წერილი ბუდისტურ-ცისიური სიბრძნით


 თუ მემორის დილით ნახულობ, ესე იგი წინა დღეს ადრე დაიძინე.
ბუდისტური სიბრძნე


აწი ვიცი, რა დროს უნდა გავიღვიძო დილით, რომ აივანზე თუნდაც დილის სუსხში მშვიდად დავლიო ყავა და დილა ჩემ თავს, ხო, პირადად ჩემ თავს დავუთმო. 9 საათზე უნდა უნდა შევბრუნდე სახლში, რადგან ზუსტად 9-ზე, საათს გაასწორებ ისე, უეცრად ზღაპრის გმირებივით აღმოცენდებიან მშენებლობაზე მომუშავენი და ერთად იწყებენ ხმაურს. 

აწი ისიც ვიცი, რა დროს უნდა დავიძინო, რომ დილით ასე კარგად გავიღვიძო და ასე დავიწყო დილა. გაგიკვირდება და აფირმაციით და ცოტა ვიზუალიზაციითაც. ეს უკანასკნელი ცოტა მიჭირს ჯერ-ჯერობით, მაგრამ არა უშავს, მივეჩვევი ამასაც. პრინციპში, იქნებ არც გაგიკვირდეს კიდეც. 

ხო, ის ბუდისტური სიბრძნე სინამდვილეში ცისისტური სიბრძნეა. და ფბ-ზე დავპოსტე დილიდან. 

სტაფილოსფერქურთუკიანი ქერა ტიპი, სავარაუდოდ არამოძმე ერის წარმომადგენელი ნელი ნაბიჯით შემობოდიალდა ეზოში. თავიდან გავიფიქრე, რა კარგი იდეაა, ადრე თუ ავდგები, ეზოში ჰაერზე სიარულსაც მოვასწრებ მეთქი. მერე შევხედე, რომ ამ ჰაერზე სიგარეტს აბოლებს და მივხვდი, მაინცდამაინც ჯანმრთელობის გასაკაჟებლად არ დაბოდიალობს, ალბათ დრო გაჰყავს. თუმცა, მე მაინც შემიძლია ჩემ იდეას ფრთა შევასხა. 

აჰა, მშენებლობის წარმომადგენელმა ჩვენ ეზოში დაიწყო მანქანების შეფუთვა. საინტერესოა, ყოველ დღე კენჭს იყრიან, ხვალ ვინ დაიკავებს ამ პოზიციას - მანქანების მოყარაულის და შემფუთველის მომიჯნავე ეზოში?

ხო, ცოტა გადავუხვიე. ხოდა აფირმაციებს და სიტყვებს რაც შეეხება - კი, დიდი ხანია ვიცი, მესმის ეს. ვიცი, რომ უნდა ვცადო, არ ვიცი, ამჯერად რამ განაპირობა. ვფიქრობ, ნაწილობრივ ერთმა წიგნმა მისცა ბიძგი. უნდა დამეწერა, არ მახსოვს სახელი მეთქი, მაგრამ სანამ დავწერდი, უცებ ამოტივტივდა - "ბერი, რომელმაც გაყიდა თავისი ფერარი". შეიძლება იფიქრო, ო, კაი, რა გადაღეჭილი თემააო. შენი ნებაა. მთავარი აქ ის კი არ არის, იქ რა წერია, მთავარია, შენ რას დაიჯერებ, რას მოინდომებ და რას გააკეთებ. ხო, და კიდევ მიდგომა. მაგრამ მე მინდა დავიჯერო და მჯერა, რომ სიტყვებს და ფიქრებს აქვთ ძალა.

