წერილები ვენიდან: ნაპოლი. ბაბა. ოცნება მწერლობაზე

ზუსტად თვენახევარი გამომივიდა აქ ყოფნა. უფრო სწორად, ამ თვენახევრიდან 4 დღე ჩეხეთში დავყავი, 4 იტალიაში. 3 დღით წასვლას გერმანიაშიც ვფიქრობდი, მაგრამ აღარ გამოვიდა. ბოლოს უკვე ძალიან მომინდა სახლში. და აი უცებ, ავდექი და გადავწყვიტე, მივდივარ. ლამის მეორე დღის ბილეთი ვიყიდე. 

ისე, ეს მოქნილობა კარგია, კონკრეტულად რამე თარიღზე რომ არ ხარ დამოკიდებული. უბრალოდ, უკვე ისე ვცმუკავდი, როცა გადავწყვიტე, რომ მორჩა, მივდივარ, აღარ მინდოდა რამდენიმე დღე დაცდაც კი. მოკლედ, პარასკევს და ორშაბათს შორის ვარჩევდი და საბოლოოდ სულ სხვა რეისით და ავიაკომპანიით, პირდაპირ თბილისში მივფრინავ ხვალ, კვირას. 

აქ ჩემმა გონებამ რა თქმა უნდა ამოაგდო რაღაც არქივიდან - სასო პავლიაშვილის სიტყვები - მორჩა, თბილისში მინდა! ერთი სოსოსიც ... მაგრამ მე მინდა თბილისში, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ეს სიმშვიდე იქ არ იქნება, შეიძლება მალევე მომენატროს კიდეც. მაგრამ ამ ეტაპზე ის ქაოსი მენატრება, ჩემები მენატრება, მეგობრები მენატრება, ჩემი ბინა მენატრება, ჩემი საწოლი, ჩემი ცხოვრება შინ. 

ამჯერადაც ისე მოხდა, წამოსვლა რომ გადავწყვიტე, ზუსტად მაშინ გამოჩნდა რაღაც საინტერესო. უფრო სწორად, რაც მინდოდა, ის გამოვიდა ნაწილობრივ - საკონსულტაციო შეხვედრაზე დამიბარეს და ძალიან კმაყოფილი წამოვედი. იმდენად მემარტივა უცებ რაღაცეები, ცოტა შემეშინდა კიდეც, ნუთუ უცებ შეიძლება ეს ყველაფერი რეალობად იქცეს? ნუ, მთლად ასე მარტივად არ არის, ცხადია და წინ კიდევ დიდი გზაა, მაგრამ ფაქტობრივად შეუძლებელს ვიყავი შეჭიდებული, მეგონა და შესაძლებელი აღმოჩნდა / გახადეს. ამაზე დეტალურად არ შევჩერდები. ჯერ ადრეა.

რაც აქ ვარ, რამდენჯერ მომინდა უკვე დაწერა. რამდენჯერ მინდოდა იმ წამის განწყობის დაჭერა და გადმოცემა, მაგრამ არა. როგორც ყოველთვის, იმ წამსვე თუ არ ჩავწერე, carpe diem თუ არ ვქმენი, მერე რთულია. ან უნდა ვისწავლო, დავხვეწო წერა და მოვყვე, როგორც იმ წამს იყო. კი, ეს უნდა ვისწავლო.

ახლა ასოციაციურად იტალიაში გადავედი. ვახშამზე ვსხედვართ ნეაპოლის ერთ-ერთ, როგორც ჩანს ადგილობრივებში საკმაოდ პოპულარულ პიცერიაში, რომელიც ძალიან ავთენტური აღმოჩნდა თავისი იქ მოხვედრის გზით. ერთ-ერთი იყო, რომელიც იმ დღეებში დავძებნე შეფასებების მიხედვით და მონიშნული გვქონდა წასასვლელად. უკვე ბოლო საღამო იყო, ეს ლოკალი ჩვენთან საკმაოდ ახლოს მდებარეობდა და ჩვენ კი, იმ საღამოს უკვე დიდად არც გვინდოდა სადმე შორს წასვლა. ასე რომ, იქ მისულებს გარეთ უამრავი ხალხი რომ დაგვხვდა, ამან არ შეგვაშინა. უბრალოდ, ცოტა ხანი გაუგებრობაში ვიყავით. იტალიელი, ცოტა მკვრივი, საინტერესო ვარცხნილობიანი და საკმაოდ ეშხიანი საინტერესო ახალგაზრდა ქალი, რომელიც საოცრად მაგონებდა ერთ ნაცნობს, პერიოდულად გამოდიოდა და რაღაც სახელებს იძახდა. მერე რამდენიმე ადამიანი შეჰყავდა. სანამ მოვიფიქრეთ, რომ შევსულიყავით და გაგვერკვია, ასევე ტურისტმა, არც თუ ისე ახალგაზრდა წყვილმა იქვე გარეთ მდგომ გოგონას ჰკითხა, როგორ ხდებოდა დაჯავშნა და პასუხიც მივიღეთ: შედიხარ, აწერინებ სახელს, ან ნომერს იღებ და მერე გეძახისო. 

