დეკემბრის წერილი

მერამდენედ უნდა შემიყვარდეს ზამთარი თავიდან, საინტერესოა. ყოველ წელს, ზამთრის დადგომამდე თავგადაკლული ვამბობ, რომ არ მინდა, ზაფხული დამთავრდეს, რომ ვერ ვიტან ზამთარს და წარმოდგენაც არ მინდა, რომ უნდა მოვიდეს. და შენ გგონია რამეს ვაჭარბებ ამ დროს, ან ვიტყუები? არა, მართლა ასე ვფიქრობ. მერე მოდის ზამთარი და... უპს, ახლიდან მიყვარდება, ახლიდან "ვამუღამებ" და ყინვაში გარეთ სიარულშიც კი სიამოვნებას ვპოულობ. მთავარი, კომფორტულად მეცვას, გემრიელად, ისე, როგორც მე მიყვარს, სახლში სითბო იყოს და სადაც შევალ - იქაც. და ქარი და სისველე ნუ იქნება. ყინვა და სიცივე არ მაფერხებს. აქვს რაღაც საოცარი სიმყუდროვე ზამთარს. განსაკუთრებით კი, დეკემბერში, წინასაახალწლო პერიოდში, როცა ჰაერში რაღაც ტრიალებს, რაღაც ჯადოსნური. როცა მარტო შენ კი არ ისვენებ, სხვებიც ისვენებენ, რაღაცნაირად შენელებულია ტემპი, გგონია, რომ გაღიმებულია ხალხი, როცა იდიოტური რომანტიული კომედიების ყურების და ხანდახან გულის აჩუყების დროც გაქვს. მე მიყვარს, როცა სხვებისთვისაც დასვენებაა და არა მარტო ჩემთვის, ეს ერთიან განწყობას ქმნის რაღაცნაირად. მოკლედ, მიყვარს დღესასწაულები და წინასადღესასწაულო განწყობა. 

ბოლო ალბათ 2 კვირაა, რაც საქმე შემიმცირდა. რაც გამოცდა ჩავაბარე ხომ საერთოდ, ფრთაშესხმული დავდივარ. ვტკბები თავისუფლებით. მართალი გითხრა, თავიდან მიჭირს ხოლმე იმის გააზრება, რომ შემიძლია მართლა არაფერი ვაკეთო, შემიძლია ჩემ თავს უფლება მივცე, ფილმევს ვუყურო, მეგობრებს შევხვდე, სადმე გავიდე, წიგნი წავიკითხო. კვირას უბრალოდ არაფერი, ან მხოლოდ ის ვაკეთო, რაც მინდა და მესიამოვნება. კვირას, წარმოიდგინე. და ნაწილობრივ - შაბათსაც. ვინმესთან სტუმრად, ან კაფეში მყოფი ეკლებზე არ ვიჯდე და არ გამოვრბოდე იმ მიზეზით, რომ სამეცადინო / სამუშაო მაქვს. შაბათ-კვირა ( 2 ლექციას თუ არ ჩავთვლით, სადაც მეზარება კი არა, მეხალისება ხოლმე წასვლა) რომ ჩემია და ჩემი სურვილისამებრ შემიძლია დავგეგმო, ან არ დავგეგმო და სპონტანურად მივუშვა, ამისიც დიდხანს არ მჯეროდა. დრო დამჭირდა ამ ყველაფერთან შესაგუებლად. თან, ზუტსად წინასაახალწლო პერიოდს დამეთხვა ეს ყველაფერი, პლუს ის, რომ სტუდენტთა უმეტესობა ან შვებულებაშია, ან გამოცდები აქვთ, ან არდეგეგები და კი, შემოსავალზე აისახება, მაგრამ ასევე ჩემ თავისუფალ დროზე. ზუსტად ახლა მჭირდებოდა ეს თავისუფლება და დასვენება. ხოდა, მოკლედ, ნელ-ნელა გავაცნობიერე, დავიჯერე, რომ დავიმსახურე მართლა და ვირგებ ბოლომდე :)

