ჩამოსასხმელი ზაფხული

ზაფხული და წიგნი (ეს უკანასკნელი უკვე მერამდენედ) ერთად დავამთავრე. ზაფხულის წიგნი. ბოლო სიტყვები იყო: ამ სიზმართან ერთად დასრულდა ზაფხულიც... ხოდა აი, ვწევარ მზეზე, აუზი იცლება, ბოლო თუ არა ერთ-ერთი ბოლო შაბათ-კვირაა ასეთი ცხელი და მზიანი ალბათ ამ სეზონზე. შეგრძნება მაქვს, რომ ბოლო წვეთამდე გამოვწურე ზაფხული. მართალია, ბოთლებში ვერ დავაყენე, მაგრამ ფოტოებით და ვიდეოებით შევინახე. ამ ფოტოებს იმ ბოთლებივით გავხედავ ხოლმე მზეზე და გამახსენდება, ის, რაც შეიძლება ისე ამომივარდეს თავიდან.

ეს ჩიტი რაღაც საყვარელ ხმებს გამოსცემს და თვითონაც ძალიან საყვარელია და ლამაზი. თითქმის მთელი ზაფხულია, ვცდილობ, ობიექტივში მოვიქციო, მაგრამ გამირბის. პეპლებს ვიჭერ ობიექტივით და ამ ჩიტს - ვერ :) ხმა მაინც ჩავიწერო, არა?

გუშინდელი საღამო იქვე ეზოში შემწვარი მწვადებით დაიწყო, აქგე, გვერდზე ეზოში. მწვადი, ღვინო, არაჩვეულებრივი ხალხი და გემრიელი ურთიერთობა. მერე ჩვენთან გადმოვინაცვლეთ ჩაიზე და ჩემი გამომცხვარი კექსით, ჩაით და საინტერესო სასმელით განვაგრძეთ, სხვებიც შემოგვიერთდნენ და ისევ ეს გემრიელი ურთიერთობები. 

და დღეს შუადღისას მეორე წრეზე წავედით. განსაკუთრებულად მომზადებულ ყავაზე მიწვევაზე როგორ ვიტყოდით უარს. ხოდა ვისხედით ისევ ეზოში და ისევ საინტერესო საუბრების ფონზე, ჩრდილში ვაგემოვნებდით გულით და გემრიელად მომზადებულ განსაკყთრებულ ყავას. 

ახლა კი, სანამ შემოდგომას ოფიციალურად ძალაში შესულად გამოვაცხადებთ და ქალაქში დავბრუნდებით, ეზოში მიმოვიფანტეთ. ვინ ჰამაკში, ვინ სავარძელში ჩრდილში. მე დავბოდიალობ დაცლილი აუზის პირას საცურაო კოსტიუმით, ხან შეზლონგზე ვწვები, ხან ჩიტის გამოჭერას ვცდილობ. ცხელა საკმაოდ, მზეა, მაგრამ თან უბერავს. თან იმ შემოთავაზებაზე ვფიქრობ, გუშინ რომ მივიღე: ჯერ კიდევ დაუცლელ აუზზე ჩასვლაზე და წასვლამდე ცოტა ხანი ცურვაზე. თან გემრიელად ვზივარ. მმ, გუშინ გახსნილ შამპანურს თუ არ გასვლია გაზი, იქნებ ისევ დავლიო. 

რაღაც მთავრდება, დროებით. და რაღაც იწყება. რაღაც დიდი და ახალი. საინტერესო. იმედია, კარგად გამოვა ყველაფერი. იქ, იმ ახალ ადგილას ცივა. იქ ახლა თბილი ქურთუკები აცვიათ. მაგრამ სანამ იქ გადავინაცვლებ, აქაც დადგება ეგ დრო და აღარ მექნება ისეთი მკვეთრი ცვლილების შეგრძნება. ამაზე ახლა მეტს არ დავწერ. 

ხო, ჯობს ავდგე და ბაბუაწვერას ღვინის არა და შამპანურის ბოთლს საცობი ამოვაძრო და ვნახო, თუ დაილევა კიდევ. მერე მოვიფიქრებ, კიდევ გავცურო თუ არა წასვლამდე...  

მერე, ცოტა მერე, ალბათ დავწერ მეტს და აღვწერ ამ ხმებს, რომლებიც ამ ზაფხულს სდევდა თან. ამ რამდენიმე ეტაპიან ზაფხულს, ადრეული დილის სიჩუმეს, შუადღის და საღამოს ჟრიამულის ხმებს, გვიან საღამოს ძროხების ზანზალაკების წკარუნს, ნიავის და მოშრიალე ხეების ხმას, მეზობლის დიდი ვაშლის ხეს, რომელსაც ისე აქვს დახრილი ტოტები, როგორც ზღაპრებში არის ხოლმე აღწერილი, ჩიტს, რომელიც ვერ დავიჭირე ობიქეტივში, "დიდი ბავშვების" ხმაურს, სანდროს დაბოხებულ ხმას და თომას წკრიალა კისკისს, წყალში დგაფუნის ხმებს, აუზში მარტო, ზურგზე ცურვისას წყალთან ოდნავ შეხების ხმას, ჭრიჭინების ხმებს ღამე და დილით მამლის ყივვილს, შენ რომ ზურგზე წევხარ წყალში, მზეს უყურებ სათვალით და ამ დროს შეზლონგზე თომა და მარიამი წვანან და ჯეირანს თამაშობენ, თან საბავშვო სიმღერებს უსმენენ და მსჯელობენ, რომელ ქვეყანაში რა წესებით თამაშობენ "ჯეირანს", სადილის მზადების და ქვაბების თავსახურების ხმებს, ტელევიზორის ოდნავ მოგუდულ ხმას და დანა-ჩანგლის წკარუნს, ეზოში შემოსული მეზობელ-ახლობლების ძახილს და მერე აივანზე გემრიელ საუბრებს, პატარა და დიდ, მშვიდ თუ ხმაურიან თავშეყრებს, იქნებ ოდესმე აღვწერო მთელი ეს იდილია და დავაკონსერვო, რომ მერე, ზამთრის ერთ ცივ დღეს შემოვიხედო და მზე ვიგრძნო, სანამ ისევ გამოანათებს და ისევ აადგაფუნებენ დიდი ბიჭები წყალს, სანამ ხელებში და ფეხებში მოკიდებენ ერთმანეთს ხელს და მოისვრიან აუზში, სანამ ისევ აჭიკჭიკდება უცხო ჩიტი. 

დაცხა. მგონი ჯობს, ჩავიცვა, წავიდე და ცოტა გავცურო. ხვალიდან შემოდგომის შესავალი იწყება..


    

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..

before and after party