გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს

"კვლავ თავგზას მიბნევს სუფთა ფურცელი". არა და, მინდა, ვწერო. "გინდა წერო? უნდა წერო!" "წერე!" და კიდევ რამდენი სლოგანი მომიწოდებს. თემები თითქოს ბევრია. დამიგროვდა. მაგრამ დომხალიც არ მინდა გამომივიდეს. არა და, იმაზეც ვერ ვყალიბდები რა და საიდან დავიწყო. 

ბოლო რამდენიმე დღეა (და სულ რამდენიმე დღეა ისედაც, რაც ჩამოვედი. ანუ 1 კვირაა), პრიმიტიულ საშობაო ფილმებს ვუყურებ. არ იფიქროთ, რომ ზოგადად საშობაო ფილმებზე მაქვს ასეთი წარმოდგენა. არა, მართლა ასეთ ფილმებს ვუყურებ. ჰოლივუდურსაც კი არა. ჰოლმარკის. არ ვიცი, პირველად რა და რატომ, ან როგორ მოვძებნე, მაგრამ რომ დავამთავრე და მერე მეორეც მსგავსი დავიწყე, შევყევი და ვეღარ გავჩერდი. ოღონდ სრულიად გააზრებული მაქვს ბოლომდე, რას ვაკეთებ. იცით როგორი ფილმებია? - აი მარტივ ჰოლივუდურ მელოდრამებში მთავარი გმირის საუკეთესო მეგობრების როლს რომ ასრულებენ, ისინი არიან აქ მთავარ როლებში. არა, ვაჭარბებ. ამ მეგობრების მეგობრები. თითქოს პაროდიაა ჰოლივუდურ ფილმებზე, იმდენად პრიმიტიულია. პაროდიაც არ არის, არა. საკურსო ნამუშევრებია. მაგრამ ვუყურებ. ზოგ შემთხვევაში ვფიქრობდი, იდეა ისეთია, ნორმალურ რეჟისორს რომ მოეკიდებინა ხელი, კარგი ჰოლივუდური მელოდრამა გამოვიდოდა, აი საშობაოდ რომ დაჯდები და გაღიმებული უყურებ. თუ სენტიმენტალური ხარ, შეიძლება ცრემლიც კი გადმოგვარდეს. თუ გაიფიქრეთ, რომ გული ამიჩუყდა ამ ფილმებზე, მინდა გითხრათ, რომ შეცდით...

ხო, ამინდიც ისეთია. გარეთ გასვლის სურვილს გიკარგავს კაცს/ქალს. როგორც ზაფხულის მერე, ახლაც გადაღლილი ჩამოვედი. ამჯერად მართლა არ მქონია შვებულება, რასაც ჰქვია. მაგრამ ძალიან ნაყოფიერად გავატარე ის 2 კვირა და ასე თუ ისე სოციალურადაც ვიაქტიურე და დავიმუხტე, როგორც მოვახერხე. ხოდა დავბრუნდი ისევ გადაღლილი, კმაყოფილი და ისევ 9 საათზე ვწვებოდი, ამჯერად მხოლოდ პირველი 2 დღე. 

დაღლა და დატვირთვა არც აქ მაკლია. რაღაც მომენტში უკვე იმას ვფიქრობდი, როდემდე გავქაჩავ მეთქი ნეტავ. მერე ვხვდები, რომ მაინც ჩქარა გადის დრო და პრინციპში, მომწონს, აქ დატვირთული რომ ვარ. რაც მაკლია, იმას მივსებს ალბათ და დანაკლისზე საფიქრალად არ მრჩება დრო. თან მართლა მალე გადის ყოველი 3 თვე. ამას წინათ მეუბნებოდა თბილისში ერთი მეგობარი, თითქოს არც ხარ იქ გადაცხოვრებულიო. მეც ასეთი შეგრძნება მაქვს. რადგან ხშირად, მინიმუმ 3 თვეში ერთხელ ჩამოვდივარ, ზამთარში - 2 კვირით, ზაფხულში - 3 თვით... შესაბამისად, არ მაქვს შეგრძნება, რომ მოწყვეტილი ვარ მაქაურობას და სადღაც ვარ გადაკარგული. თან სიახლოვის მომენტიც არის. მოკლედ, ეს ყველაფერი ქმნის იმ ერთობლიობას, რომ არ მიჭირს. მაგრამ, მაინც, არასოდეს მექნება აქ ის, რაც მაქვს თბილისში. და რაღაც მხრივ ეს მიხარია. იმიტომ, რომ მენატრება და ორმაგად ვაფასებ იმ ყველაფერს, რაც მაქვს და რაც შეიძლება თავისთავადი არც არის. 

