მთვარის ასული 18 წლის შემდეგ
რას წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მთვარის ასული მე ვიქნებოდი.
ძალიან უბრალო და ძალიან მაგარი მოთხრობა აქვს რევაზ ინანიშვილს, "მთვარის ასული". ისეთივე მარტივი და ამავდროულად გენიალური, როგორც ბევრი სხვა დანარჩენი, სადაც რეალურად თითქოს არაფერი ხდება, და ამავდროულად სულ რაღაც ორ-სამ გევრდზე ადამიან(ებ)ის მთელ ბედს და ცხოვრებას ატევს. და ყველაფერს კითხულობ, კითხულობ იმაზე ბევრად მეტს, ვიდრე იმ ორ-სამ გვერდზე წერია.
სახლში მოსულმა ნელა მოვიხსენი ბეჭედი, საათი, სამაჯური. მერე პიჯაკი დავკიდე საკიდზე, მაისური და შარვალი უბრალოდ სკამზე მივაგდე საძინებელში, კარგად ათქვეფილი გოგლიმოგლისფერი კაბა გადავიცვი და საღამოს რიტუალს - ჩემი და ჩემი მცენარეების ურთიერთობას შევუდექი.
ახ, მანამდე ცოტა უნდა გადავახვიო. ეზოში ჩემი ფისო დამხვდა. ჩემი - ძალიან ხმამაღალი განაცხადია. მთელი ჩვენი კორპუსი და შეიძლება გვერდზე კორპუსიც კვებავს. და პრინციპში, როგორც ერთმა ადამიანმა მითხრა, მონები ხართ მისიო. ხოდა კარგი, ჩემი ბატონი ფისო შემხვდა :) წავედით ერთად და მის კუთხეს დავხედეთ. საჭმელი არ ედო. 5 წუთის წინ ნიკორაში ნაყიდი ბერძნული ულაქტოზო იოგურტი იქვე გავხსენი და ხელის მოჭერით გადმოვუსხი ჩემივე ნაყიდ ჯამში. მაგრამ არ მიკარებია, იქვე სიახლოვეს ღამე გააქტიურებული ძაღლის ყეფამ დააფრთხო სავარაუდოდ. სამაგიეროდ მე მქონდა შევუფერხებივარ ამას. ამოვედი, მაცივრიდან წყალი გამოვიღე და ჩავუტანე, რომ ცივი წყალი ჰქონოდა, სანამ ხვალ მზე დააჭერდა და ძალიან გაუთბობდა.
მერე კი ამოვედი და გამოცვლას შევუდექი. მერე - მცენარეები, მერე - ღამის რუტინა. და აი ამ მოძრაობებში და სიმშვიდეში ამოვიცანი ... თუმცა, პირველად არა. აქამდეც მქონია ეს შეგრძნება. როცა სახლში საღამოს მოვსულვარ, ვახშამი გამიშლია, ცოტა ალკოჰოლიც დამისხამს ... ჩემთან კატაც არის. მცენარეებიც. კიდევ არის რაღაცეები და ვიღაცეები, მაგრამ ... მაგრამ მაინც მთვარის ასული მახსენდება.
ცოტა კიდევ უფრო უკან რომ გადავახვიო. სახლისკენ მომავალს აზრზე არ ვარ საიდან, გამახსენდა სიმღერა "თუთის ხესთან...". არც ის მახსოვდა, ვინ მღეროდა, არც ის, მართლა ასე ერქვა სიმღერას თუ არა, მაგრამ რა უნდა ამის მოძებნას. დაუძლეველი სურვილი მქონდა, მემღერა. მოვძებნე. ჩავრთე ყურსასმენებში, ამასობაში ავტობუსიც მოვიდა. თითქმის ცარიელი. ვფიქრობ, ზომაზე უფრო ხმამაღლა ავყევი სიმღერას :))
და მერე როგორც ხდება ხოლმე, კლიპში რომ წარმოგიდგენია თავი. ხო, რა ბანალურობაა, არა? მაგრამ ასეა. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს გქონიათ ასეთი ფანტაზია ან წარმოდგენები. პრინციპში, რომ დავფიქრდე, არანაირ კლიპში არ მეგონა თავი. ძალიან რეალური და ხელშესახები სიტუაცია წარმომიდგა თვალწინ. ამ სიმღერის ფონად. ძალიან კონკრეტული ადამიანებით. ძალიან კონკრეტული აივანი, გიტარა, ადამიანი, რომელიც უკრავს და მღერის, ჩემი თავიც, რომელიც ჯერ ჩუმად და მერე უკვე თამამად აჰყვება სიმღერაში. და სხვებიც. და მანამდე, სანამ ხმამაღლა ავყვები, დანარჩენების სიჩუმე და მხოლოდ მზერის გაცვლა. და უბრალოდ ის, რომ მე ვიცი და შენ იცი და კიდევ მესამემ იცის. მეოთხემ - არა. კიდე ვინ არის იქ - არ ვიცი. ამდენი არ დამინახავს.
იქნებ სწორად ეს არის პარალელლური ცხოვრება, რომლითაც შეიძლება ცხოვრობ. ან შენი მეორე ვერსია ცხოვრობს ამ ცხოვრებას. იქნებ მოუხდენელი მოვლენების, აუსრულებელი სურვილების და "გამაზული" მომენტებისგან შედგება პარალელური ცხოვრება?
მთვარის ასულის ცხოვრება კი პარალელური არ აღმოჩნდა, წიგნიდან რეალობაში გადმოინაცვლა. თუ წიგნიდან შეიძლება რეალობაში გადმოსვლა, პარალელური სამყაროდანაც შეიძლება, ესე იგი.
პ.ს. დავგუგლე, იქნებ ციფრულად ვიპოვო მეთქი და ვიპოვე 1. ბუკინისტების საიტი, სადაც ზუსტად ის კრებული იყიდება, რომელიც ასე მიყვარდა და ვინ იცის, რამდენჯერ მაქვს გადაკითხული. კრებულის სახელიც "მთვარის ასული" ყოფილა. და 2. ჩემი ბლოგის ერთ-ერთი ჩანაწერი, სადაც ძალიან მოკლე ამონარიდი მიდევს. დათარიღებული 2008 (!) წლის 18 იანვრით. მთელი 18 წლის წინანდელი. სულ სხვა მოვლენები. სულ სხვა განწყობები. სულ სხვა ამბები. სულ სხვა დრო.
... (ნაწყვეტი)დაისხამს ღვინოს, ოდნავ ასწევს მაღლა - За дураков! - მოსვამს ცოტას. დადგამს. ისევ ჭამს. ცოტა ხანში ისევ აიღებს ჭიქას, რაღაცის თქმას აპირებს, გადაიფიქრებს, ისე მოსვამს...
რ. ინანიშვილი
Comments