strangers in the... life

მაშ ასე, ოდესმე ამაზე უნდა დამეწერა. ყოველთვის ასე ვფიქრობდი, რომ ოდესმე დავწერდი და ალბათ ეს ოდესმე დადგა. ან დადგა ის ოდესმე, როცა ვიწყებ მაინც ამაზე წერას. არ მგონია, ერთი ამოსუნთქვით და ერთ ჯერზე დაჯდომით ამოიწუროს თემა და თხრობა.

ამასობაში ანტრეში ე.წ. perfect stranger შემოვიდა. რა თემატურია. და რა საინტერესოა გემოვნება და როდის ვის რა თვალზე შეხედავ. ვიღაცას შეიძლება ამ ტიპისთვის სულ არ შეეხედა. ან შეეხედა და რაღაც არადადებითი ეთქვა. მე თვალში მომხვდა. თავი რომ ავწიე, დახლთან ახალგაზრდა ქალი და ეს კაცი იდგნენ. ძალიან ახლოს არა, მაგრამ ორივე ნამცხვრებიან ვიტრინას ათვალიერებდა და თავიდან ვიფიქრე, ერთად არიან მეთქი. ამასთან ისიც გავიფიქრე, რომ ძალიან შეუსაბამო წყვილია. არა, სიმაღლე არაფერ შუაში იყო. რა მნიშვნელობა აქვს, რომ მამაკაცი ბევრად მაღალი იყო. როგორც წესი, მაინც ასე ხდება ხოლმე. არა, უბრალოდ ვიფიქრე, რატომ მოეწონა ამას ეს ქალი მეთქი. მერე ჩემ თავს შემოვუძახე, შენ ვინ გეკითხება, რა სნობიზმიამეთქი. ადრე ალბათ უფრო "მკაცრად" განვიხილავდი ასეთ რაღაცეებს. უფრო "შეუბრალებელი" ვიყავი. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ 1. ჩემი საქმე არ არის, 2. გემოვნებას ვერაფერს გაუგებ (მიუხედავად იმისა, რომ კი, ყველაზე სადაო თემაა, მაგრამ მაინც არ დაობენ, რადგან არანაირი აზრი არ აქვს) და 3. არ შეიძლება ასე მარტივად განსჯა ადამიანების და დასკვნების გამოტანა. 
მოკლედ, დრომ თავისი ქნა. არ დამიწყოთ ახლა ასაკიო და ა.შ. უბრალოდ ამ ასაკთან ერთად გამოცდილება გვემატება, ვსწავლობთ რაღაცეებს, მათ შორის ურთიერთობებსაც, ვიხვეწებით და ა.შ. თუმცა, ყველაზე არ ვრცელდება ეს ამბავი. მართლა არ ვრცელდება. ყველა არ / ვერ ვითარდება. ზოგს იქნებ არც უნდა ეს. 

არა, ფლირტის ხელოვნებას აშკარად ვერ ვფლობ სათანადოდ. ყოველ შემთხვევაში, საწყის ეტაპზე და უცხო ადამიანთან. აბა ნაცნობთან და მეგობართან ფლირტი რაღააო, იტყვით. ამას არ ვგულისხმობდი. ჩემი საქმეა საპასუხო ნაბიჯების გადადგა. ეს - კი, შემიძლია მთავრია დაიწყოს. ოღონდ მე არ, იმან უნდა დაიწყოს. მერე "მეხსნება" :)) ყოველ შემთხვევაში ლაივში ასეა. 