ოდესმე წიგნი უნდა დავწერო სათაურით "ცხოვრება შაკიკის შემდეგ". ცხადია, სხვა თვითმხილველები კი არა და შაკიკიანებიც მეყოლებიან ჩართულნი. ბევრს არ ვილაპარაკებ. უბრალოდ, გუშინ ფანტასტიური პარასკევი იყო, სრულიად თავისუფალი. დილით იოგა ვივარჯიშე, მერე ვიცურავე, მერე რამდენიმე მოსაგვარებელი მცირე საქმე მოვაგვარე, რომლებისთვისაც დროს ვერ ვპოლულობდი, მერე გავემზადე და არაჩვეულებრივ გამოფენაზე წავედი საღამოს. იქიდან გოგოები სპონტანურად და ვიწრო წრეში ერთ-ერთის დაბადების დღის აღსანიშნავად იქვე გადავედით პარნასში. მაგრამ მანდ უკვე დაწყებული მქონდა თავის ტკივილი და წამალი კი არც ისე დროულად დალეული. კიდევ კარგი, სხვაგან არ წავედით. მერიოტის პირველ სართულზე სიმშვიდე იყო. მუსიკაც მშვიდად ჩართული. ალბათ სულ 3 წინადადება ვთქვი მთელი საღამოს მანძილზე. მაგრამ საბედნიეროდ, მოსმენის უნარი მაინც მქონდა, ასე რომ, მაინც მოვახერხე და ვისიამოვნე როგორღაც ამ საღამოთი. 

აი გზაში კი გაუარესდა... არც მახსოვს, როგორ მოვედი სახლამდე. უბრალოდ ვფიქრობდი, არა, ვოცნებობდი, რომ სახლამდე მომეღწია და დავწოლილიყავი. დილით კარგად გამოძინებულს გამეღვიძა. მაგრამ შეგრძნება მაქვს, რომ გუშინ ომი გადავიტანე. ბრძოლაგამოვლილივით ვარ და აზრზე მოვდივარ ჯერ კიდევ. ხოდა ცხოვრება შაკიკის შემდეგ არსებობს. ჩაძინებამდე გამახსენდა, ოდესღაც პოსტად დავწერე, მინდა, შაკიკი ადამიანი იყოს, ქუჩაში შევხვდე და მაგრად ვცემო, ფეხქვეშ გავიგდო და ვაგრძნობინო, რას განიცდიან ადამიანები ამ შეტევის დროს მეთქი. :) მოკლედ მაინც არ გამომივიდა. კარგი, აღარ გვინდა ამაზე. უბრალოდ, ბედნიერებაა ტკივილის გარეშე ცხოვრება :) 

გუშინ პარნასში მჯდომი, ცოტა ბურუსში, ხან ფიქრებში მივდიოდი და ვფიქრობდი, რაღაცეები შეიცვალა. ან დრო, ან ჩვენ. რამდენიმე (?) წლის წინ ალბათ პარასკევი საღამო ასე არ დასრულდებოდა. სადმე, ან სულაც რამდენიმეგან კიდევ იქნებოდნენ ჩემი სხვა მეგობრებიც, მერე აქ რომ დავიშლებოდით, მოვიფიქრებდი კიდევ სად წავსულიყავი და ვის შევერთებოდი. მერე იქიდან კიდევ სადმე და ასე, მთელი პარასკევი - შაბათი და ხშირად - შუა კვირაშიც. გუშინ, თავის ატკიებამდე იმასაც ვფიქრობდი, worakls-ის ბილეთი ხომ არ მეყიდა უცებ და სპონტანურად მეც შევერთებოდი რომელიმე მეგობარს. მაგრამ მერე ეს ფიქრი ავტომატურად იქნა უკუგდებული :)) ხოდა რას ვამბობდი. რა შეიცვალა? ალბათ ჩვენ. ან გარემოებები. მაშინ ყველა ბევრად უფრო თავისუფალი (პასუხისმგებლობებისგან ვამბობ) ვიყავით, ბევრად მეტი დრო ჰქონდა ყველას და სავარაუდოდ, მთავარი საქმე და საზრუნავი ის იყო, როდის სად წავსულიყვით გასართობად :) ზოგს ოჯახი ჰყავს, ზოგს მეორე ოჯახი უკვე, ზოგი საზღვარგარეთ გადაცხოვრდა, ზოგი რა და ზოგი რა. იყო დრო, ლამის ჯგროდ ვმოძრაობდით, იმდენი ვიყავით. იყო ბირთვი და იყო ბირთვის გარშემო ელემენტების ქაოტური მოძრაობა, ხან ერთი და იგივე, ხან სხვადასხვა ელემენტების. მერე მოხდა დიდი აფეთქება :)) ვხუმრობ, არაფერი მომხდარა, უბრალოდ, აი ზემოთ რაც ვთქვი, ის.