ამ ჩამოსვლაზე კი უკვე სულ იმაზე მეფიქრება, რომ უკვე ჩემი ბინა მაქვს. ყველაზე მეტად ის მინდა, ზაფხულში ჩამოსულმა, შევძლო იქ ცხოვრება და მხოლოდ მერე გავაქირაო, სექტემბრიდან. სავარაუდო გეგმა ასეთია - დავბრუნდე ივნისის ბოლოს, ან ივლისის შუა რიცხვებში, შევცხოვრდე ახალ გარემონტებულ ბინაში, სექტემბრიდან, ან ოქტომბრიდან ისევ წამოვიდე ბაქოში 1 სასწავლო წლით, ამ პერიოდში გავაქირაო ბინა, მერე დავბრუნდე და საბოლოოდ დავცხოვრდე ჩემ საკუთარ ბინაში :) ეს აზრი მაბედნიერებს. 

შვებულების ორი კვირაც ამას დავუთმე, სარემონტო სამუშაოების დაჩქარებულ დაწყებას და ყველაფრის ყიდვა - მოგვარებას, რაც მე მეხებოდა და უშუალოდ ჩემ ჩარევას საჭიროებდა. ყველა დავაკვალიანე, გზაზე დავაყენე, ვეცადე, არავინ შემეწუხებინა, ყველაფრისთვის მარტო გამერთმია თავი, ჩემი ხელოსნებითურთ. ჯიქია-ქავთარაძე-ელიავა-დიღომი - ეს ტრაექტორია ვთელე და ბოლოს მშვიდად წამოვედი ბაქოში.

აჰა, მეგონა, ვერაფერს დავწერდი და ისევ შერეული და შეიძლება აბდა-უბდა გამომივიდა. 

რა უცნაურია, თბილისში საღამოს აქტიურ ცხოვრებას როცა ვიწყებ, ამ დროს აქ დასაძინებლად ვემზადები. იქ სულ სადღაც მიმიწევს გული. აქ - ერთი სული მაქვს სახლში როდის მოვალ ხოლმე სამსახურიდან და აღარაფერს გავაკეთებ. ეს აღარაფერი ძირითადად ფილმების ყურებაა, კითხვა, ხანდახან - საჭმელების კეთება (რაც მშვენიერი განტვირთვის საშუალება აღმოჩნდა). კვირაში ორჯერ, თუ საშინელი ამინდი არ არის, ისევ "დავრბივართ" ბულვარზე ჩვენი ინტერნაციონალური "სასტავი", რომელიც ნელ-ნელა შეთხელდა და მალე სულ დაიშლება. დავრბივართ არა, უფრო დავდივართ და მერე სადმე, ან ვინმესთან ვსხდებით და ღვინოს და ლუდს ვწრუპავთ. ნელ-ნელა შეთხელდა მეთქი ვთქვი - იმ კვირაში ერთს ვემშვიდობებით, გაზაფხულზე - მეორეს, ზაფხულში კიდევ 2 წავა და ასე... ბოლოს მარტო დავრჩები. 

საბედნიეროდ, თბილისისგან რადიკალურად განსხვავებული რეალობა არ მაშინებს. ან შეიძლება ზუსტად ეს მომწონს, ორი სრულიად სხვადასხვანაირი ცხოვრება რომ მაქვს. ადრეც შემიდარებია ჩემი თავი დემი მურის გმირისთვის ფილმიდან "Passion of Mind". მაშინდელი ორმაგი ცხოვრება (კვირაში 3 დღე სხვა სამსახური და 3 დღე - სხვა) რას მოვა ახლანდელთან :) მაშინ ამას ვერც წარმოვიდგენდი. ვისაც არ გახსოვთ, დემი მურის გმირი ორ რეალობაში ცხოვრობს. აქედან ერთი - სიზმარია, ოღონდ თვითონ ვერ ხვდება, რომელი. ორივეში სრულფასოვანი ცხოვრება აქვს. ჩემ შემთხვევაში კი ვიცი, რომ არც ერთი მესიზმრება.

"გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა. გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს". კი, მთელი დღე წვიმს. მაგრამ ადრე აღარ არის. ჯობს, დავიძინო. რატომ გამახსენდა ამ პოსტის წერის დროს ოთარ ჭილაძე, თან ორჯერ, არ ვიცი. განწყობას შეესაბამებოდა, ეტყობა. 

ხო, ზუსტად 2 წლის წინ 13 იანვარს ჩამოვედი აქ პირველად. საცდელი 1 თვით. მთლიანობაში 2 წელი არ მაქვს ბაქოში გატარებული, მაგრამ სათქმელად ასე უფრო ადვილია - მესამე წელია, აქ ვარ. მართლა რა სწრაფად გადის დრო...

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..