი და თითიდან გამოწოვილი. სინამდვილეში, არ იყურები, რადგან კურიერი სახელით მოგმართავს. სანამ ის მეორე სართულზე ამოვა, შენ უკვე უამრავი ვარაუდი გაქვს, ვინ გამოგზავნა და რა გამოატანა. კარებს აღებ და...  (აქ სადღაც ჩაკვეხებულია ფიქრები - შენი კარის კოდი საიდან იცის? კი არა და საიდან ახსოვს? სავარაუდოდ დაძებნა ძველ ჩათებში. კიდევ ვარიანტია, რომ მართლა კურიერი შეხვდა სადარბაზოსთან და იმას სთხოვა, აეკრიფა შენი კოდი. კიდევ ვერსიაა, შენი რომელიმე მეგობარი მოდიოდა ამ დროს და იმას სთხოვა. ის არ იცნობს და დაინტერესებულმა დაგირეკა და არ გაამხილა, რომ ვიღაც დგას ასევე სადარბაზოსთან და შენთან ამოსვლას ცდილობს. მოკლედ, დეტალებში ჩაშლა შეიძლება). ახლა კადრი შენ მეგობრებზე გადადის, რომელთა ნაწილი ისე ზის, სახეზე ვერ გხედავს. მხოლოდ შემოსასვლელთან ახლოს მსხომები ხედავენ შენ შეცვლილ სახეს და ყველას ერთად - შენ დუმილი ესმის. მეგობრების ხმა: ცისი, ვინ არის? შენ უბრალოდ თავს აბრუნებ და ხმას არ იღებ. კარის მიღმა სადარბაზოში კი კურიერი ნამდვილად არ დგას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ  - ერთ ვერსიაში მარტო მეგობრები არ არიან შენთან. ეს ვერსია უფრო დრამატულია. მაგრამ ამ ვერსიასაც მინიმუმ + 1 თვითმფრინავის გზა (პირდაპირი რეისის შემთხვევაში) გაშორებს და ნაკლებ კი არა, არარეალურია. ამიტომ დრამის ასეთ განვითარებას უკუაგდებ და ისევ კარებთან ბრუნდები და დრამას მელოდრამად ცვლი. და ცისია რისი ცისიაა, რომ იუმორი დაივიწყოს, მით უმეტეს, ადამიანებთან, რომლებთან უერთიერთობისაასაც, როგორც აღნიშნავს ხოლმე, "ეხსნება". ხოდა მივუბრუნდეთ თხრობას: ტრიალდები და მეგობრებს პასუხობ "Мамамоя Надя приехала". თხა თხაზე ნაკლებიო პრინციპით რომ ხართ დამეგობრებულები, მაგის დამსახურებაა, რომ მეგობრებს ესმით ხუმრობა და ყველა იცინის. მაგრამ სავარაუდოდ მაშინვე ვერ ხვდებიან, ვინ არის ამჯერად Надя. 

ამის იქით ფიქრები ცოტა ირევა, იმიტომ, რომ არ იცი, რა რეაქცია უნდა გქონდეს "ნადიას" დანახვაზე, რა რეაქცია გინდა გქონდეს, რა რეაქცია გექნება, გინდა თუ არა საერთოდ, "ნადიას" დანახვა აქ, ახლა. აქაც ვერსიები წარმოიშობა. ბევრი. ამიტომ მოვლენების შემდგომი განვითარება ცოტა არ იყოს, ბუნდოვანი რჩება. 

რეალობაში ასე არ ხდება. რეალობაში არ გამოდის, "ნადიაც" დაბრუნდეს და "გალიაც" კარგად იყოს. "ჟენიაც" შენთან დარჩეს და "იპოლიტიც" არ დაგრჩეს ნაწყენი. რეალობაში შეიძლება შენ დარჩე ყველაზე ნაწყენი და გულნატკენი. გაბრაზებულიც კი. თუმცა... თუმცა ყველაფერი შეიძლება სულ სხვაგვარად გავითარდეს, ნადიას და გალიას, ჟენიას და იპოლიტის გარეშე. რეალობაში შეიძლება სულ სხვა, ახალი სახელი შემოიჭრას. საერთოდ რომ არც წარმოგიდგენია, ისე.  შობა-ახალი წელი მოდის, რაც არ უნდა გამოგონილი იყოს, მაინც it's a most wonderful time of the year. ადამიანს სჭირდება თუნდაც გამოგონილი დღესასწაულები. და მის გარშემო შექმნილი სასიამოვნო "აურზაური". აუცილებლად სჭირდება. თუდაც მასთან არასწორი მოლოდინები იყოს დაკავშირებული. განწყობას თუ შეიქმნი, და რა თქმა უნდა შენ თვითონ შეგიძლია, ამაზე იზრუნო, მაინც კარგი იქნება. 