მოკლედ, ეს "წყვილი" წყვილი არ აღმოჩნდა. ერთად ერთი, რაც მოვახერხე, პირდაპირ შევხედე ამ ტიპს თვალებში, ორჯერ! აუფ! დიადი გმირობა ჩავიდინე. მაგრამ გაღიმება ვერ მოვახერხე. ალბათ იმიტომ, რომ იმის მხრიდან ვერ ვიგრძენი მომენტალური დაინტერესება. რა მოთხოვნებია, ომგ :) მაგრამ რა ვქნა. ხოდა ისიც ადგა და სადღაც ჩემ უკან, ჩემ ზურს უკან დაიკავა ადგილი. ეჭვი მეპარება, ქართული იცოდეს, მით უმეტეს ასეთ მანძილზე კითხვა. ასე რომ, რომც ხედავდეს ახლა ჩემი კომპის გახსნილ ეკრანს, სავარაუდოდ ვერაფერს გაიგებს, გარდა იმისა, რომ რაღაცას ძალიან სწრაფად და შთაგონენულად ვწერ. ასევე ვერაფერს გაიგებს აქ მყოფი საზოგადოების 100%, დარწმუნებული ვარ :) ქართული სახეები დღეს აქ არ ჩანს. ე.წ. ქართველების შეკრების ადგილას, 28 მაისის ანტრეში... სადაც მე იშვიათაც მოვდივარ. 

იმხელა შესავალი გამოდის, ვატყობ, ყველაფერზე დავწერ იმის გარდა, რის დაწერასაც, ყოველ შემთხვევაში რისი წერის დაწყებასაც ვაპირებდი. მაგრამ არა უშავს. ზოგადად ეს პროცესი ისე მსიამოვნებს.. :) მუსიკა - კარგი, ფონური, ცოტა საახალწლო, თითქოს ძველი ფილმებიდან. გარემო - კარგი (ცუდია, ახლოს რომ არ მაქვს ეს ანტრე და უფრო ხშირად ვერ ვახერხებ მოსვლას. უცებ ადგომას და შემორბენას). კარგად იჯდომება ჩაით, წინ გაშლილი ლეპტოპით. ფანჯარაზე ჯერ კიდევ თეთრი ნაძვის გირჩებიანი ტოტებია და ნათურები ციმციმებს. მიყვარს ისეთ ადგილას ჯდომა, თან ფანჯრიდან გახედვა რომ შეიძლება. ვზივარ მაღალ მაგიდასთან, მაღალ სკამზე, რომელიც ტრიალებს. პერიოდულად ვწყვეტ წერას და საზურგეს ვაწვები. ფანჯარაში ვიხედები, ტელეფონს ვიღებ და მესიჯებს ვპასუხობ, დაწერილს თვალს ვავლებ, ან უბრალოდ ვფიქრობ. სასწაულები ხდება? ნასმოტრელას რაჟდენსტვენსკიხ ფილმოვ. 

ხო, ამ ტიპს თეთრი ბოტასები აცვია. რა მოხდა მერე, ხო? აი რაღაცნაირი თეთრი ბოტასები. ცუდად მომხვდა თვალში. ბოლომდე მაინც ვერ დავამარცხე ჩემში ზემოთაღნიშნული არც ისე კარგი თვისება, რომელიც, პრინციპში, შეიძლება შენი ნაწილი იყოს და არ იყოს საჭირო, ბოლომდე მოერიო. გაფილტვრა ხანდახან საჭიროა რაღაცეების და ეს - გეხმარება. 

ნუ, ამ ტიპზე ეს ყველაფერი ნახევ ხუმრობით იყო, ცხადია. არც ისე perfect იყო, სიტყვის მასალად ვიხმარე უბრალოდ. 

