ბაბუაწვერას ღვინო, ფეხბურთი, ასკეზა და

ღამეა. აივანზე ვზივარ. აგრილდა. ბოლო 1 კვირაა ალბათ, რაღაცნაირად ძველ რეჟიმში ვარ, ფაქტობრივად ყოველ საღამოს სადღაც გავდივარ. მგონი უწყლობის ბრალია. დაახლოებით საღამოს 7-ზე წყვეტენ წყალს. და მერე ვდგები და გავურბივარ ამას. 

ნუ უწყლობას დაემთხვა ფეხბურთის ყურება სხვადასხვა ლოკაციებზე, ასევე ერთი მეგობრის შვებულებაში დაბრუნებად, უკვე შემსუბუქებული გრაფიკი, ზაფხული და და და...

დღეს გზადაგზა გადავაკეთე გეგმები და დავაქენსელე შემოთავაზებები. საბოლოო ჯამში, ჩემებთან მივედი, იქ ვუყურე ფეხბურთს. ერთს ვიტყვი - სხვა რაღაცეებთან ერთად, ბოლო პერიოდში კიდევ იმისთვის ვარ მადლობელი, რომ ამას მოვესწარი - საკუთარი ქვეყნის გულშემატკივრობას ჩემპიონატზე - ეს რაღაც სხვა ყოფილა...

მერე ისევ დავაქენსელე სხვადასხვა ვარიანტები და წამოვედი სახლში. ხანდახან კი არა და ძირითადად არაჩვეულებრივად ვგრძნობ აქ თავს. განსაკუთრებით კარგია ხოლმე დაბრუნება, და კიდევ უფრო განსაკუთრებით - როცა დილიდან გასული ვარ და ემოციურად დატვირთული დღის ბოლოს შემოვაღებ ჩემ კარს და ნაცნობი სურნელები და ფერები მხვდება.

სამაგიეროდ არ დამხვდა წყალი. მაგრამ, ეგ არაფერი. 

ეს "ფურცელი" რომ "გადავშალე", თავიდან სულ სხვა რამეზე მინდოდა დაწერა. ბრედბერის "ბაბუაწვერას ღვინოს" ვკითხულობ, უფრო სწორად, ვუსმენ, არ ვიცი, მერამდენედ. აუცილებლად წასაკითხია წელიწადის ამ დროს. იმდენად მსიამოვნებს, რომ ამ სიამოვნებას ვიხანგრძლივებ და იმდენად ემთხვევა ხოლმე ჩემ განწყობას, იმხელა დადებითი ემოცია მოაქვს, ტირილი მინდება ბედნიერებისგან. ძალიან რთულია, ამაზე ლაპარაკი. იმდენად მარტივად და სუფთად ყვება თავისთავად და თითქოს სრულიად ხელშესახებ და უბრალო რაღაცეებს, შენ მერე გირთულდება, ამაზე ილაპარაკო. რა უნდა თქვა? ვუსმენდი და ვფიქრობდი, რანაირად შეუძლია მთელი ცხოვრება ერთ პატარა სცენაში ჩაატიოს? 

რომ შეიძლებოდეს, ზაფხულს მართლა ბოთლებში ჩამოვასხამდი და შევინახავდი, მერე კი მთელი ზამთარი გამოვიზოგავდი. იმ ბოთლში მზე იქნებოდა, ბევრი მზე და ზაფხულის დილები, დღეები და საღამოები. ღამეებიც. ბედნიერებაა, რომ არსებობს ეს პერიოდი. ბედნიერებაა, როცა ამის აღქმა და შეგრძნება შეგიძლია.

მერე რაღაც ეტაპზე გავთიშე და ჩავრთე ვიდეო ასკეზას შესახებ. უფრო სწორად - გადაცემა. გადაცემის სიგრძეს რომ შევხედე, ვიფიქრე, ამას ბოლომდე რა მაყურებინებს, რა მომასმენინებს მეთქი. მაგრამ, შენ წარმოიდგინე, ვუსმინე ბოლომდე. კომენტარი? არ ვიცი, თითქოს ახალი არაფერი და თან კი. ერთი ის არის - მგონი, არ მიყვარს, ინსტრუქციებით რომ მაკეთებინებენ რაღაცას, რაც მგონია, ბუნებრივი უნდა იყოს და ინდივიდუალურად სხვადასხვა გზით ხდებოდეს. თუმცა, საინტერესოა უდაოდ. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. 

კიდევ - შეარინგზე მინდოდა მეთქვა. გაზიარებაზე. და გაზიარების სიამოვნებაზე. ეს ალბათ ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნილებაა. და ვისურვებდი, ეს არ დაკარგულიყოს. რაღაც რომ გიხარია, გსიამოვნებს, მოგწონს (ხო, დადებითი იყოს ამჯერად ყველაფერი), მარტო შენ არ გინდა, დაიტოვო, გინდა, გაუზიარო. მგონი ბედნიერება მართლა ბევრდება გაზიარების შედეგად. ყოველ შემთხვევაში, ვისურვებდი, ასე იყოს. 

რაღაც ეტაპზე ისე აგრილდა, შემოვედი. ღამის რუტინა ამ ვიდეოს ფონზე შევასრულე. მოვწესრიგდი და უკვე ლოგინში ნახევრად მჯდომარებ დავიწყე წერა.

ბევრი აღარ მიფიქრია. წიგნს ხვალ განვაგრძობ. დღეს - სერიალს ჩავრთავ ისევ. კი, გვიანია და ვცდილობდი ბოლო პერიოდი, ადრე დამეძინა. მაგრამ ეს ბოლო ერთი კვირაა, არ გამომდის და დროებით შევეშვი. ისევ დავუბრუბდები იმ რეჟიმს. ახლა ერთი სერია და დავიძინებ. რას ვუყურებ? კარგი ხალხის მიერ რეკომენდებულ კარგ სერიალს :) რომელსაც პირველივე წუთიდან არ დავუტყვევებივარ, მაგრამ რაც მეტს ვუყრებდი, უფრო მომწონდა. 

ხვალ კვირაა. ჯერ კიდევ ივნისის კვირა დღე. ხვალ დილით, ივნისის easy sunday morning საძინებლიდან ფეხშიშველი რომ გავბოდიალდები და მთელ ოთახში, ყვითელ ავეჯზე,  ქოთნებში მცენარეებზე და ვაზაში ყვავილებზე, კედლებზე და იატაკზე დაღვრილი მზე დამხვდება, ესეც ბედნიერებაა. ხო, საძინებელში და მეორე ოთახში დილა სხვადასხვა ფერის არის ხოლმე :) სხვადასხვანაირად ლამაზი.

ღამე მშვიდობის.



Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..

before and after party