Easy Donnerstag ნაშუადღევს დაწყებული წერილი

ეს კაფე რამდენი ხანია გაიხსნა ჩვენ ეზოში? ნუ, თუ გავითვალისწინებთ, რომ მესამე (?) წელია აქ ვცხოვრობ, ალბათ 1 წელი, არც კი. მოკლედ, შედარებით ახალია. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საკონდიტროს (რომლის "მედოკსაც" დიდი წვლილი აქვს ჩემი წონის მატებაში შეტანილი) მფლობელმა გახსნა. გარეთ სულ რაღაც 2 მაგიდა დგას და სულ მეგონა, შიგნით ფაქტობრივად არ იქნებოდა ადგილი, ან იქაც მაქსიმუმ 2 მაგიდა იდგებოდა. როცა არ უნდა ჩამევლო, რა თქმა უნდა, ძირითადად იქ მსხდომ რუსებს ვხედავდი ხოლმე, რაც ალბათ მთავარი მიზეზი იყო, რატომაც არ მიზიდავდა იქაურობა. 

დღეს რაღაცნაირად თავისუფალი დღე მაქვს. უფრო სწორად დღის პირველი ნახევარი. საერთოდ, რაღაც ეტაპზე რომ გავიაზრე, ასე არ შეიძლება საკუთარი თავის ექსპლუატაცია, რაზეც წინა წერილში ვილაპარაკე კიდეც, რომ სტრესს არ უნდა გაანადგურებინო მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა და მას მერე, რაც რაღაცეები გადავიაზრე, აშკარად უკეთესობისკენ წავიდა საქმე. აქამდე უეცრად გამოჩენილი თავისუფალი დროისთვის რომ არ ვიცოდი, რა მექნა და მეგონა, რამეს ვაშავებდი და აუცილებლად უნდა მემუშავა, ან მემეცადინა, ახლა ასე აღარ ვუყურებ. მართალია, ჯერ-ჯერობით შაბათს და კვირასაც მიწევს მუშაობა და ან მეცადინეობა და კვირის განმავლობაში ხანდახან ღამის 1 საათამდეც ვზივარ ლეპტოპთან და ვმეცადინეობ, ხან კი საღამოს 10-ის წუთებამდე გაკვეთილები მაქვს, მაინც ვახერხებ, რომ ასეთი დღეებით, დილებით და ნაშუადღევებით დავაკომპენსირო და შევირგო. 

