supergirls just fly

- საღამო მშვიდობის - გულითადი ღიმილით შემხვდა კონსულტანტი გოგონა, რომელიც ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მცნობს. 

- საღამო მშვიდობის :) მმმ ... ჩაი მინდა

- რომელი? გვაქვს პიტნის ...

- პიტნის! 

- პატარა თუ დიდი? - თან გასაკეთებლად დაიძრა

- პატარა - პარალელურად ნამცხვრებს ვათვალიერებ, რომელთა ჭამაც რატომღაც არ მინდა, თუმცა, თეორიულად მაინც მინდა :))

- შაქარი?

- არა, მადლობა. 

- აი ჩაიც :) :) კიდევ რამე? 

- არაა, ჯობს რომ არა - მეცინება 

- ისე უყურებდი, ვიფიქრე, რამეს ამატებს მეთქი. 

- მინდა, მაგრამ თან არ მინდა :)

- ასე იცის საღამოს - ეცინება. - აი პიტნის ჩაი დაგამშვიდებს ახლა და ...

- და აღარ მომინდება ტკბილი, ხო? :)

ორივე ვიცინით, კარგ საღამოს ვუსურვებთ ერთმანეთს. გამოვდივარ და იქვე კაფის ღია ნაწილში ვუჯდები მაგიდას. 

ალბათ მისი ტოლი შვილი შეიძლებოდა, მყოლოდა, ის კი, ის აშკარად თავის ასაკისად აღმიქვამს. არასოდეს აღმიქვამს მისი მომართვა ფამილარულად ან უზრდელურად. უფრო - შინაურულად. ოღონდ ახლა რატომ გადაწყვიტა, რომ დამშვიდება მჭირდებოდა, არ ვიცი :)) თუმცა, პიტნის ჩაი იდეალური შემოთავაზება იყო და ნამცხვარი აიღე, რა მოხდაო, რომ არ მითხრა - ესეც მშვენიერი სვლა :)

ლეპტოპი გავხსენი. კიდევ ერთი, ორი, სამი ნაცნობი. საღამო მშვიდობის... მიყვარს აქაურობა. ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაც ცხოვრებაში მიმიღია და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ადამიანს, რომელიც ისეთი ნაწილი აღარ არის ჩემი ცხოვრების, როგორიც იყო, მაგრამ მადლიერი სულ დავრჩები მისი.

- - -- - - - -- - -- -

ეს რეალურად დასასრული იყო. პოსტი კი .. პოსტი სულ სხვა დროს და სხვანაირად დაიწერა. მისი წერა დაიწყო დილით, სარკის წინ, თავში, დრაფტად. მოკლედ, აი, პოსტიც:

აქედან კარგი ვოდეო ბლოგი გამოვიდოდა. ანუ ვლოგი. მაგრამ მე არ ვწერ ვლოგებს. არც ვლოგი მწერს თვითონ. არა და მსგავსი იდეა ჯერ კიდევ მანამდე მქონდა, სანამ ვლოგების ეპოქა დაიწყებოდა. მაგრამ ეს პოსტი ამაზე არ არის. და რაზეა? პრინციპში, არც არაფერზე კონკრეტულად. ან კონკრეტულად ჩემზე. შენზე. ყველაზე, ვინც რამე თავისას იპოვის აქ.

ძალიან აუჩქარებელი და მშვიდი დღე გამომივიდა. თან ბევრი რაღაც მოვასწარი: გამოძინებაც, ვარჯიშიც, საუზმეც, მეგობრის ნახვა და საუბარიც, სახლში მოსვლა და სამუშაო გეგმის შედგენაც, ChatGPT-თვის დიდი დავალების მიცემაც და წასასვლელად მომზადებაც. და ეს ყველაფერი ისე, რომ საათზე დახედვაც კი არ დამჭირვებია, არც აჩქარება და წამოხტომა, გაქცევა სადმე.  

