რასაც ვერ ავცდებ(ოდ)ი

მართალი ხართ, გამოიცანით! რას და კორონავირუსის ხსენებას. ახალი კორონავირუსის ხსენებას. COVID19-ის ხსენებას...

თემა, რომელსაც უბრალოდ ვერ აუვლი გვერდს ვერც საუბარში და სამწუხაროდ, ვერც ფიქრებში. ხან ხუმრობით, ხან - სერიოზულად. 

გადავხედე ჩემ ვოლს და 2011 წლიდან გავიძახი ხან "სიყვარული ღორის გრიპის დროს", ხან "სიყვარული ებოლას დროს". დადგა მესამე ჟამი - "სიყვარული კორონას დროს". 

მთელი აბზაცი დავწერე და წავშალე. მივხვდი, ბლოგზეც ამაზე რომ ვწერო, სულ არ მინდა. ფბ-ზე ნახევრად ხუმრობით დაწერილი სტატუსებიც საკმარისია. და პირადი მიმოწერებიც. 

დღეს დასვენების დღეა. რადგან გუშინდელი 8 მარტი კვირას დაემთხვა, 9-ში გადმოიტანეს დასვენება და რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ჩვენც დაგვასვენეს. ხოდა მთელი 2 დღეა, ან თითქმის 2,5 დღეA (!), ვისვენებ. ასეთი რამ იშვიათად ხდება ჩემ სამსახურში, რადგან შაბათს ვმუშაობ. ხანდახან კარგი ყოფილა. 

საბედნიეროდ ეს ორივე დღე მზიანია. ბევრს დავბოდიალობ ბულვარზე. მზის სხივებს ვისრუტავ. დამლაგებელი მოვიყვანე, რომ სრულად შემეგრძნო დასვენება. სადილიც კი არ გამიკეთებია, გარეთ ვჭამ. მოკლედ, ყველანაირად ამოვვარდი რეჟიმიდან :)

გეგმა დღეს სხვანაირი მქონდა: მებოდიალა და მერე წავსულიყავი ლეპტოპით კაფეში, რომელიც ძალიან დიდი ხანია, შეთვალიერებული მაქვს და ვერა და ვერ შევაღწიე. არა და რამდენჯერ ავუარე და ჩავუარე. მინდა შევიდე ლეპტოპით და იქ ვწერო. გარედან მომწონს. რეალურად წიგნის ცენტრია შიგნით კაფით. ანუ ბიბლუსის კონცეფციაა. მართალია, მეგობარმა მითხრა, ყავა ჰქონდათ საშინელიო, მაგრამ დამიდასტურა, რომ გარემო კარგია და მშვიდად თუ გინდა ჯდომა და წერა, მით უმეტეს - მუშაობა, იდეალურიაო.

ხოდა გეგმაზე ვამბობდი: ლეპტოპაკიდებული გავედი სახლიდან. სიარულის მერე უნდა დავმჯდარიყავი იქ და ყავით, ან ჩაით ხელდამშვენებულს საქმიანი, უფრო სწორად სამოტივაციო წერილი დამეწერა იქაურ სიმშვიდეში. მაგრამ იმდენი ვიარე და ბოლოს ისე მომშივდა, მივხვდი, იქ შესვლა არ მაწყობდა. გადავედი მოპირდაპირე მხარეს და ერთ-ერთ ამოჩემებულ კვების ობიექტში შევედი - ვაპიანოში. მიხსენებია ადრეც. იტალიური სამზარეულოა, ოღონდ რეალურად - გერმანული ქსელი. კარგი კონცეფციით, კარგი გარემოთი, სწრაფი, გემრიელი და ხელმისაწვდომი. მივირთვი ლაზანია. სანამ გაკეთდებოდა, მაგიდა გავწმინდე, დანა-ჩანგალიც მივაყოლე. აღებული ჭიქა გვერდზე გადავდე და პირდაპირ ბოთლიდან დავლიე წყალი...  მოკლედ... 