ხოდა, მოკლედ, გუშინ და დღეს ასე გამოვიდა ზუსტად. დღეს დილით სალონში ვიყავი. იქიდან სწრაფად მივქანდი სახლში მშობლებთან, რადგან ჩემ სახლში მისვლას ვერ მოვასწრებდი და ჩავერთე გაკვეთილზე სტუდენტს. მერე რაღაც საქმის მოგვარებას დავუთმე ნახევარი შუადღე. ზოგიერთი ადამიანის მუშაობის სტილი მაგიჟებს. არ გპასუხობენ არც მოწერილზე, არც დარეკილზე. როდესღაც რომ გახვალ კონტაქტზე და გააგებინებ, რა გინდა, ამის მერე კიდევ მილიონჯერ გჭირდება ყველა საკომუნიკაციო საშუალებით შეხსენება, გადამოწმება. მოკლედ, ეს სხვა რაღაცეების პარალელურად მოვაგვარე. გაკვეთილის მერე სახლისკენ წამოვედი, გზადაგზა გეგმა დავსახე, სად მესაუზმა. არაჩვეულებრივი ამინდი იყო, დრო მქონდა და მინდოდა, გამომეყენებინა ჩემთვის სასარგებლოდ. ხოდა გადავწყვიტე, "ნიბლესთვის" მიმეცა შანსი. სახლში ავედი, დავტოვე ზურგჩანთა სავარჯიშო ნივთებით, მეორე ზურგჩანთაში ლეპტოპი ჩავიდე და ჩამოვედი. გარეთ მაგიდები დაკავებული იყო, ამიტომ შიგნით შემოვიხედე და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი: ძალიან საყვარელი, ე.წ. "ქოზი" გარემო დამხვდა. 7 პატარა მაგიდა, თითქმის ყველასთან შტეფსელი და რამდენიმე მაგიდასთან მჯდომი ადამიანი, თითქმის ყველა ნოუთბუქით. მეც განვთავსდი, ყავა და ბენედიქტი შევუკვეთე და ლეპტოპი გავხსენი, რომ მცირე სამუშაო ბარემ დამემთავრებინა - პრეზენტაცია, რომელზეც იდეაში 3 კაცს ერთად უნდა გვემუშავა, მაგრამ რომელიც ფაქტობრივად მარტომ გავაკეთე, რადგან მერჩევნა, სხვაზე არ ვყოფილიყავი დამოკიდებული. ზუსტად ვიცოდი, რომ მეცადა, გაიწელებოდა, ვინერვიულებდი, უფრო მეტ დროს დავკარგავდი და ბოლო წამში მომიწევდა რაღაცეების კეთება, რაც საშინლად არ მიყვარს. მე კი გამოვიყენე დრო, რომელიც მქონდა, რესურსი და მასალა, რაც უკვე გამაჩნდა და ფაქტობრივად დასრულებული ავუტვირთე, რომ გადაეხედათ, შენიშვნები შეეტანათ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და თავისი ნაწილი შეევსოთ. ამ ყველაფრის დასრულება საუზმემდე და საუზმის მერე მოვახერხე. ახლა კი ვზივარ, სანამ გავალ უკვე გაგრილებულ ყავას შევექცევი (შემიძლია მთელი დღე ვსვა ასე) და ბარემ ვწერ. იმასაც ვფიქრობდი, სანამ დრო მაქვს, იქნებ ველოთიც გავიქროლო ეზოში მეთქი. ვნახოთ, რომ ავალ სახლში, რა დრო იქნება და რისი სურვილი მექნება. 

მოკლედ, საუზმემაც და გარემომაც გაამართლა. მართალია, ახალი მიმტანი ცოტა დაბნეული იყო, ეტყობა ნერვიულობდა, ამერიკანოს ნაცვლად კაპუჩინო მომიტანეს, რაც მე თვითონ გვიან შევნიშნე, მას მერე, რაც თვითონ მკითხეს, გამოგიცვალოთო? ხელი არ მქონდა ჯერ დაკარებული და გამახსენდა, რომ დავხედე, კი ვიფიქრე, ასეთი ქაფიანი ამერიკანო საიდან მეთქი :) მოკლედ, საბოლოო ჯამში აქ ჯდომაც და საუზმეც ძალიან გემრიელი აღმოჩნდა. და რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე - მუსიკა ძალიან კარგ ხმაზე, ფონად და ისეთი, როგორიც ასეთ კაფეებს უხდება და მიყვარს. ლაითი ჯაზი, არა ტვინის წამღები, არა პრეტენზიული, სასიამოვნო და დახვეწილი. 

საოცარი ამინდია გარეთ ჯერ კიდევ. თუმცა, დილით ადრე გასული გრძობ, მალე უკვე აცივდება. დილას სუსხი შეიპარა ჰაერში. მოკლე სახელოებიანი მაისურებით აღარ გამოვდივარ. 

კიდევ რამე მინდოდა, მეთქვა? არ მახსოვს. ა, ხო, გუშინ ღამე კინოში ვიყავი მეგობართან ერთად. ადგილები მხოლოდ ცალ-ცალკე იყო დარჩენილი და ვისხედით დარბაზის სხვადასხვა ბოლოში. სკორსეზეს ახალ ფილმზე. რაღაც მომენტში მომწერა, მგონი ძალიან გრძელიაო. დავძებნე და ... 3 საათი და 26 წუთი... თან 10 საათიან სეანსზე ვიყავით მისულები საღამოს. 7, 8 საათიანზე ოკ იქნებოდა, აი 10 საათიანზე... მაგრამ ჩვენდა გასაკვირად მაყურებელთა დიდმა ნაწილმა და ჩვენც ბოლომდე გავძელით. გავძელით რა, გვაინტერესებდა, საინტერესო იყო, კარგად გაკეთებული და ამიტომ. ჩემ აქეთ - იქით მჯდომი წყვილი დაახლოებით ფილმის შუა ნაწილიდან გავიდა. ერთ-ერთმა ბიჭმა კარგად გამოიძინა, მისი დარდი არ მექნება. ხოდა გათავისუფლებულ ადგილები უკვე ორივემ ავითვისეთ. ჩემი შთაბეჭდილება ასეთი იყო - ტარანტინო + ვუდი ალენი = სკორსეზეს :) ფილმი კარგია საკმაოდ. მიუხედავად დიდი ქრონომეტრაჟისა, ნახვა ღირს ნამდვილად. 

