წერილი #13-1

ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება.

დღეს კვირაა. ჯერ კიდევ. კარგი კვირა დღე მოვიწყე, პრინციპში. საქმეებს გუშინ მოვრჩი, სახლის ლაგებიან გაკვეთილებიანად. დღეს ვარჯიშზეც არაფერზე ვიყავი ჩაწერილი. ასე რომ... ამინდი კი იყო კარგი. გუშინ მეგობარი შემითანხმდა, მოვალო. მეგობარი, რომელსაც ჩემი ბინა არ ჰქონდა ჯერ ნანახი. ხოდა ეგ "ივენთი" მქონდა დღეს. ცოტა ვიდიასახლისე და მშვენიერი საღამო გავატარეთ. და უსაყვარლესი საჩუქარი მივიღე, რომელსაც პოსტის ბოლოს ნახავ სურათზე. იქვე ჩემ გამომცხვარ უგემრიელეს კექსსაც მოკრავ თვალს. ხელი მიმირბის, არა და 11 საათი ხდება და ვცდილობ, ღამე მაინც არ ვჭამო ტკბილი. არა და მაცდურად გამოიყურება.

ხვალიდან ისევ სწავლა მეწყება. დღეს დავალებები უკვე გაუხსნიათ. და წეღან, რომ ავალაგე ყველაფერი, გავხსენი და შევყევი, რამდენიმე გავაკეთე, ასე ვთქვათ "საქმე წინ წავიგდე".

ისე, ორი საღამოა, ბილეთებს ვუზივარ. ძალიან ადრე უნდა მეყიდა, როგორც ჩანს. ახლა ფრენაც და მატარებელიც საკმაოდ გაძვირებულია. ბოლოს, ოპტიმალურ ვარიანტზე შევჯერდით, რომელიც ასე სპონტანურად, მიმოწერის და შემოთავზების შედეგად წარმოიშვა: ბერლინიდან მივდივარ მიუნხენში, იქ ვრჩები შაბათს მეგობართან. თან ვეცდები, დღის პირველ ნახევარში ჩავიდე, რომ მთელი დღე მქონდეს მასთან. და კვირას იქიდან წავალ ვენაში. ასე გადაჯდომები მაინც არ მომიწევს, მიუნხენშიც ვიქნები, არც გული დამწყდება, რომ ვერ ვნახე ადამიანი. ნუ, ყველას ვერ ვნახავ, ევროპაში მიმოფანტულებს... მაგრამ, მოკლედ ეს კარგი ვარიანტია და ხვალ იმედია შევძლებ უკვე ყიდვას.

არ ვიცი ამ ფაქტმა თუ რამ იმოქმედა, მაგრამ ნელ-ნელა ბერლინის განწყობაც მოვიდა. ამ ეტაპზე სწავლაზე ამოვწურავ საუბარს :)

გუშინ დილით მინდოდა მომეწერა, იოგას კლასიდან გამოსულს. ისეთი ენდორფინების მოზღვავებით ვიყავი გამოსული, გაზიარება მინდოდა. არ ვიცი, მითქვამს თუ არა, ორი ინსტრუქტორია იოგასი. ერთთან დავდივარ მუდმივად, ფაქტიურად ჩაუგდებლად, უკვე 1 წელია. ისეთი აურა აქვს, ისეთი სასიამოვნოა ეს პრაქტიკა. მეორეს სრულიად განსხვავებული კლასი აქვს. მე ვიტყოდი - ძალისმიერი იოგა. კი, მასთანაც შევდიოდი, ოღონდ ხშირად არ. თავი არ მაქვს მეთქი ამის, ვამბობდი. ხოდა გუშინდელზე მოვინდომე და დიდი პაუზის მერე ჩავეწერე. ძალიან სასაცილო იყო, უცებ შუა კლასზე რომ ამომიცნო, ახლოს მოსულმა და უი შენ ხარო? და როცა "ძველი" ხარ, და იცის, რომ რაღაცეები გამოგდის, კიდევ უფრო ძალისმიერი ხდება ვარჯიში. შეიძლება ითქვას, გადაგკვანძავს და შენ სასოწარკვეთილ ყვირილს (ნუ, ვხუმრობ, მაგრამ სიცილით მაინც ვიხვეწებოდი, მორჩა, მეტი აღარ შემიძლია მეთქი) ყურადღებას არ აქცევს, იცის, რომ შეგიძლია და გამოგივა. ხოდა არ ვიცი, ამდენმა ენერგიის დახარჯვამ როგორც ჩანს კიდევ უფრო მეტი ენერგიის მიღებაც მოახდინა, თუ შეიძლება ასე მოხდეს. და შექებამ - "სუპერ" სიტყვა "მალადეც"-ი კი გადამიწონა და სიამაყით ამავსო :)) კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ფიზიკური აქტივობა მართლა აბედნიერებს. ოღონდ, რა თქმა უნდა, უნდა მოგწონდეს ეს აქტივობა. 