გამოვედი და ახლა წავალ ყავაზე-ჩაიზე მეთქი. მერე დავფიქრდი, რომ იქ, შეიძლება, ჭიქები არ იყოს კარგად გარეცხილი. ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა კაფეში, იმასაც მივხვდი, რომ ახლა სამოტივაციოს წერის ხასიათზე არ ვიყავი და ლეპტოპს როგორც კი გავხსნიდი, ბლოგზე შემოვიდოდი. გარდა ამისა, ისეთი განწყობა მაქვს, რომ მზიან დღეს. დღისით უნდა შევიდე იქ და ფანჯარასთან მდგომ ერთ-ერთ მაგიდასთან დავჯდე. ხოდა დღეც იწურებოდა, მზეც ჩადიოდა, მამალი ყიოდა და დრო გადიოდა...*(1)

ავიღე გეზი სტარბაქსისკენ. გარედანვე დავინახე, ფანჯარასთან - ჩემ საყვარელ მაგიდასთან თავისუფალი იყო ადგილი. თან 1-ზე მეტი. შევედი. ხალხმრავლობა. რაღაცნაირად ცოტა სიბნელეც მეჩვენა. და არ ვიცი, რა განწყობა მოიტანა, მაგრამ პირველად არ მომინდა იქ დარჩენა. გამოვედი უკან. გამახსენდა რომ სტარბაქსში განსაკუთრებით ზამთარში, სიცივეში და საღამოს მიყვარს ჯდომა. და ეს ყველაფერი კი გაზაფხულის მზიანი დღის ბოლოს დიდად არ უხდებოდა. ვერ ვიტყვი, რომ იქ ზამთრამდე არ დავბრუნდები, მაგრამ დღეს არ იყო მაქაურობის დღე აშკარად. სხვა დროს. 

ანტრეში წამოვედი. ერთჯერადი ჭიქები. ქეში თუ არ მექნება - მობილურის აპლიკაციით გადახდის საშუალება. მეტი სინათლე. მოკლედ, დაე, მშობლიურმა ანტრემ მიხსნას მეთქი და მიხსნა კიდეც. 

თუმცა, აქაც ხალხმრავლობაა. და საკმაოდ ხმაურიც. ვამბობ, ამ ხალხს ფეხებზე ჰკიდია კორონა მეთქი. იმ დღეს მეგობართან ერთად რაღაც რესტორანს ჩავუარეთ. შეიხედა და განაცხადა - მგონი რესტორნებში სიარულს კი არ მოუკლეს, პირიქით, ჭამას მოუმატესო. 

შორიახლოს მჯდომი ქალების ყაყანი (მართლა ყაყანებენ) ცოტა არ იყოს ხელს მიშლის უკვე. და სანამ ნერვებსაც მომიშლის, მივხვდი, რაც უნდა ვქნა. ჩემი უზარმაზარი - მიმინოს ყურსასმენები ავიღე და მუსიკა ჩავრთე საკმაოდ მაღალ ხმაზე. მოვწყდი გარემოს. ახლა არც აქაური მუსიკა მესმის (თუმცა - ცუდი არ იყო) და არც გარშემომყოფების ზომაზე ხმამაღალი საუბარი. 


ტკბილის ჭამა სულ არ მინდოდა. კაკალს შევჭამდი მხოლოდ, მაგრამ არ ჰქონდათ. ვიტრინაში ამ წითელმა არსებამ მაინც მიმიზიდა. ვიფიქრე, "წითელი ხავერდი" იქნება და როგორც იქნა, გავსინჯავ მეთქი, მაგრამ რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ტირამისუ აღმოჩნდა. მაინც ავიღე. ხოდა ვაგემოვნებ ნელ-ნელა და ვსვამ ჩაის ერთჯერადი ჭიქით. ინტერნეტის პაროლიც მოვიპოვე. მოკლედ, საბოლოო ჯამში კარგი გადაწყვეტილება აღმოჩნდა.

სამოტივაციო წერილს რაც შეეხება - მომიწევს სახლში დაწერა. ახალი სამსახური? არა, სამსახურისთვის არ არის. სხვა რაღაცისთვის... ჯერ-ჯერობით კარგად ვარ აქ. ზოგჯერ ვფიქრობ, რით დავიმსახურე, ასეთ საოცარ კმაყოფილებას რომ მანიჭებს მეთქი ჩემი საქმე, ისეთს, რომ ხანდახან შუა საქმისას ვგრძნობ - ბედნიერებაა ასეთი რამის პოვნა... ან იქნებ დავიმსახურე? :) 

კარგი, აქვე ჩანართს გავაკეთებ და ვიტყვი, რამე ძალიან კარგის შემოთავაზებას თუ აპირებთ, მაგალითად გერმანიის საელჩოში გარანტირებულ ცხოვრებისვადიან სამსახურს, უარს არ ვიტყვი, წამოვალ მაშინვე :)) 

ისევ ვერ შევძელი, კვირის განმავლობაში დრაფტების გაკეთება მაინც. თავში კი მქონდა, მაგრამ სავარაუდოდ ვადა აქვს და გარკვეული დროის შემდეგ wetransfer-ზე ატვირთული ფაილებივით იშლება და მავიწყდება... არა და ვფიქრობდი, რომ ამ პოსტისთვის "კადრები", ან რამე მსგავსი უნდა დამერქმია და წინა დღეებში (თუ ბოლო 2 კვირაში? დიდი ხანია, მგონი, არ დამიწერია არაფერი) დაგროვილი კადრები უნდა გადმომეცა. ერთმანეთთან თითქმის არანაირ კავშირში მყოფი. მაგრამ არა უშავს. იქნებ შემდეგ პოსტში მოვუყარო თავი. 

