გატეხილი გულის სინდრომი და კიდევ რაღაცეები ყველაფრის და არაფრის შესახებ

 დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვები წამალს მიიღებენ.

პერსეოპოლისის ავტორი "გატეხილი გულის სინდრომით" გარდაიცვალა.

ეს - გლობალური მოვლენები ...

გატეხილი გულის სინდრომი ფიზიოლოგიური მოვლენაც რომ ყოფილა, 5 წუთის წინ სალომე ასათიანის პოსტიდან შევიტყე. 

მანამდე კინოში მივდიოდი ღია ცის ქვეშ. ავტობუსით ერთი გაჩერება გავიარე 22-დან და ჩამოვედი. უკან ამოვბრუნდი. და საბოლოოდ ჩემ ეზოში აღმოვჩნდი. შტოშში, წინ ბეზეს და ყავის რულეტით და უკოფეინო ყავით. ძალიან დიდი ხანია, ნამცხვარი არც მიყიდია და არც გამომიცხია. და საერთოდ, ტკბილს ფაქტობრივად აღარ ვჭამ. არა, თავს არ ვიგვემ. უბრალოდ ნელ-ნელა თვითონ მოხდა ასე და არც მინდებოდა. ახლა მომინდა. კონკრეტული ნამცხვარი ანტრეში, რომელიც დიდი ხანია, მინდა გავსინჯო და რამდენჯერაც მაგ მიზნით მივედი, იმდენჯერ აღარ ჰქონდათ. არც დღეს. ამიტომ ალტერნატიულად აქ მოვედი და ჩემი უსაყვარლესი რულეტი ავიღე, რომელსაც ბოლო 2 კვირა ძალიან გულგრილად ვუვლიდი გვერდს და ვერც კი წარმომედგინა, როგორ უნდა მეჭამა. დღეს წარმოვიდგინე. 

მანამდე ისევ ავტობუსში ვიყავი. სახლისკენ მოვდიოდი და მივხვდი, რომ ძალიან მომინდა რაღაც კონკრეტულის გამოცხობა, დამოუკიდებლად იმისგან, შევჭამდი თუ არა. ამ ნამცხვართან ზაფხულის და დასვენების ასოციაცია მაქვს. 

ფილმთანაც მქონდა ასოციაცია როგორც ჩანს. იმიტომაც გადავიფიქრე წასვლა და გამოვბრუნდი.

კი, ეს ყველაფერი ერთმანეთთან არაფერ შუაშია. ეს ყველაფერი უბრალოდ ფიქრების ნაკადია. ცნობიერების ნაკადის მიმდინარეობის გაგრძელების მცდელობა. არა, არანაირი მცდელობა არ არის, უბრალოდ მოდის ეს ნაკადი და ეს არის სულ. 

ორი წუთის წინ ვნახე, რაღაც საინტერესეო შეხვედრაა შვეიცარიაში. მეც მაგ დიდი სისტემის ნაწილი ვარ. მაგრამ ვცხოვროვ საქართველოში და უი, უცებ 27 ივნისს იქ ვერ აღმოვჩნდები. 

კიდევ - შვეიცარიიდან მომწერეს, ძალიან მოგვეწონა თქვენი სივი და მონაცემები, სად ცხოვრობთო ...

კიდევ  - მიუნხენიდან მომწერეს. ივნისის შუა რიცხვებიდან გეცლებათო? 

ორივეს მივწერე, სადაც ვცხოვრობ. ერთმა უარი მითხრა თავაზიანად, მეორეს ჯერ არ უპასუხია ...

პერიოდულად იბადებოდა იდეები თავში, დაწერა მინდოდა. მერე ქრებოდა. არა, კი არ ქრებოდა, არ ვჯდებოდი საწერად და სადღაც ილექებოდა, ან განწყობა ქრებოდა. ასეა სულ. 

ახლა დავიჭირე. რა მნიშვნელობა აქვს, რას ვწერ. კი, კვირას კარგი რაღაცეების წერა მინდოდა, განსაკუთრებულად კარგი იყო ეს უიქენდი განწყობის და განწყობით მოტანილი და მოზიდული პატარ-პატარა მოვლენების მხრივ. გჯერათ, რომ თქვენი პოზიტიური განწყობა შესაბამის ადამიანებს იზიდავს? და შესაბამის მოვლენებსაც? არა? დაიჯერეთ :)

ამასობაში ცოტა ხნით გავწყვიტე წერა. მეგობარს რაღაც ტექსტის დარედაქირებაში დავეხმარე უცებ (მოდი არ დავკონკრეტდები, რა) და ისევ მოვუბრუნდი წერას. და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორ მიყვარს .... წერა :)

სამაგიეროდ ეს პოსტი არ დამირედაქტირებია, არც დამიკორექტირებია. რაც არის - ეგ არის. პირდაპირ დავპოსტავ და მერეღა გადავავლებ თვალს.

ისეთი შეგრძნება მაქვს, რაღაც ძალიან ღრმას მხოლოდ ზედაპირულად ვეხები, ზემოდან რაც ყრია თუ დევს, იმას ვიღებ და გადმოვცემ და თითქოს ჩამჩას არ ვყოფ შიგნით, რომ სიღრმიდნა ამოვიღო. 

გატეხილი გულის სინდრომი ... გული თურმე ,მართლაც იცვლის ფორმას ამ დროს. შეიძლება - სამუდამოდ, შეიძლება, დროებით. როგორ უნდა გიყვარდეს ადამიანი, როგორი ნაწილი უნდა იყოს ის შენი, რომ მისი წასვლა ვერ გადაიტანო და შენც გაყვე ... 

საინტერესოა, ოდესმე უცვლია ჩემ გულს ფორმა? და თქვენსას?


Comments

Popular posts from this blog

თერთმეტი წუ .. კი არა და თერთმეტი ფიქრი ან ფიფქი :)

In a Sentimental Mood

ჩანაწერი კატის ბლოკნოტიდან