ამ წყვილს შევყევი. კაცმა უთხრა, არ დაგვიჯავშნია, მაგრამ ძალიან გვირჩია ჩვენმა ჰოსტმა და იქნებ მიგვიღოთო. ახალგაზრდა ქალმა (მოდი, დავარქვათ სუზანა) მისი სახელი და სტუმრების რაოდენობა ჩაიწერა და ასე ნახევარ საათში მოდითო, დაიბარა. მეც თითქმის იგივე ტექსტით და ღიმილით მივადექი - იგივე სიტუაცია გვაქვს მეთქი. ნახევარი საათიდან ერთ საათამდე - წადით, გაისეირნეთ და მოდითო, მიპასუხა. ჩემი სახელის გამოთქმა ხანდახან საქართველოშიც უჭირთ და ვიფიქრე, ჩემი მეგობრის სახელი უფრო მარტივი იქნება მეთქი და ის ჩავაწერინე. არა და ვერ გავთვალე, იტალიურად ჩემი სახელის თქმა უფრო მარტივი იქნებოდა, ვიდრე თამთასი.

მოკლედ, წავედით. არსად გვეჩქარებოდა, არც ისე გვშიოდა, რომ ვერ მოგვეთმინა და სალაპარაკო კი არ გამოგველეოდა - ის ოთხი დღე არ გავჩუმებულვართ ფაქტობრივად. ნუ, მე კი ვცდილობდი, ნაკლები მელაპარაკა, რადგან ხმა მქონდა სრულიად დაკარგული და საკმაო ძალისხმევად მიჯდებოდა მეტყველება, მაგრამ მთელი წლის უნახავ მეგობარს რომ ხვდები, და მთელი წლის კი არა, ზოგადად ასე მარტო რომ წლებია არ ყოფილხართ, იმ სიტუაციაში რომ აღმოჩნდებით, მოდი და არ ილაპარაკო ბევრი. 

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვიბოდიალეთ, გზად ცნობილი გრაფა მივირთვი, რომლის გაუსინჯავად წამოსვლა არ მინდოდა და დავბრუნდით. ხალხი იმაზე მეტი იყო, ვიდრე მანამდე. ძალიან საინტერესო სიტუაცია. ვიდექით ჩვენც, სხვა რა საქმე ან გზა გვქონდა და ველოდით. რაღაც მომენტში სუზანა გამოვიდა და მასწავლებელივით ამოიკითხა სია. ოღონდ მართლა მასწავლებელივით არა, იტალიურად, ხმამაღლა, ძახილით. სხვები ვარ-ო, ბანს აძლევდნენ. თამთას სახელი ვერ გავიგე, კიდევ კარგი, თვითონ მიხვდა, რომ იმ რაღაც თანხმოვნების და ხმოვნების კომბინაცია მისი სახელი იყო, თორემ ამოგვშლიდა სუზანა სიიდან და სულ წყალში ჩაგვეყრებოდა ეს ლოდინი. 

მოკლედ, რაღაც ხნის მერე ჩვენი დროც მოვიდა და შევედით. მაგიდები - ძალიან ახლო ახლოს. მარცხენა გვერდზე მჯდომი წყვილის ლაპარაკიც გვესმოდა და მათ შორის არსებული ფლუიდებიც მშვენივრად იგრძნობოდა. მარჯვენა გვერდზე მჯდომი შედარებით ასაკოვანი წყვილი კი (აი ისინი, ვისაც შევყევი დასაჯავშნად) ან ისე ხმადაბლა ლაპარაკობდა (თამთამ თქვა, მგონი გერმანელები არიანო), რომ საკუთარი ხმები ძლივს ესმოდათ, ან არ ლაპარაკობდა. 

და აი, დავაგემოვნე კიდევ ერთი ტრადიციული კერძი და ბოლოს მათი ცნობილი ბაბაც დავაყოლე, რომელიც ცალკე აღსანიშნავია, ისე იყო სერვირებული: რომი შპრიცით იყო ჩარჭობილი ცომში და შენ უნდა შეგეყვანა. უგემრიელესი იყო. 