ცხადია, სხვა რაღაცეებმაც იქონია გავლენა, უბრალოდ მივედი აქამდე და მივხვდი, რომ დრო იყო, მიდგომა შემეცვალა, დიდი ხნის დაგეგმილი ხვალიდან ვიწყებ დამეწყო. ყველას თავისი პიკი აქვს. ხოდა დღეს დილით მოხდა სასწაული და თავისით გამეღვიძა, მაღვიძარის დარეკვამდე, დილის 8-ის ნახევარზე. ეს კი იმიტომ, რომ გუშინ მემორის ნახვამდე დავწექი, ტელეფონს რომ დავხედე, 00:00 უცებ 00:01-ით შეიცვალა, ხელში აღარ ამიღია. დავხუჭე თვალები და არც ისე დიდი ხნის მერე დამეძინა და დილით გამოძინებულს გამეღვიძა. იდეა დღეს ადრე გაღვიძების, იოგაზე წასვლამდე მეცადინეობა იყო. მერე გამახსენდა, რომ დილით ადრე გაღვიძების და საკუთარი თავისთვის და პოზიტიური ფიქრებისთვის დათმობის 10 წუთი უნდა გამომენახა. ეს 10 წუთი ცოტა გახანგრძლივდა, სამაგიეროდ, როცა ავდექი, უკვე ვიღიმოდი. მუსიკის ჩართვა მინდოდა, თან მხიარულის. არც მციოდა, არც მეძინებოდა. პრინციპში, სანამ ავდგებოდი, უკვე მანამდე მეღიმებოდა. და არც ამ ფიქრების მობილიზება გამჭირვებია. 

იცი, ხომ, რომ ტვინი უარყოფას ვერ აღიქვამს. არასწორი ფორმულირებაა, მაგრამ თუ იცი, რასაც ვგულისხმობ, მიხვდები კიდეც. შენი ფიქრები არ უნდა იყოს ფორმულირებული ასე  - მე არ მინდა / არ მაქვს / არ მყავს და ა.შ. არამედ ამ არ-ის გარეშე. ხოდა რამდენჯერ არასწორად ჩამოყალიბებული ფიქრი შემოიპარებოდა, იმდენჯერ მაშინვე გადავაკეთე და გამოვნახე სხვანაირი ფორმირება. ტყუილად კი არ ვარ ენის სპეციალისტი :)) არ გამიჭირდა, სხვათა შორის. და უკვე ბოლოსკენ, ყველაფერი რომ ჩამოვაყალიბე, გამახსენდა, ჩემი ბავშვობის დროინდელი ფიქრები. აი იმ ბავშვობის, უბრალოდ რომ არ იშოვებოდა არაფერი. ფარდის იქით ყველაფერი უცხო რომ იყო და მიუწვდომელი. Quelle-ს კატალოგის თვალიერებაც კი უდიდეს ბედნიერებად მიმაჩნდა და იქ ნანახ სახლებზე, ნაძვის ხეებზე, მყუდროდ მოწყობილ ოთახებზე და და ლამაზ დივანზე თბილი წინდებით და ყავით ხელში ჯდომაზე ვოცნებობდი. მაშინ ზუსტად მქონდა წარმოდგენილი, რა მინდოდა. ვიზუალიზაციაც მშვენივრად გამომდიოდა, before it was cool. გაუცნობიერებლად. ხოდა დღეს ის მაქვს, რაც მაშინ მხოლოდ ოცნება მეგონა და ალბათ ვერც ვუშებდი, რომ მაგ რეალობაში შებიჯება შეიძლებოდა. კი, ამ ყველაფერს დიდი დრო დასჭირდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ თურმე ჩემი მაშინდელ ოცნებაში გამიღვიძია :) ზამთრის ერთ მშვენიერ დღეს, როცა ჩემ საკუთარი ბინაში ჩემი ხელით მოვრთე ისეთი ნაძვის ხე, როგორიც ყოველთვის მინდოდა. გგონია ეს შეგნებულად გავაკეთე და იმ პატარა ცისიაზე ვფიქრობდი? არა, გავაკეთე და მერე მივხვდი :)

ხოდა, ახლა აღარც რკინის ფარდაა, პატარა ცისიაც დიდია, ახლა უკვე მის ხელშია ყველაფერი. 