ცხოვრების თითქმის ყველა ეტაპზე, ან სანამ კარგად ჩამოყალიბდები, მანამდე მაინც, გგონია, რომ ყველაფერი ასე იქნება სულ. ეს შევატყე. მახსენდება რაღაც ეტაპები, როცა მეგონა, რომ სულ ასე იქნება. მერე, რა თქმა უნდა რაღაცეები იცვლებოდა  და იმ ახალ ეტაპზეც მეგონა, რომ სულ ასე იქნება. მერე გავიზარდე :) არ გეგონოს, ვწუწუნებ ან რამეს განვიცდი. ყველა ეტაპი გადასარევი იყო. არც რამეს ვნანობ და არც რამეზე მწყდება გული. ზოგადად, სადაც დღეს ხარ, იქამდე ხომ იმ ყველაფრის გავლით მოხვედი, რაც შენ ცხოვრებაში იყო, ხომ იმ ყველაფერმა ჩამოგაყალიბა? ხოდა მე მომწონს, სადაც მოვედი და როგორიც ვარ. ასე რომ, არაფერი დამეწუწუნება. უბრალოდ, დროს რომ ვერ ვაჩერებთ, აი ეს მაინც არ მომწონს. კიდევ არის რაღაცეები, მაგრამ... მაგრამ არაფერი. აქ ყველა თემას ვერ შევეხები და ყველა ფიქრს ვერ გადმოვიტან. 

დღეს უნივერსიტეტის გარდა, ხელოსნების დღეც მაქვს. ზოგს კოპრორატიული აქვს, მე - ხელოსნები მყავს :)) რამდენიმე თვეა უკვე, ტელევიზორის კაბელის ბუდე გაფუჭდა. მერე ავდექი და ტვ-ც გავათიშინე. ხოდა ასე კიდია თავისთვის და დროს ვერ ვნახულობდი, რომ მომეგვარებინა. ხოდა გუშინ დავურეკე, შევუთანხმდი და დღეს უკვე ტვ მაქვს. ახლა ჩემებთან ვარ და გაზის ხელოსანს "ვდარაჯობ". უფრო სწორად, ჩემები აგარაკზე არიან წასულები და მე ველოდები, გაზის ხელოსანი როდის მოაგვარებს აქ დეტექტორის დაყენებას. მე კი ვზივარ მუხლებზე ლეპტოპით და ვწერ. მერე, დრო თუ დამრჩა, ანტრეში ავალ, მერე უნიში წავალ და საღამოს გააჩნია, თავი როგორ მექნება, იმის მიხედვით მოვიფიქრებ, რა ვქნა. 

ხვალ ავსტრიიდან ჩამოდიან ჩემები. გული მიჩქარდება სიხარულით, რომ მახსენდება :) განსაკუთრებით კარგი ახალი წელი იქნება. 

კიდევ რაღაცეების თქმა მინდოდა, მაგრამ ან არ მახსენდება, ან ჩავთვალე, რომ ვერ / არ ვიტყვი. არ ვიცი. ცოტა ბურუსში ვარ ისევ, ასე რომ... პოსტს არც გადავხედავ, ისე დავდებ. 

პ.ს. უცნაური რამეა არა, მონატრება? უცნაურ დროს და ფორმით იჩენს ხოლმე თავს.

საუნდტრეკი მინდა, ედებოდეს პოსტებს.




Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..