და კიდევ ასეთი დასკვნა გავაკეთე: როცა ძალიან გასუქდი, მაგრამ დი კაპრიო ხარ და გკიდია :D

ახლა კი მგონი მართლა ჯობს, ავდგე. იქნებ მოვასწრო ცოტა სპორტული აქტივობაც, გაკვეთილის დაწყებამდე. დღის მეორე ნახევარი დატვირთული მაქვს, 5-დან 9-მდე მაქვს ჰოსტპიტაცია, შეხვედრა, გაკვეთილი...

მაგრამ სამაგიეროდ დასვენებულ-დამუხტული ვხვდები დღის მეორე ნახევრას. ხვალ დილით კი, ხვალ აღარ გავაცდენ იოგას :)

ხო, იოგას გაცდენას რაც შეეხება - თითქოს სამყარომ იცის, რომ გავაცდინე და არ მიხარია ეს: რაღაც სტატიას ვეძებდი გერმანულ გვერდზე. ლინკი არააქტიური აღმოჩნდა და სანაცვლოდ რა შემომთავაზა: რას იტყვი, ხის პოზაზე და ცოტა ღრმა სუთქვაზეო? :)) და ნახატი, სადაც რამდენიმე ქალი და კაცი ხის პოზის 2-3 ვარიაციაში იდგა :D რაღაც არსებობს მეთქი, ვიფიქრე, სტატიის ძებნას შევეშვი და ჩემ საყვარელ ხის პოზაში დავდექი რამდენიმე წუთი. სულ მავიწყდება, დავძებნო და ვნახო, რა დატვირთვა აქვს და რაზე მოქმედებს კარგად. იქნებ მივხვდე, რატომ მომწონს ასე :)

....... ........ ....... ....... ........

ველოსიპედს ჯერ საბურავები შევუმოწმე, ისევ ხომ არ დაეშვა მეთქი. ბოლოს სახელოსნოში რომ მყავდა, შევამოწმებინე, გავასწორებინ-შევაკეთებინე რაღაცეები და თან დარიგებაც მივიღე, მოვლა უნდაო, მგონი მას მერე მიდგას ასე. რამდენიმე თვეა, არ დავმჯდარვარ. არ ვიცი, რატომ, უფრო სწორად, ალბათ ვიცი - დროს ვერ ვპოულობდი :/ 

ახლა კი მგონი ზუსტად შესაბამისი ამინდებია. სანამ აცივდება. ხოდა მოვაჯექი და ნახევარი საათი ვიარე ეზოში. ყურსასმენები მეკეთა და არც თუ ისე დიდი ხნის წინ აღმოჩენილ პოდკასტების სერიას ვუსმენდი - რადიო თავისუფლების პოდკასტი - ამერიკული მოთხრობა. შეიძლება ითქვას, შემოდგომის აღმოჩენაა ჩემთვის. უამრავი საინტერესო მწერალი აღმომაჩენინა (რომელთა სახელებიც, რა თქმა უნდა არ დამიმახსოვრებია) და უამრავი ახალი მოთხრობა მოვისმინე, ზოგი ჩემი საყვარელი მწერლებისაც კი, რომლებიც არ მქონდა წაკითხული. ის ჯერ არ გამირკვევია, გრძელდება თუ არა პროექტი. არა და ამასობაში, მგონი ყველაფერი მოვისმინე, რაც სპოთიფაიზე დევს. ხო, მანდ აღმოვაჩინე შემთხვევით. აუდიო წიგნები საერთოდ ჩემი საყვარელი მეგზური გახდა და ვფიქრობ, უნდა მოგეწონოს. მოკლედ, ჩემი რეკომენდაცია ამ პოდკასტს. დეტალები - თავად შეგიძლია ნახო. 