ისე, რაც შეეხება ფლირტს და გამბედაობას, ერთი ძალიან სასაცილო ამბავი მახსენდება ჩემი ცხოვრებიდან. რაც ჩემი ცოტა არანორმალურობის დამადასტურებლად შეიძლება გამოდგეს და ზემოთ რაც დავწერე, იმით შექმნილი მცდარი შთაბეჭდილება სულ გაგიბათილოთ. არ მონია, ბევრი ასეთ ცოტა არანორმალურ მაგრამ მოსაგონრად ძალიან სახალისო ამბავზე წასულიყო. იმ ამბავს მთეი რამდენიმე პოსტი მივუძღვენი. მოვლენების მიმდინარეობასთან ერთად ვწერდი, როგორც მახსოვს. დავლინკავ აქვე. იმ ამბიდან არაფერი გამოვიდა, არც გამოვიდოდა და პრინციპში, სწორიც იყო და კარგიც, ასე რომ მოხდა :)) მაგრამ მაშინ ძალიან გავერთე, არა მარტო მე, ჩემი მეგობრებიც, რომლებიც თვალს ადევნებდნენ ამ ამბებს და დღესაც ძალიან ვხალისობთ. მოკლედ, შეგიძლიათ წაიკითხოთ და ძალიან ბუნდოვნად თუ მიწერია და თუ ახლობელი ხართ და დაინტერესედებით, შემიძლია გაგანდოთ მეტი დეტალი და ყველაზე მთავარი - იმ perfect stranger (მაშინ მართლა ასე მიმაჩნდა მგონი და დღეს გულით მეცინება ამაზე) ვინაობა. სავარაუდოდ გეცოდინებათ :) ესეც უცნობის შესახებ პირველი პოსტის ლინკი. დანარჩენ პოსტებზე ეტაპობრივად შეძლებთ იქვე მითითებული ლინკებით გადასვლას. ან თეგი "უცნობი" იპოვეთ და ოთხივე პოსტს ამოგიგდებთ. ახლა გადავიკითე ზუსტად და ძალიან ვიხალისე, რაღაც დეტალები აღარც მხსომებია :)

ამ ხნის განმავლობაში პარალელურად მგონი ვფიქრობდი ფლირტზე და ბოლოს დავასკვენი, რომ რატომაც არა, ალბათ შემიძლია. ოღონდ ჩემებურად და ელემენტარულ დონეზე. რაღაც დეტალებში გამოხატული გაპრანჭვა :))) კარგით, მოკლედ არ გვინდა ახლა ამის ჩაღრმავება. 

დახლთან ისევ ხალხი ტრიალებს. ნახშირივით შავი პური. უფრო სწორად ნახშირის პური. საინტერესოა, ტრენდულობის გამო ჭამენ თუ მართლა თვლიან, რომ გემრიელლია და/ან სასარგებლო? რეალურად არ გამომიკვლევია მისი თვისებები და მგონი ერთხელ გავსინჯე. არანარი განსაკუთრებული შეფასების გაკეთება არ შემიძლია. არც ცუდის და არც კარგის. აქაურობა მაინც უფრო გარემოს და კონცეფციის გამო მიყვარს მგონი ამასობაში. აქაც და თბილისშიც. და ბრენდის ერთგულების სინდრომი მაქვს კიდევ, ალბათ :)) ხო, რაც ამათი მართლა მომწონს, კექსია. ალუბლის ან ფორთოხლის. სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ ვაშლის და სტაფილოსი აქვთ დარჩენილი. wie uncool. არა და როგორი ტრენდულია სტაფილოს ნამცხვრები... არ შემიძლია ეს ბოცვერობა და ყურცქვიტობა, რა ვქნა :)

რამდენი დამიწერია ამასობაში. პირველ აბზაცში წამოწყებულ თემას, რა თქმა უნდა, გადავუხვიე. ჩანაფიქრი რაც იყო, იმას აუცილებლად მივუბრუნდები, ოღონდ მერე. ფორმატი ჯერ არ ვიცი. თვითონ შემომეწერება ალბათ. 

როგორ ვარ? კარგად. კარგად ვარ. ოღონდ ხანდახან, განსაკუთრებით დასვენების დღეებში და მოცალეობის ჟამს, საღამოობით, მწყურია ხოლმე: стакан газировки მაკლია.
განსაკუთრებით ასეთ დროს... стакан газировки ჩემი მეგობრების სახით...



Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..