ამასობაში ხალხი შემომეცალა. ნახევარზე მეტი წავიდა. ხმაური სავარაუდოდ აღარ არის. და ყავის საოცარი სურნელი დატრიალდა. საინტერესოა, ის ხალხი უშლიდა ხელს ამ სურნელის მეორე სართულზე ამოღწევას? 
რეკლამებში არომატს რომ მიჰყვებიან მოჯადოებულები, დაახლოებით ასე ვგრძნობ თავს. მზად ვარ, ავდგე და თვალებდახუჭული გავყვე ამ სურნელს :) გავყვებოდი კიდეც, საღამოს ყავის დალევა ასე გამომაფხიზლებლად რომ არ მოქმედებდეს ჩემზე :(

ამ ფიქრებში, წერაში და მუსიკაში ჩართულს ვიღაც ახალგაზრდა გოგო მომადგა ტელეფონით. ეტყობა მიხვდა, ინტერნეტში რომ ვიყავი შემძვრალი და ღიმილით და აზერბაიჯანულად მთხოვა, ინტერნეტის პაროლი ხომ არ იცითო. მოკლედ, მე თვითონ შევუყვანე და მე - çox sağ ol, ხოლო მან - ჩემი ბლოგის ბოლოს მოხსენება დავიმსახურეთ :) ცოტა ხნის შემდეგ, ისევ გართულს - ოი, ცისია, კაკ ძელა - და ნაცნობი :)

აი ესეთი ელემენტარული ურთიერთობებიც კი საჭიროა ხანდახან.  ესეც სოციალიზაციის ნაწილია: უბრალოდ სხვაგან ჭამა, გარშემო ხალხი, თუნდაც უცხო ხალხი, უბრალოდ მზერის, ან ღიმილის გაცვლა. ხანდახან საჭირო და სასიამოვნოა, ვიღაც შემთხვევით ადამიანს 1 წუთით ისევ აგრძნობინო, რომ ისევ ფორმაშია და შეიძლება - სასურველიც კი, ოღონდ ისე, რომ პრობლემა არ შეუქმნა ;)

მოკლედ, დიდი იმედი მაქვს, იზოლაციაში ყოფნა არც ცხოვრების ამ და არც სხვა რამე ეტაპზე მომიწევს. და არ დამიწყოთ ახლა, რას დადიხარ ამ კაფეებშიო. დღეს გარეთ რომ გამოვედი, მართალი გითხრათ, უბრალოდ გავლას და მერე უკან დაბრუნებას ვაპირებდი. ეტყობა, ვირუსის შესახებ ინტერნეტში წაკითხულმა ინფორმაციებმა ასე თუ ისე იმოქმედა. მაგრამ გავედი თუ არა ეზოდან, შემეხო თუ არა მზე, მივხვდი, რომ ვსუნთქავ და რა ბედნიერებაა, გარეთ გასვლის საშუალება. წრე დავარტყი სახლს, ავედი უკან, ლეპტოპი ავიღე და ისევ გამოვედი. რადგან ვიცოდი, საღამომდე აღარ შევიდოდი უკან და ყველა საშუალებას გამოვიყენებდი ამისთვის :))

ხომ ვამბობ, კლავიატურას თითები როგორც კი ეხება, კონტროლს ვკარგავ მეთქი მათზე. თვითონ იწყებენ წერას. კორტასარს აქვს მგონი რაღაც მოთხრობა. ან იქნებ მეშლება და კორტასარს არა? მოკლედ, თითების ცალკე ცხოვრებაზეა, ოღონდ იქ მოქმედება მეტროს ვაგონიდან იწყება. ეს ისე, პროზაულ-ლირიული გადახვევა.
იმის თქმა მინდოდა, რომ წერაც არანორმალურად დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მთლიანად პროცესი და მისი დასრულების შემდეგ კიდევ უფრო კარგად ვგრძნობ თავს. power of the publish button ... :)



*(1) აი, ამ პასაჟზე ვისაც გაგეცინათ, ან გაგეღიმათ მაინც, მადლობა, რომ არსებობთ ჩემ ცხოვრებაში :)

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..