ხოდა ბუკოვსკის ერთი მოთხრობა თავისი შესავალი საუბრით და შემდგომი განხილვით ეყო ჩემ ნახევარ საათიან ველო სეირნობას. არც ისე ნელს, სხვათა შორის :)


.... ...... ....... ...... 

დღეს კი უკვე კვირაა. ეს პოსტი მაშინვე რომ არ დავდე, დარჩა დრაფტად. ეს შაბათ - კვირა სრულიად განსხვავდება წინამორბედებისგან. წეღან ვფიქრობდი, რა მაგარია, ორი დღეა ვისვენებ მეთქი. მერე გამახსენდა, რომ გუშინ, ანუ შაბათს, დილის 10-დან 7 საათამდე ვიმუშავე :) უფრო სწორად, დილით გაკვეთილი, მერე გოეთეს ონლაინ შემაჯამებელი შეხვედრა ერთ-ერთი მოდულის დასრულების შემდეგ, შეჯამება და პრეზენტაციები. მერე ცოტა კიდე წავიმეცადინე, რომ ასატვირთი დოკუმენტაცია მომემზადებინა, მერე უნივერსიტეტში წავედი და ორი სემინარ ჩავატარე. და აი 7 საათზე მეგობრებმა რომ გამომიარეს და მეგობართან წავედით, და სახლში რომ არ წამოვედი და მუშაობა/მეცადინეობა რომ არ გავაგრძელე, სრულიად თავისუფლად და ძალიან სასიამოვნოდ რომ განვითარდა შაბათი საღამო, ამან მომცა იმის შეგრძნება, რომ გუშინაც ვისვენებდი :)

დღეს დილით წესით შეხვედრა უნდა მქონოდა მასწავლებელთან/ტუტორთან. რასაც მოჰყვებოდა დღის განმავლობაში მუშაობა/მეცადინეობა. საღამომდე უნდა მოვრჩენილიყავი, რომ მერე მეგობრის დაბადების დღეზე შემძლებოდა წასვლა. მაგრამ ტუტორი არ გამოჩნდა. მივხვდი, რომ არ ეცალა. გვიან გავიღვიძე, გამოვიძინე. სახლი დავალაგე. ისეთი ამინდი იყო, გარეთ გასვლას რომ მოითხოვს. იდეაში, ვფიქრობდი კიდეც, მაგრამ ძლივს გამოჩენილ თავისუფალ დღეს ჩქარ-ჩქარა რაღაცეების კეთება და მოსწრება არ მინდოდა, ამიტომ მივყევი დინებას. ისე დავალაგე სახლი, მე რომ მიყვარს. გადავივლე და ისევ ნიბლეში ჩავედი სასაუზმოდ. სარეცხიც დავრეცხე, ყვავილებს მოვუარე, რაღაც მომენტში თავში რომ გავივლე, აი ის დოკუმენტაცია დავასრულო მეთქი, ის ფიქრი უკუვაგდე და გამორთულ ლეპტოპს გულგრილად ჩავუარე. და აი ახლა, ყველაფერს რომ მოვრჩი და აივანზე, ჯერ კიდევ კარგ ამინდში რომ განვთავსდი და ამას ვწერ, მომწერა კიდეც ტუტორმა. შეხვედრა გადავდეთ. და აი ასე, დღევანდელი დღე მთლიანად ჩემი აღმოჩნდა, რაც დიდი ხანია, არ ყოფილა :) ნუ, სახლი რომ ვალაგე დილიდან, ესეც ჩემი დღის ნაწილია :) ახლა წავედი, თორემ დაბადების დღეზე დამაგვიანდება :))

დანარჩენი - მერე.

ესეც მცირე ფოტო- და ვიდეო-მასალა

პ.ს. კატები ცნობენ თავისიანებს :) 


     
                             





Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..