კიდევ რა ხდებოდა? გუშინ საღამოს დედაჩემს ველაპარაკებოდი ტელეფონზე და კითხვაზე, რას შვები, ვუპასუხე, რომ არაფერს, ვუსაქმურობ, არაფრის კეთებით ვარ დაკავებული. და მერე უცებ გამახსენდა, რომ შაბათია, დილიდან უკვე 2 გაკვეთილი მაქვს ჩატარებული, 1 კლასზე ვიყავი, სახლი დავალაგე, სადილი გავაკეთე, სარეცი გავრეცხე/გავფინე და მივხვდი, რომ ახლა ნახევარი საათია რომ ვზივარ და სერიალს ვუყურებ, არ ნიშნავს, რომ ვუსაქმურობ :)) ზაფხულში საკმაო ხანი დამჭირდა იმისთვის, რომ მივმხვდარიყავი, შემეძლო მართლა დამესვენა და ხანდახან მართლა არაფერი მეკეთებინა. ახლა კი ნელ-ნელა უბრუნდება ისევ სამუშაო წელი თავის რეჟიმს... მაგრამ ვიცი, ცოტაც და მერე შევცვლი ყველაფერს ისე, როგორც მართლა მინდა.

დღისით ცხელოდა. მაღაზიაში ჩასავლელად რომ ჩავიცვი და სარკეში ჩავიხედე, მივხვდი, ზაფხულის შეკავებას ვცდილობ, ისეთი შეგრძენა მქონდა, თითქოს გვიანი გაზაფხულია და აწი უნდა დაიწყოს ზაფხული და მიხარია. თავს ვიტყუებ / ვიხალისებ :) 

 

თან ცაც ისეთი ლურჯი იყო. აი ამ მონაკვეთის გავლა მიყვარს, წინ ცა და მთა რომ ჩანს და აქეთ-იქით აგურის სახლები. რაღაცნაირ იდილიას ქმნიან და შეგრძნებას, რომ ყველაფერი კარგად იქნება. 

საღამოს კი ისეთი ქარი ამოვარდა, ყოველ შემთხვევაში ჩემთან, რომ აივანზე მსხდომებს შეგვცივდა და ლამის ერთმანეთის ხმა აღარ გვესმოდა, ისე აფრიალებდა მშენებლობის კედლებზე გაკრულ ქაღალს ქარი. ისე, რომ ავიდე და ჩამოვუხიო ის ქაღალდი? აღარ სჭირდებათ აშკარად და ტყუილად ხმაურობს.

აა, ხომ, მთავარის მოყოლა დამავიწყდა. მთავარი რა - უბრალოდ კიდევ ერთი ფაქტი, რომ დროში ავირიე და დავიკარგე ბოლო რამდენიმე თვეა. აი, ონლაინ შეხვედრაზე 1 თვით ადრე რომ შევედი და მეგონა, დამაგვიანდა, იმის მერე ავირიე და ავირიე. არა და დროსთან სულ სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს. ვიტყოდი - გერმანული. და ბოლო დროს ისეთი "ფეილები" მომივიდა რამდენიმე, რომ ცოტა შევშფოთდი. ხოდა მოკლედ, გუშინ საღამოს 2 მეგობარი ვნახე. ყავაზე დავსხედით სტრადას ტერასაზე და ვსაუბრობდით. ერთმა უკრაინასთან დაკავშირებული რაღაც ივენთი ახსენა და უცებ გამახსენდა: უი, მე ხომ იმ ჯგუფის კონცერტის ბილეთი მაქვს, უკრაინული ჯგუფის, დახა ბრახა! წამოვიძახე და მერე უფრო დაბალი ტონალობით მივაყოლე... ისე, შემდოგომაზეა კონცერტი... ახლა უნდა იყოს, ამ პერიოდში... და დავგუგლე... გუშინ იყო 16.09. კონცერტი იყო 14.09... ამ ჯგუფის კონცერტი შარშან ჩატარდა აქ პირველად და ვინც იყო, ძალიან მოეწონათ, და გული დამწყდა, რომ არ ვიყავი. ხოდა წელს ისევ რომ დაიდო, მაშინვე ვიყიდე და სიხარულით ველოდებოდი! ყველას ვეუბნებოდი, რომ აი აქ მივდივარ. და აი... რა აი, არ ვიცი, რა ვთქვა :) იცი რისი ბრალია ეგ, გონებრივი გადაღლისო, მითხრა მეგობარმა, მას მერე, რაც მეც არ მენდო და მაინც გადაამოწმა ინტერნეტში, მართლა უკვე ჩატარდა კონცერტი თუ ეგეც მეშლებოდა. მეორემ - ხომ გაქვს ორგანაიზერი, გუგლის კალენდარიო. და ჩემ მაგივრად ისევ პირველმა უპასუხა, კი, მაგრამ იქაც არასწორად შეაქვს ივენთებიო. კი, ეგრეა. ერთს ვფიქრობ, მეორე შემაქვს და მესამეს ვკითხულობ... :)

ამ საინტერესო ნოტაზე დავასრულებ დღეს წერილს და ვეცდები, სანამ 12 გახდება, თუ ჩაძინებას ვერ მოვასწრებ, დავწვე მაინც :)

ღამე მშვიდობის


ესეც ჩემი საჩუქარი სუფრა "ვიშივანკა" და ზედ ჩემი კექსი და ყავის მარცვლები


 


Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..