მანდარინისფერი განწყობა

შესავალი
როგორც ხვდებით, აქ (ბლოგზე) ვცდილობ, ნეგატივს, პრობლემებს და ცუდ  განწყობას, თუ აზრებს თავი ავარიდო და ამაზე არ ვწერო. ყველაფერი ამისთვის ტვ, კოვიდ რეალობა და ფბ არსებობს და ამაზე აქ მეტად ჩაღრმავებას არ ვაპირებ. ამიტომ, მარტივი რჩევა მაქვს - თუ ჩემი მცდელობები, კარგი განწყობა შევიქმნა და თუ მოვახერხე, სხვებსაც შევუქმნა, ან გავუზიარო მაინც, ვინმეს არ მოსწონს, უბრალოდ ნუღარ განაგრძობს კითხვას. skip ცისია :)

დანარჩენებისთვის კი - მორიგი ქრონიკები ჯიქიადან:

თუ საშობაო / საახალწლო განწყობა თვითონ არ მოდის შენთან, შენ მიდიხარ და მოათრევ მას ყურით - გადავწყვიტე მე და ორივე ყურში მოვკიდე ხელი. განწყობასაც და ჩემ თავსაც. ჩამოყრილ ყურებში. ეს შენ არ ხარ, ვერ გცნობ მეთქი და დავაცქვეტინე ყურები, ცხვირიც ავაწევინე, თავიც. 

ნაძვის ხე ჯერ არ დამიდგამს, მაგრამ ნაძვის ხემდე სხვა ნაბიჯებიც არსებობს. 

გამახსენდა, წინა კვირას გერმანელმა მეგობარმა ვიდეო გამომიგზავნა. არაფერი ისეთი, ყველასთან რომ აგზავნიან მისალოცად, ისეთი ვიდეო იყო. მე კი არც მიპასუხია მილოცვით :/ განწყობა არ მქონდა. და დღევანდელი მეორე Advent-იც გამომრჩა. 

ახლა გავიაზრე, მართლა მშვენიერი იდეაა ეს 4 Advent შობამდე. ნელ-ნელა შედიხარ ამ განწყობაში, ნაცრისფერ ზამთარში მწვანე და არა მარტო მწვანე ფერები შეგაქვს. აფერადებ ყოველდღიურობას და მერე ზეიმობ, დღესასწაულობ. ჯერ კიდევ შარშან ამ დროს ერთ ერთ გერმანელ მეგობართან სახლში აღვნიშნავდით Advent-ს ბაქოში. ჯერ კიდევ შარშან ამ დროს იმავე ბაქოში ავსტრიელ მეგობართან ერთად გლინტვეინს ვხარშავდით ჩემთან სახლში. მერე კი საახალწლო ბაზრობაზე დავბოდიალობდით ქალაქის ცენტრში და ახლა იქ ვსვამდით გლინტვეინს. 

დღეს მკითხა სწორად მამაჩემმა, ბაქო გენატრებაო? დავფიქრდი. ბაქო და იქ ყოფნა არ მენატრება, მაგრამ ის რაც კარგი იყო, მენატრება. ის, რომ ვცხოვრობდით, დავდიოდით და ვსუნთქავდით. ის, რომ აქაურობა მენატრებოდა და მონატრებულ ხალხს ვნახულობდი. ახლა აქ ვარ და მაინც ყველა მენატრება. 

სწორედ დღეს ვუთხარი ერთ მეგობარს ტელეფონზე საუბრისას, რა მნიშვნელობა აქვს, აქ ვარ, გერმანიაში, ამერიკაში, თუ ბაქოში მეთქი. და საერთოდ, ბოლო რამდენიმე დღეა, ჩეთებიდან ზარებზე გადავინაცვლე. ასე რომ არ გაგიკვირდეთ, ჩემი ნომერი თუ დაინახეთ მობილურის ეკრანზე. მივხვდი, რომ მინიმუმ ხმა მაინც უნდა გავიგო ამ ადამიანების. მარტო წერა აღარ მაკმაყოფილებს. 




ხო, საიდან დავიწყე? საშობაო განწყობა მეთქი. ხოდა პატარა რეცეპტი რომ გაგიზიაროთ, არაკულინარიული: ცივ ჰაერზე (ამ შემთხვევაში ეს ლისი იყო) სიარულის მერე სახლში დაბრუნება (ხო, მანამდე მშობლებთან შევიარე, ცხელი სადილი მივირთვი, თავი გავიგიჟე, მანქანით არ მინდა სახლში წაყვანა მეთქი და ისევ წვიმაში წამოვედი ფეხით). სახლში - ცხელი შხაპი, საშობაო მუსიკა კომპში, მანდარინი ტაფაზე და ღუმელში, მაგიდაზე კი - ცხელი ჩაი. მაგიდაზე სურვილისამებრ ფეხებიც შეგიძლიათ შემოაწყოთ. ხო,  ფოტოზე წითელი ბოთლი მიკროფონის როლს მისრულებდა ჩაის ადუღებამდე :)


ცოტა მეტი მანდარინის შესახებ: მივხვდი, რომ განწყობისთვის სურნელი მჭირდებოდა. და ერთი ცალი თითქმის გაქვევებული მანდარინი ჯერ ცოტა გავფრქვენი, კანები ტაფაზე დავყარე, და ცეცხლი შევუნთე, დანარჩენს კი ღუმელში ვუკარი თავი. მშვენიერი სურნელი დააყენა :) 



ხო, კექსის გამოცხობასაც ვაპირებდი. მიყვარს სახლში გამომცხვარის სუნი რომ დგას. ყველაფერი გავამზადე და უკვე კვერცხი რომ უნდა გამეტეხა, აღმოვაჩინე - სოდა არ მქონია. საათს დავხედე, 9-ს აკლდა 4 წუთი... ფუჭებადი ინგრედიენტები უკან შევალაგე, განზრახვა ხვალისთვის გადავდე და ტახტზე მოვკალათდი.


დღევანდელი საღამო ერთ-ერთ მეგობართან ზუსტად 2 საათიანი სატელეფონო საუბრით დასრულდა. რა თქმა უნდა, ბევრ საკითხს შევეხეთ, საჭირბოროტოსავ და მტკივნეულსაც მათ შორის. ბოლოს კი ყველაზე კარგი შეჯამება გამოვიტანეთ მგონი: ადამიანს გაქვს უფლება, იყო ბედნიერი, ან თუნდაც კარგად.    


პ.ს. განწყობის შესაქმნელად არა, ისე გავიხედე გარეთ, აივნის კარის გაღებას ვაპირებდი და... დაუთოვია :) ჩვეულებას ვუღალატე. როგორც წესი, ლეპტოპს დაწოლამდე ვთიშავ და საძინებელში არ შემაქვს ხოლმე. ახლა კი გადავწყვიტე, ამ განწყობას ლოგინში დამჯდარი წერა შეეფერებოდა. ხოდა, ვზივარ საწოლში, მუხლებზე ლეპტოპით, კარი გადმოხსნილი მაქვს. ვიტყოდი, თოვლის ხმა შემოდის მეთქი სუფთა ჰაერთან ერთად, მაგრამ უფრო წვიმის ხმას ჰგავს. მაინც კარგია. 


Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..