dreaming of a golden christmas

  
ეს პოსტის შესავალი არ არის, უბრალოდ… არ ვიცი, რა არის, კომენტარია ჩემი ბლოგის შესახებ, ალბათ:

მოკლედ, ბლოგის წერა უკვე აღარ მახსოვს, როდის დავიწყე, უხსოვარ დროს, before it was cool :) მაშინდელი ნაწერები ახლა რომ გადავიკითხო, ალბათ მეუცხოვება, ან შეიძლება გამეცინოს კიდეც, იმდენად სხვა ცხოვრებიდან იყო. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვენლობა. მაშინ Facebook ჯერ არ იყო და არ ვიცი როგორ, მაგრამ უფრო ვაგნებდით ერთმანეთის ბლოგებს და ჩემი მკითხველი მყავდა, ცოტა, მაგრამ მყავდა. კომენტარებიც მიხაროდა. მეც მქონდა საყვარელი ბლოგები. 

დღეს უფრო დიდ სივრცეში ვართ გაჭრილები. მე კი აღვადგინე ისევ წერა, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, კერძოდ კი ბაქოში გადასვლისას. ბაქოს ქრონიკებით ახალი ცხოვრება დაიწყო ჩემმა ბლოგმა და მას მერე, ასე თუ ისე, ვცდილობ, პერიოდულად ვწერო. თავიდან ვფიქრობდი, შეიძლება არც არავინ კითხულობს მეთქი, მაგრამ მთავარია, მე მქონდა მოთხოვნილება წერის და განვაგრძობდი. მერე ფბ-ზე დაშეარებულ ლინკზე ლაიკები და ბოლოს კომენტარებიც რომ წამოვიდა, მივხვდი, (მ)კითხულობენ და გამიხარდა. ხოდა დღეს რაღაცნაირი თავშესაფარივით გახდა აქაურობა ჩემთვის თითქოს. აქ გამოვურბივარ კოვიდ და ა.შ. რეალობას და თავს უფლებას ვაძლევ, დროებით მაინც მხოლოდ და მხოლოდ დადებით ემოციებზე და მოვლენებზე ვორიენტირდე და ვწერო. 

და რისთვის დავიწყე ეს ყველაფერი - ბოლო პოსტის მერე რაღაც ისეთი მოხდა, რომ კიდევ უფრო მეტი სტიმული მომეცა წერის: ერთმა ძალიან საყვარელმა გოგომ დამირეკა, ერთი წუთით ქვემოთ ჩამოდიო. ჩავედი -  მანდარინებზე შენი პოსტი წავიკითხე გუშინო და მანდარინები მომიტანა ზუგდიდიდან ჩამოტანილი :) ახლა აქ არ დავიწყებ იმის წერას, საიდან ვიცნობთ ერთმანეთს, რა გვაკავშირებს და რომ თითქმის 20 წლის მერე ახლიდან აღმოვაჩინეთ ისევ ერთმანეთი მას მერე, რაც აქ გადმოვედი (და რომ ლაივში ამდენი ხნის მერე  პირველად შევხვდით) :) ხოდა ისეთი სასიამოვნო იყო, ისეთი მანდარინისფერი იყო ეს ყველაფერი, რომ რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გამიმძაფრდა წერის სურვილი. თამთა, ამას თუ კითხულობ, კიდევ ერთხელ საჯაროდ დიდი მადლობა, იმისთვის, რომ კითხულობ, რომ დამეკონტაქტე და რომ ასე გამაღიმე იმ დაძაბულ პერიოდში :)

რაღა შესავალი, ლამის მთელი პოსტი გამოვიდა. მაგრამ მაინც აქვე განვაგრძობ ოდნავ სხვა თემას. 