და რატომ წავედი საერთოდ აქ ასოციაციურად? რაღაც ეტაპზე თამთამ მკითხა, შენი პროფესიის გარდა, გიფიქრია, სხვას რას გააკეთებდიო? პირდაპირ პასუხის ნაცვლად, Ich würde von Anfang an meine Brille bei Fielmann kaufen მეთქი, ვუპასუხე. ეს ტექსტი სათვალების საკმაოდ ცნობილი ბრენდის რეკლამაიდან არის, გერმანული, 90-იანებიდან. როცა ჯერ კიდევ ვგიჟდებოდი რეკლამებზე და სხვათა შორის, მაშინ სარეკლამო სფეროში მუშაობზე ვოცნებოდბი. მოკლედ, ძალიან სპეციფიური გადახვევა იყო და კი ჩავსვავ აქვე ლინკს, მაგრამ ალბათ უფრო გერმანულის მცოდნეები იკაიფებთ: Brille: Fielmann.  ხოდა,. რომ დავსერიოზულდი და თემას მივუბრუნდი, არ ვიცი რატომ, მაგრამ თავიდან ვუთხარი, არა, ძალიან მომწონს, რასაც ვაკეთებ და მას შემდეგ, რაც გადავწყვიტე, რომ ეს მინდა, ვაკეთო, აღარ მიფიქრია მეთქი. მერე ისევ ბაბას ჭამა განვაგრძე და ცოტა ხანში თამთას შუა საუბარში გამახსენდა - რას ამბობ, როგორ არა! მიფიქრია კი არა, ეგ არის, რაც ყველაზე მეტად მინდა მეთქი - წამოვიძახე - მწერალი მინდა, ვიყო. არ ვიცი, როგორ მოხდა, რომ იმ წუთასვე არ ამოტივტივდა ეს. შეიძლება, სუფთა პროფესიული თვალსაზრისით შევხედე, როგორც სამუშაოს, და იმიტომ არ ვუპასუხე. და მერე გამახსენდა, რაც ყოველთვის ყველაზე მეტად მინდოდა და მინდა. და იქვე ვთქვი, რომ არც გვიანია და არც ერთი მეორეს უშლის ხელს. ასე რომ ... ჯერ კიდევ უხსოვარ დროს გახსნილი ეს ბლოგი, იმ დროს, როცა სიტყვა ბლოგიც კი ჯერ კიდევ უცხო იყო, იმედია ოდესმე მართლა გახდება საფუძველი ჩემი ოცნების ახდენისა. 

ზუსტად 00:00

ხვალ, ანუ უკვე დღეს, 01 ივნისს, კვირას, 16:10 თვითმფრინავში ვიჯდები და შინისკენ გამოფრენას დაველოდები. რაც მთავარია, იქ ეს არავინ იცის :) ჩემი დეიდაშვილის გარდა, რომელმაც მითხრა, დაგხვდებიო. ხოდა ამას რომ წაიკითხავთ, უკვე თბილისში ვიქნები :)

კიდევ ბევრი რაღაც უნდა დავწერო, კიდევ ბევრი პატარა ამბავი თუ განწყობა უნდა მოვყვე, მათ შორის - ნეაპოლზეც, მაგრამ მოდი, ნაწილ-ნაწილ გავაკეთებ ამას. იყოს ეს პირველი ვირტუალური წერილი ვენიდან. ძალიან შაბლონური სახელია, მაგრამ ამ ეტაპზე დრაფტ სათაურად წავა. 

პ.ს. ცოტა განწყობაც რომ გადმოვცე - ვზივარ ვერანდაზე, მარტო. ფრინველებმაც შეწყვიტეს ხმაური, აქ ღამის ფრინველები არ არიან? აბა, ჩემთან კი დამხვდებიან აივანთან. თბილა. უფრო სწორად დღისით საოცრად ცხელოდა და ახლა ჰუდი და შარვალი მაცვია და საიამოვნოა. ტახტზე ვარ მოკალათებული. სიჩუმეა. ჩემპიონთა ლიგაც დასრულდა. მოპირდაპირე სახლის ფანჯრებშიც ჩააქრეს შუქები. ეს ის სახლია, მე რომ საოცარ განწყობას მიქმნის ხოლმე საღამოობით, დაქანებული ფანჯრებიდან გამოსული შუქით, რამდენადაც ვხედავ, ლამაზი ინტერიერით და ცოტა ჩემი ფანტაზიით ... ვინ იცის, იქნებ ოდესმე შევიხედო ან შევიდე კიდეც შიგნით.

Comments

Popular posts from this blog

☀️

დროოო გადის ძალიან ნელა ... ხან - ჩქარა

ჩანაწერი კატის ბლოკნოტიდან