რაც შეეხება წიგნს - არ წამიკითხავს. უბრალოდ პოდკასტს ვუსმენდი - საცობში მოსასმენი წიგნები. პოდკასტში იყო მოკლე მიმოხილვა. ალბათ მილიონი წიგნია ამაზე. და მილიონი ქოუჩი, ფსიქოლოგი, მენტორი, პროფესიონალი თუ არაპროფესიონალი, ვისაც მართლა გამოსდის და ვისაც არ ეზარება, ნამდვილი და ფსევდო -ები, ყველა ლაპარაკობს და წერს ამაზე. ზოგი აღფრთოვანებულია, ზოგი სკეპტიკურად უყურებს. ამ ადგილას ჩემი კომენტარისგან თავს შევიკავებ. აროგანტულად რომ არ გამომივიდეს :)) უბრალოდ, ძალიან მოკლედ რომ ვთქვა, ხანდახან ვხვდები, რომ ჩემი გონებრივი შესაძლებლობების ძალიან მცირედის გამოყენებას ვასწრებ და ბევრად მეტი მცოდნია და მესმის, ვიდრე მეგონა, ან გამოვხატავ. მაინც გამომივიდა ცოტა აროგანტულად. არა უშავს. 

მოკლედ, არაფერი უცხო არ იყო ჩემთვის იმაში, რაც მოვისმინე. უბრალოდ სავარაუდოდ სწორ დროს მოვისმინე, ისეთ დროს, როცა ვინმეს ან რამეს უნდა შეეხსენებინა ის, რაც ვიცოდი. და ცოტა მიმართულება მოეცა. მერე კიდევ რაღაცეები დამატებოდა. პრინციპში, გამოგიტყდები და მინდა წიგნის ყიდვა. 

მერე რა ვქენი? მერე არა დრამა - სერიალის, არამედ მუსიკის ფონზე ავდექი, ცეკვა-ცეკვით მოვწესრიგდი, დილის რუტინა შევასრულე, ჩავიცვი, ყავა გავიმზადე და ის იყო აივანზე უნდა გამოვსულიყავი, რომ ახმაურდნენ კიდეც. მაინც გამოვედი. რაღაცნაირად მოვახერხე, რომ სმენას არ მოწვდენოდა ეს ხმაური ისე, როგორც ჩვეულებრივ წვდება ხოლმე. თითქოს პორტრეტით იღებ რამეს და უკანა ფონი დაბლარულია, აი ასე მესმის სპოტიფაიში ჩართული Good mornings - happily positive music to start the day :)) - ეს წინა ფონზე და სადღაც უკან კი მშენებლობის ხმებია. ცოტა ხანი ყავა დამელია და მერე მემეცადინას სურვილი შეცვალა ყავა დავლიო და თან დავწერო სურვილმა. მუხლებზე მიდევს ლეპტოპი, ქურთუკიცა მაცვია, რომ არ შემცივდეს და თავზე კაბის კაპიუშონი მაქვს წამოხურული. სხვათა შორის, უფრო სიცივეს ველოდი. ქარი თუ არ იქნება, მშვენიერი ამინდია. ამასობაში 10 გახდა. მეცადინეობას წასვლამდე ვეღარ მოვასწრებ, ცხადია, მაგრამ ეგ არაფერი. სამაგიეროდ ისე დავიწყე დღე, რომ იოგადან მოსული, ვფიქრობ კარგად გავართმევ ყველაფერს თავს, მით უმეტეს, რომ გუშინ მივხვდი, როგორც იქნა, უნდა გამეთავისუფლებინა მთელი დღე და სტრესის გარეშე, მშვიდად მიმეხედა ამ საქმისთვის. 

ახლა ავდგები, გამოვიცვლი, ზურგჩანთას ჩავხედავ, ხომ ყველაფერი მიდევს და ბარემ ფეხით წავალ იოგაზე. არც გადარბენა და სიჩქარე დამჭირდება. 

ცხვირი და ხელები სასაცილოდ გამეყინა :)

ხო, რამდენიმე, ან მინიმუმ 1 კარგი წერილი "გავმაზე". იმიტომ, რომ მაშინვე არ დავწერე. არა და თავში იწერებოდა, თან ვიდეო-ფოტო მასალაც კი მქონდა. ერთი შაბათის პოსტი იყო, ერთი მშვენიერი შაბათის. ეგ არაფერი. ამისთვისაც მექნება აწი მეტი დრო და ხალისი.

მზე გამოდის 🌞 

პ.ს. ამ ყველაფრის ვიდეო-მასალისთვის დაასკანერე QR-კოდი  :)






Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..