soul days

ვიცოდი, ზუსტად ვიცოდი, რომ იმ პერიოდში ერთი ჩანაწერი მაინც მექნებოდა გაკეთებული. დაახლოებით განწყობაც ვიცოდი იმ ჩანაწერის. არა და - 7 წლის წინანდელ დროზე ვლაპარაკობ, უფრო სწორად, თითქმის, 7,5 წლის. 

ბოლო დღეებში მახსენდება ის განწყობა რატომღაც. ბაქოში უკვე მესამედ ჩასული. ჯერ სამსახურში არ გავსულვარ, რამდენიმე დღე ტრენინგები მაქვს და იქ დავდივარ. სექტემბერია. აღარ ცხელა ძალიან. სასიამოვნო ამინდია. გარემოც რაღაც ისეთი, რომ არ გაჩქარებს, ნელ-ნელა რომ შეგიძლია გადახვიდე ახალ მოუდზე და ცხოვრების ახალ ეტაპზე. რაღაც პერიოდის მერე ახალ სახლშიც გადავალ, სადაც შემდგომი თითქმის ორი წელი ვიცხოვრებ. მანამდე კი ამ სახლში და ამ დიდ საძინებელში ვატარებ დიდ დროს. საღამოს სახლში დაბრუნება მსიამოვნებს. ამ უზარმაზარ საწოლზე და საოცრად კომფორტულ მატრასზე წამოგორება და კითხვა. მერე ადრე დაძინება. ხან გაღვიძება და ისევ კითხვა. თითქოს ნახევრად სიზმრისეულ სამყაროში ვარ. ნახევრად წიგნისეულში. ზუსტად მახსოვს, მურაკამს ვკითხულობ. რას - ეს ზუსტად არ მახსოვს. მაგრამ აჰა, კიდევ ერთ ჩანაწერს მივაგენი, უკვე ოქტომბრისას. უპატარავეს ჩანაწერს. წიგნი დავამთავრე და ვინმეს მინდა, გადავხედო მაინც, მზერა მაინც გავცვალოთ და თავი დამიქნიოს, მითხრას, რომ ესმის.

რა უცნაურია, ამდენი წლის მერე ისევ ის განწყობა რომ მახსენდება. იგივე რომ მოიტანა ამ ბოლო რამდენიმე დღემ. ამჯერად პირიქით, სახლში დავბრუნდი. სამშობლოშიც და უკვე სახლშიც. 2 კვირაა, ჩამოვედი და რეალურად, ჩემ ბინაში, გარკვეული მიზეზების გამო საბოლოოდ რამდენიმე დღეა, დავბრუნდი და გუშინ კი მართლა საბოლოოდ ამოვლაგდი, დავლაგდი და მოვშნინაურდი. დღეს დილით მზიან ბინაში მაღვიძარის გარეშე გაღვიძებულმა მშვიდად რომ ვისაუზმე და ნელი, მშვიდი დღე გავატარე, უკვე ვიგრძენი, ჰანი, ამ ჰოუმ. 

ჩემი საწოლიც ასეთივე კარგია. ჩემი მატრასიც. და ისევ ისე ძალიან მსიამოვნებს ადრე დაწოლა. კითხვა. ჩაძინება. და უცებ მივხვდი, ისევ იაპონელ ავტორს ვკითხულობ, ოღონდ ამჯერად სრულიად განსხვავებულს. ახლა ივნისია და არა სექტემბერი. და ახლაც რამდენიმე მშვიდი დღე მოვიწყე. ხვალ ორშაბათია. არა მთლად ორშაბათული, მაგრამ მაინც ახლის დასაწყისი ორშაბათი. მანამდე კი ჯერ კიდევ 6 წუთია და წიგნის ბოლო თავი. სიამოვნებას ვიხანგრძლივებ. 

და შემდეგი ასეთი დღეებისთვის კი უკვე შერჩეული მაქვს უფრო სქელტანიანი, დიდი ხანია რომ მეფიქრება და მინდა წაკითხვა, ის წიგნი. ამჯერად რომ ძალიან საინტერესო პოდკასტმა გამახსენა, ის წიგნი. და ხო, ასეთ დღეებში კარგი პოდკასტებიც მისწრებაა. soul foodია ასეთი რაღაცეები და არ უნდა მოიკლო.

Comments

Popular posts from this blog

ჩანაწერი კატის ბლოკნოტიდან

☀️

დროოო გადის ძალიან ნელა ... ხან - ჩქარა