ნაძვის ხეს, როგორც წესი, ცოტა გვიან ვაწყობთ. ალბათ ასე 17 დეკემბრის მერე. მიყვარს ეს პროცესი. ბოლო 2 წელია მშობლები ჩემ ჩამოსვლას ელოდებოდნენ ხოლმე ბაქოდან და ჩამოსვლის მეორე დღესვე ვაწყობდი ნაძვს და ვრთავდი სახლს. წელს დედაჩემმა პატარა, დასადგამი ნაძვი იყიდა, ჩვენ ესეც გვეყოფაო და არსებული მე დამითმო. ამომატანინა მამაჩემმა წინა კვირას სახლში და ვიფიქრე, შუა კვირაში არ მცალია და მოდი, ბარემ ავაწყობ მეთქი. გადავარჩიე-გადმოვარჩიე სათამაშოები და მივხვდი, რომ ავტომატურად მხოლოდ ერთი ფერის სხვადასხვა ტონალობა გადამიდია ჩამოსაკიდებლად. დავკიდე. ცოტა იყო, არ ყოფნიდა. ავდექი და გამოვიწერე. 

დღეს, მოვასწროკომენდანტისსაათამდესაღამოსეირნობიდან სახლში დაბრუნებულს გარეთვე მომისწრეს და გადმომცეს ამანათი. სასწრაფოდ ამოვედი სახლში, ჩავრთე საახალწლო ძველი სიმღერები და დავიწყე მორთვა. დავიწყე და გამახსენდა: 

ბავშვობაში, ღრმა ბავშვობაში, როცა ყველაფერი "უცხოური" უცხო და მიუწვდომელი იყო ჯერ კიდევ, როგორ ვათვალიერებდი OTTO-ს, Quelle-ს და Neckermann-ის კატალოგებს, რომლებიც დეიდაჩემს ჰქონდა სახლში. ვათვალიერებდი რიდით და აღფრთოვანებით, ბავშვური აღტაცებით. განსაკუთრებით კატალოგის მეორე ნახევარში არსებული ის ფოტოები მიყვარდა, რომლებზეც სახლის ინტერიერი და ზამთრის ნომერში კი - საშობაო დეკორაციები, საახალწლოდ მორთული ლამაზი სახლები და ნაძვის ხეები იყო. ვათვალიერებდი და ბავშვურად წარმოვიდგენდი, როგორ ვცხოვრობ ასეთ სახლში და ვაწყობ ასეთ ნაძვის ხეს, ერთი, ან ორი ფერის ლამაზი ბუთქუნა ბურთებით. ეს იყო რაღაც საოცარი შეგრძნება. კი არ მშურდა, უბრალოდ ვიხიბლებოდი და მივფრინავდი ოცნებებში.

დღეს, როცა დიდი ხანია უკვე, აღარაფერი გვიკვირს და ყველაფრის ყიდვა შეიძლება, აქ თუ არა - გამოწერით მაინც, სხვა დანარჩენისთვის კი მასტერკარდი არსებობს… კაი, მასტერკარდი იქით იყოს და მართლა გაუჩენელს გააჩენს დღეს კაცი, საშუალება თუ არის. ხოდა ნაძვის ხე და მისი სათამაშოები რაღა სალაპარაკოა. მაგრამ, როგორც ჩანს მაინც მქონდა სადღაც ქვეცნობიერში ჩარჩენილი ეს სურვილი და ასევე გაუცნობიერებლად გადავაწყე ოქროსფერი ბურთები. და მივხვდი - იმ პატარა ცისიამ ოცნება აისრულა - თავის საკუთარ სახლში, თავისი შერჩეული მუსიკის ფონზე თვითონ აწყობს ნაძვის ხეს და ქმნის საახალწლო გარემოს, ისე, როგორც უნდა, ისეთს, როგორც ოდესღაც წარმოედგინა და როგორზეც ოცნობობდა :) 





პ.ს. სთორი ვინც ნახა - გეგონათ, მხოლოდ "ასკილის ხე დავდგი"? :) კი, ძალიან ლამაზია, მაგრამ ნაძვიც მინდოდა :) 

 
  vs  

პ.პ.ს. ყველაზე მეტად რა მინდა ახლა - ყველაფერი ისევ კარგად იყოს, ძველებურად და ამ სახლში სტუმრების მიღება შევძლო ისევ! რაც ყველაზე მეტად მენატრება (რა თქმა უნდა მეგობარ-მეგობარ, კაფით-კაფედ, ბარით-ბარად, ივენთ-ივენთ და თუნდაც ქუჩა-ქუჩა ბოდიალის შემდეგ) :)

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..