ჩემი სამუშაო დღე ნაწილობრივ ახლა იწყება. სარკეში ყურებისას დავიწყე თავში ამ დრაფტის წერა. ამ ფერების შეხამება დიდი ხანია თვალებში მაქვს, თავში მიტრიალებს, ხოდა ჩავიცვი და სანამ ჩემ მინიმალიატურ მაკიაჟს (ვიღაცას ალბათ სასაცილოდაც არ ეყოფა, ტუშს და ტუჩსაცხს მაკიაჟს რომ ვეძახი) ვიკეთებდი, თავში ერთი ფრაზა ამომიტივტივდა, დღეს დილით რომ მითხრა ერთმა ადამიანმა და მაქედან დაიწყო ბლოგიც, თუ პოსტი, თუ რაც ჰქვია.  სუპერ გოგოს ტყუილად კი არ გეძახიო - აი ეს იყო ინსპირაციული ფრაზა, რომელმაც პოსტის წერა დამაწყებინა. ხო, ეს არც პირველად მომისმენია და იმედია, არც უკანასკნელად. თუმცა, ყველა მოსმენაზე მსიამოვნებს. ადრე, აი ის, წინა ცისია, ალბათ "დაიმორცხვებდა", უფ, კაი რა, რა სუპერო, იტყოდა და ცოტა გაწითლდებოდა კიდეც. ახლანდელმა კი ... ახლანდელმა  ამჯერადაც ძალიანაც მშვიდად, მაგრამ მადლიერებით მიიღო კომპლიმენტი, ალბათ იმიტომ, რომ იცის, კი, ეს ასეა. იცის თქმის გარეშეც. თუმცა, მაინც ყოველთვის სიამოვნებს მოსმენა. და რა კარგია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც იციან, სიტყვას მნიშვნელობა აქვს, და ძალაც. და არ ენანებათ, გითხრან სიტყვები, რომლებსაც ეს ძალა გააჩნიათ … შენთვისაც.

ხოდა მაგაზე დავფიქრდი. არა, არ გეგონოთ, თავში ამივარდა. უბრალოდ, გავიაზრე, რომ მართალია. ზუსტადაც რომ. 

სხვათა შორის, სუპერ გოგოები რაღაც სუპერ ძალებსაც ფლობენ. ოღონდ არა ისეთს, კომიქსებსა და ფილმებში რომ არის. სხვანაირ ჯადოსნობას. ხოდა ხდება ხანდახან, რომ დროსა და სივრცეში ისეთ ადამიანებს ეკვეთებიან, რომლებიც ამჩნევენ ამ ჯადოსნობას, რომლებზეც ეს ძალა მოქმედებს .... გადაიკვეთებიან ხან დროულად, ხან არასწორ დროს ... ხო, ასე ვიტყოდი - ზოგს უმართლებს და პოულობს სუპერ გოგოს, ზოგს არ უმართლებს და - კარგავს, ზოგი - ჯერ კიდევ გზად, შანსს კარგავს, ზოგიც - აღმოაჩენს. 

კი, მე სუპერ გოგო ვარ. ზოგმა ისეთი რამაც აღმოაჩინა ჩემში, მე თვითონაც რომ არ მქონდა ბოლომდე გააზრებული და თან დამარიგა, იცოდე, ის სხვაც, ჩემი შემდგომი,  თვითონ უნდა მიხვდეს, შენ არ უთხრაო და სხვანაირთან არც დაიჭირო საქმეო. ეგრე სად არის ...   

თვალის კუთხით რაღაც მოძრაობა შევნიშნე ჩემ გვერდით. დავიხედე - შავი ფისო იყო, აი ზუსტად ისეთი, მეტას ემოჯი რომ არის. დავწერდი, ძალიან სიმბოლური იყო მეთქი, მაგრამ ალბათ გაუგებარი იქნება. ვისთვისაც გასაგები იქნებოდა, იმ ადამიანამდე ეს პოსტი, დიდი ალბათობით, არ მიაღწვს. აი იმამდე, რომ არ გაუმართლა 😁 ან იქნებ უბრალოდ მე გამიმართლა. სარკეს ხომ ორი მხარე აქვს. და მეორე მხარეს სწორედ ეს დავინახე - მე გამიმართლა. 

ერთ ადამიანს ვუთხარი ერთხელ, უფრო სწორად - ვკითხე, არც ისე დიდი ხნის წინ (თუმცა, გააჩნია ვისთვის რას ნიშნავს დიდი ხანი) - ვიბრძოლო მეთქი შენთვის? არ მიბრძოლია. უბრალოდ მივიღე რეალობა. რატომ ვკითხე? ალბათ მივხვდი, თვითონ ძალა არ ეყოფოდა. მხოლოდ სურვილი კი ვერ გადასძლევდა მოცემულობას. ზოგს ძალა არ ჰყოფნის, ზოგს რესურსი, ზოგს გამბედაობა, ზოგს საჭირო თვისებები. მე რა არ მეყო? ალბათ იყო ჩემში რაღაც ძალიან კონსერვატიული, რომელმაც ჩათვალა, რომ ეს ბრძოლა მეორე მხარის საქმე იყო. ან იქნებ მეც არ მეყო ძალა? ან იქნებ შემეშინდა, ბრძოლას ჯადოსნობა არ დაეზიანებინა?  