ახლა რეალობას რომ დავუბრუნდე - რეალურად განწყობა სადღესასწაულოა. რაც მთავარია, დასვენების და განტვირთვის "მოუდია" ჩართული. დღეს უკვე 30 დეკემბერია. გუშინ იოგას ბოლო კლასზე ვიყავი წელს, დღეს ბოლო ლექცია ჩავატარე წელს, კიდევ რა იყო წელს ბოლო? ხო, უნივერსიტეტში მარტო მე და ჩემი სამი სტუდენტები ვიყავით. აღდგენა და შუალედური წერა გვქონდა. რა თქმა უნდა, მხიარულად ჩაიარა. გვითხარით, ასეთი მხიარული ლექციები ხომ არ გქონიათო, მოითხოვდნენ, მეღიარებინა და მეც ვაღიარე :)) შენობაში რომ შევედი, დაცვა ადგილზე არ იჯდა, ასე რომ, არავის დავუნახივარ. და ერთ-ერთი სტუდენტი რომ მოვიდა, შეაჩერეს, სად მიდიხართ, არავინ არისო :)) მერე ამოვიდა დაცვა და ვითომ სხვათა შორის დადიოდა სართულზე, არ დაიჯერა, რომ ამ არა სალექციო პერიოდში ვიღაც მაინც ატარებდა ლექციას და შუალედურ გამოცდას :)

ხოდა ჩემამდე სტუდენტები გავიდნენ. მე რომ გავდიოდი, ცენტრალური კარი უკვე ჩაკეტილი დამხვდა. ერთი მომენტი ვიფიქრე, ეგ არის, აქ, ამ მშობლიურ ალმა მატერში მომიწევს მეთქი ახალი წლის შეხვედრა, მაგრამ მაშინვე უკუვაგდე ეს აზრი და ალტერნატიულ კარს მივაშურე, რომელიც ღია დამხვდა. აი, ასეა, ერთი კარი დაკეტილი რომ დაგხვდებათ, ხელი არ ჩაიქნიოთ. არც ფეხები დაგრჩეთ უკან :)

ხოდა მოკლედ, წამოვედი მერე და დიდი ხნის უნახავ მეგობარს შევხვდი, როგორც იქნა. სრულიად მშიერი და უკვე გაყინული "ბაზარი ორბელიანზე" შემოვედი და სანამ მოვიდოდა, ერთი წრე დავიარე. პირველი, რაც თვალში მომხვდა, "ხაშერია" იყო და მზად ვიყავი, კი არა და დიდი სურვილიც გამიჩნდა, ხაში მეჭამა. მაგრამ არც ხაში აღმოაჩნდათ და არც ხინკლის წვნიანი :/ ამოვედით მეორე სართულზე და იტალიურ საჭმელზე გადავერთე. იტალიური სამზარეულო ყოველთვის კარგი იდეაა. 

სანამ ძალიან ხმაური დაიწყებოდა, მშვენივრად ვიკომუნიცირეთ, ყავაც დავლიეთ, აზრზეც მოვედი. როცა ძალიან მშია, შეგრძნება მაქვს ხოლმე, რომ სუპერ მარიოსავით ვარ, რომელმაც ძალა და სიცოცხლეები დაკარგა და გაფერმკრთალებულია. ხოდა დავლიე ცხელი ყავა და ნელ-ნელა ფერი დამიბრუნდა. ცხელმა კარბონარამ კი სრულიად მომაბრუნა სააქაოს და ლაპარაკის უნარიც დამიბრუნა. 

მეგობარს გადაწყვეტილი ჰქონდა, ამ საღამოს საცივს შესჭიდებოდა. ამიტომ, რაღაც ეტაპის შემდეგ, დამტოვა. მე კი ჩემი ბედად წამოღებული ლეპტოპი ავიღე, გადავწყვიტე, უცებ წამოსული განყწობა არ გამეტანებინა ქარისთვის, ბარ-მაგიდასთან გადავჯექი ყავით ხელში და წერა დავიწყე. ამასობაში სხვა მეგობრების შემოერთების პერსპექტივაც გამოიკვეთა და ამიტომ უფრო მყარად გადავწყვიტე, დავრჩენილიყავი მათ მოსვლამდე. არსად მეჩქარებოდა. 

გარშემო საკმაოდ ბევრი ხალხია. ეს რუზრუზი და ხმაურიც მესიამოვნა. პირველ სართულზე საკმაოდ მაღალ ხმაზე რაღაც საბავშვო გასართობი რომ იმართება და ერთმანეთის საუბრის გაგებაშიც ხელს გიშლის, ამასაც კი არ შევუწუხებივარ. წერაში ხომ მით უმეტეს, არ შეუშლია ხელი. 

ამასობაში პოსტიც გავიდა ბოლოში. ამასობაში მეგობრებიც მოსულან. ამასობაში ახალი წელიც დამდგარა. ჩავხურავ სავარაუდოდ ამ წლის ბოლო პოსტს, დავლევ არა ბოლო ყლუპ ყავას, ჩამოვძვრები ბარის მაღალი სკამიდან და როგორც იქნა, გავალ ორბელიანზე გამართული "ქარავანის" სანახავად, თუ არ გავიყინე. 

რა დავასკვნა? მიჰყევით თქვენ სურვილებს, მიზნებს, ოცნებებს. ხანდახან ინტუიციასაც ენდეთ, თუ კარგი გაქვთ. მთავარია, თქვენი სურვილები სხვას არ აზიანებდეს. დანარჩენი - მოსულა. ადამიანი ბედნიერებისთვის არის დაბადებული, კოდში დევს ბედნიერების უფლება და არავის აქვს უფლება, მისი წართმევის. 

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!

ხო, სთორებს არ ენდოთ :) ვარაუდები, რა თქმა უნდა, მცდარი აღმოჩნდა. დრამა არ იქნება, არც მელოდრამა. წარმოსახვითი ისტორია წარმოსახვით ისტორიად და ბლოგის ერთ პოსტად დარჩება. ახალი წლის დღეებში მეგობრები, ოჯახის წევრები და კურიერები მოვლენ. სხვა - არ ვიცი. ისე, ხომ არ გავარკვიო, კიდევ სად არის ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა? ვინ იცის, რა ხდება... :)

ასეა თუ ისე, დარწმუნებული ვარ, წინ ძალიან კარგი სადღესასწაული დღეებია :) :P




Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..