წერილი 13+1

ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება.

თემა პირველი: ძალიან საინტერესო პოდკასტების სერიას გადავაწყდი სრულიად შემთხვევით. სპოტიფაი ჩავრთე საღამოს ვარჯიშზე მიმავალმა, რადგან ასე გზაში უცებ რამე ახალი აუდიო წიგნის ძებნის დრო არ მქონდა. და გადავაწყდი პოდკასტების სერიას "ამერიკული მოთხრობა". ქართველი მწერლები და პუბლიცისტები კითხულობენ თავიანთივე არჩეული ამერიკელი მწერლის ერთ მოთხრობას, ასევე თავიანთ არჩეულს. და შემდეგ მცირე გარჩევა მოჰყვება ამას. გადაცემა მიჰყავს გიგი გულედანს. ვერ ვიტყვი, რომ ყველა კარგად კითხულობს. თან იმდენად მივეჩვიე აუდიოწიგნებს, რომ უკვე პრეტენზიაც მიჩნდება, რომ კარგი მკითხველის წაკითხული მოვისმინო. მაგრამ პატარა მოთხრობის მოსმენა მაინც შეიძლება. არის მოთხრობები, რომლებიც არც წამიკითხავს და არც გამიგია. მწერლების უმეტესობა ვიცი მაინც, თუ არ წამიკითხავს, მაგრამ აქაც არიან ისეთები, რომ არ ვიცნობ. მოკლედ, საინტერესოა, ღირს მოსმენად. აი ამ წამს უკვე მესამე მოთხრობა ჩავამთავრე და დროებით დავხურე.

თემა მეორე: წასვლამდე დარჩა 3 დღე და დაახლოებით 5-6 საათი. წინასწარ მიხარია, რომ ეს კი არა, იქით შაბათი დადგება ერთ კვირაში და 3 დღეში და ბერლინიდან მიუნხენში, და მეორე დღეს კი მიუნხენიდან ვენაში წავალ.

თემა მესამე: ქვეყანა თავზე ჩამოქცევას განაგრძნობს. წერტილი.

თემა მეოთხე: ურთიერთობებს (და მათ შორის სიყვარულსაც, რა თქმა უნდა), კვება სჭირდება. ცხადია, ახალს არაფერს ვამბობ. იმასაც ვფიქრობ, შეიძლება დამიწერია კიდეც ამაზე. და რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, მაინც შევადარებ - ცეცხლი რომ არ ჩაქრეს, უნდა შეუკეთო. შეიძლება მინელდეს, მიინავლოს, მაგრამ მერე სულს რომ შეუბერავ, ცოტა შეშას რომ მიახმარ, ისევ აგიზგიზდება. ხოდა ასეა, მოვლა და კვება სჭირდება ურთიერთობებსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში - ქრება. 21-ე საუკუნეა. არ ვართ შექსპირის ეპოქაში, არც ჯეინ ოსტინის. გაცვლა-გამოცვლის, გაზიარების, მოკითხვის, კონტაქტის, ინტერესის გამოხატვის გარეშე თვითონ ვერ იცოცხლებს ურთიერთობა. ვერანაირი. უბრალოდ ჩაქრება.

თემა მეხუთე: დღეს ვფიქრობდი, 2 კვირა სპორტის გარეშე რა მოუვა ნეტა სხეულს მეთქი. კარგი, 2 არა, 1. მეორე კვირას ვეცდები, ფეხით მაინც ვიარო. არა და ზუსტად დღეს ვიგრძენი უკვე, როგორ იცვლება რაღაცეები, ფორმები, შეგრძნებები. ინტენსიურ ვარჯიშს სულ სხვა ეფექტი აქვს. არა მარტო ფიზიკური ეფექტი.

თემა მეექვსე: ილიაუნიდან დამირეკეს. ისევ მაგისტრანტები. ისევ ის ფაკულტეტი. დავთანხმდი :) ამის უკან და მიღმა რა ხდებდა და ა.შ., ამაზე არ მინდა აქ საუბარი. მაგრამ ერთს ვიტყვი - გახარებული ვარ ძალიან. და კიდევ - აი უცებ გადალაგდა თავში რაღაცეები. უცებ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ჩემ ხელშია და მხოლოდ მე გადავწყვეტ, რა მინდა გავაკეთო. რა დავიტოვო და რა არ. და არავინ არაფერს და ვერავინ ვერაფერს დამაძალებს. და უცებ ისეთი შვება ვიგრძენი და თავისუფლება... ხო, გაუგებარია, ვიცი. ამაზე მხოლოდ პირისპირ თუ შეიძლება მეტის ლაპარაკი.

თემა მეშვიდე და მთავარი: მოგზაურობა მინდა. ბევრი მოგზაურობა. საოცარ ადგილებში მოგზაურობა, უამრავი დადებითი ემოცია. ყოველთვის, როცა ვმოგზაურობ, ვვამბობ, რომ ყველაფერზე შეგიძლია დაზოგო, ოღონდ ამაზე არა. ხოდა ამის მთქმელი 3 წელია აეროპორტში ტრაპამდე არ მივსულვარ. აი, გატყდება ნავსი და დაიწყება აწი. და ზუსტად ვიცი ერთი კონკრეტული ტური, სადაც, მომავალ წელს მინდა, წავიდე. დაე ულაპარაკოდ და აუცილებლად ახდეს ეს :) 

თემის გარეშე: ჩვენი კორპუსის უკან ერთი შავი კატა ცხოვრობს. ერთმა მეზობელმა სახლი აუშენა. ზოგადად კორპუსი ზრუნავს. მე უკანა მხრიდან ნაკლებად შემოვდივარ, ამიტომ არ მხვდება თვალში და სულ მავიწყდება ხოლმე. რამდენიმე დღის წინ ქათმის მორჩენილი ნაჭრები გადავინახე, ჩავუტან მეთქი. რა თქმა უნდა, დამავიწყდა. ხოდა დღეს სახლში მოსული რატომღაც იქით წავედი, უკანა ეზოდან შევალ მეთქი. გადამწვანებულია იქარუობა და სასიამოვნოა. 

ხოდა რა თქმა უნდა შევეჩეხე მას. სადღაც სახლის ძირში იჯდა და რომ დამინახა, გადმოხტა. იგრძნო თავისიანი. დამელოდე, ჩამოგიტან მეთქი საჭმელს. ხოდა ჩამოვუტანე და მერე ბოლომდე ღიმილით ვუყურებდი, როგორ ჭამდა. 2-3 წლის ბავშვები შემომიერთდნენ, დედებს და ბებიებს ექაჩებოდნენ იქით, რომ ახლოს მოსულიყვნენ და ენახათ, როგორ ჭამდა ფისო. ფისოს კი სულ თათებზე ეკიდა ყველა და სიამოვნებით მიირთმევდა ქათმის ხორცს :) დღეს არ მიფიქრია, რად მოველ ადამიანად, რატომ არ მოველ კატადამეთქი... ეტყობა, ადამიანობით ტკბობის ეტაპი დამიდგა კვლავ :)




Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..