მივხვდი, საერთოდ არ მინდა, ბრძოლა მიწევდეს. არა, არ ვარ ინერტული, უბრალოდ ჩემი სიმშვიდე  რაღაცეების მარტივად გაშვებას და რაღაცეების მიღებას ამჯობინებს და ხანდახან ამ მიღებაში უფრო იშლება ჯადოსნობა. მაგრამ, რამდენი ხანი გაძლებს ჰაერში მოლივლივე ჯადოსნობა? სულ? ეყოფა მოყანყალე საყრდენი, ხანდახან რომ ვუყუდებთ? თუ ჯადოსნობა რისი ჯადოსნობაა, რამე სჭირდებოდეს? იქნებ სწორად ეს უსაყრდენობა აძლევდეს ფრენის ძალას? იქნებ სუპერ გოგოს label ინარჩუნებდეს მის ლივლივს ჰაერში? Supergirls ხომ just fly. ხოდა იქნებ სხვა არაჯადოსნობების პარალელურად იარსებოს მართლა სულ? ხელშესახები, რეალური არაჯადოსნობების პარალელურად ....  

საინტერესოა, ბოლო აბზაცი ბოდვას ჰგავს? 😊

ამასობაში მოსაღამოვდა. დღის განმავლობაში ხუთ ნაწილად, ხან ქუჩაში, ხან გაჩერებაზე, ტრანსპორტში და ხანაც აუდიტორიაში დაწერილი პოსტიც სრულდება. ხო, უნდა დავასრულო,  თორემ ასე გაუთავებლად შეიძლება, ვწერო. მოგვიანებით, სახლში რომ მივალ, ნოუთებიდან ბლოგზე გადავიტან, თუ არ დამეზარა, გადავხედავ და ორთოგრაფიულ შეცდომებს გავასწორებ. და გავაზიარებ 😊 

- - -- - - - -- - -- -

მოგვიანებით, სახლში მისულმა ტანსაცმელი უცებ გამოვიცვალე, ხელჩანთა დავდე, ლეპტოპის ჩანთა ისევ მხარზე გადავიკიდე და ეზოში / უბანში ჩამოვედი ჩემ ერთ-ერთ საყვარელ საცხობ-კაფეში დასაჯდომად  და პოსტის ბლოგზე გადმოსატანად. "შტოში"-ს წინ გარეთ მდგომ მაგიდებთან არავინ იჯდა. ყოველი შემთხვევისთვის ერთ-ერთ მაგიდაზე სათვალე დავდე, რომ ადგილი დამეკავებინა და  ჩაის შესაკვეთად შევედი. 

- საღამო მშვიდობის - გულითადი ღიმილით შემხვდა კონსულტანტი გოგონა, რომელიც ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მცნობს. 

....

Comments

Anonymous said…
ადამიანი ვინც ბრედბერის ძენი და წერის ხელოვნებას გაჩუქებს, უნდა იცოდე რომ უყვარხარ. მინიმუმ პატივს მაინც გცემს და კი ასეთი გოგო მართლა სუპერ გოგოა. უფრო მეტიც, მე ისევე როგორც შენ, გავხდით ელექტრონული ყვავილები.
ჰიპერ აქტიური გრძნობები..  როგორიც არის დაუძლეველი სურვილი.. გაიგო რატომ ხარ აქ..
სუნთქავ' გიყვარს' გენატრება' .. და მომენატალურად ხვდები' რომ უფრთო პეპლების ევოლუციაა სამყაროს ილუზიური წარმოსახვა.. უმცირესი ნაწილაკების რევოლუციის მონაპოვარი.  და სიყვარული რომელსაც შეიძლება ვერასდროს ეზიარო როგორც ნათლობას იორდანეში, მაინც განიცდი ისე, როგორც გემრიელი ჩაის გემოს და სურნელს.

Popular posts from this blog

flickr-ზე გაჭირვება მანახე და ბლოგზე გაქცევას/გამოსავალს განახებო

მერე რა, რომ

პოსტი - მთვრალი ალუბალი :))))))))