ტერმინალი

მგონი უნდა ვეცადო, დავიძინო. ლაუნჯში ვზივარ. ერთში ვიჯექი, ცოტა ვჭამე, ყავა დავლიე, პატარა ბრაუნიც მივატანე და ახლა მეორეში გადმოვჯექი, სადაც მხოლოდ სნექებია, დასალევი და მშვენიერი დასაჯდომ-წამოსაწოლი. ხოდა შემოვედი, გავხსენი ლეპტოპი და მივწექი. არავინ იყო. მანამდე დავინახე, შორიდან როგორ შეათვალიერა ვიღაც ბიჭმა აქაურობა. გარედან. ალბათ იფიქრა, აქ არ შეიძლება შესვლაო. ჩემი შემოსვლიდან ცოტა ხანში, შემომყვა. ცოტა ფრთხილად შემოვიდა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ არავინ უშლიდა და განთავსდა. ცოტა ხანში სხვაც შემოყვა. ის სხვა რუსს უფრო ჰგავს, ეს - არ ვიცი, მაღალი, კიკინიანი ბიჭია. რაღაცით ძველი სლოვენიელი მეგობარი მომაგონა, აი ის, გერმანიში პირველად ყოფნისას რომ გავიცანი, სრულიად რომ გააფანატა ჩვენზე, ქართველებზე და ჩვენც - მასზე და მერე ორჯერ რომ ჩამოვიდა საქართველოში.


ხოდა აი ზუსტად გუშინ ამომიგდო გუგლის ფოტოებმა ეს მემორი, სურათები, რომლებიც სულ არ მახსოვდა, მისი მეორე სტუმრობისას გადაღებული და ეტყობა ამანაც გამახსენა ასოციაციურად. 

აქ ისეთი სიმშვიდეა. იქით მაინც მიდი-მოდის ხალხი, დგებიან, საჭმელს იღებენ, ჭამენ, ლაპარაკობენ, მართალია ხმადაბლა, მაგრამ ახლა რომ გაივსება, ალბათ ახმაურდება. აქ კი მხოლოდ ჩემი კლავიშების ხმა ისმის და იმასაც კი ვფქირობ, ისე ხომ არ ისმის, სხვებს აწუხედბეს მეთქი.

წინა წერილის ბოლოს ვთქვი, აეროპორტში ხალხზე ცალკე ჯობს მეთქი, დავწერო, ხოდა აი, ვწერ, აქ მოვყვები. ქვედა სართულს მივუბდუნდები ისევ:

სადღაც წინ წებოვანი ლენტის გადაკვრის ხმა ისმის. ვიღაცეები დიდ ჩემოდნებს ფუთავენ. ალბათ, მნიშვნელოვანი ნივთებია, რომ არ უნდა გატყდეს, ისეთი. ჩემ გვერდით მოწითურო ევროპელი ზის, ზაფხულურად ჩაცმული, მაღალი, შორტებით. მეორე მიუახლოვდა და ჯერ მეგონა გერმანულად, მაგრამ არც გერმანულად და არც ინგლისურად, მაგრამ დას, ევროპულ რომელიღაც ენაზე გამოელაპარაკა. მარცხნივ შავ-შავი ხალხი ზის. ერთი  - წევს და სძინავს. არა, ორი. ისე, რომ ჩაეძონით და დააგვიანდეთ? დაურეკავთ ამათ ჩემსავით ვინმე? ან იქნებ მაღვიძარა აქვთ დაყენებული. წინა წერილში როგორც ვივარაუდე, ეს ის ხალხია, რომლებმაც სასტუმროში უკვე გააკეთეს ჩექ აუთი, ან იქნებ ბინა დაცალეს უკვე, ქალაქში წასასვლელი აღარსად აქვთ, არც სურვილი, აღარც სანახავი და ღამე აეროპორტში ადრე მოსვლა არჩიეს. ლაუნჯში შესვლა რომც შეეძლოთ, სანამ ამათი ავიახაზის პუნქტი არ გაიხსნება, მანამდე ზევით ვერ ავლენ და უწევთ აქ წოლა..

ამასობაში მივხვდი, ის წყვილი, ჩემს მერე რომ მოვიდა და ჯერ არ გახსნილი პუნქტის წინ რიგში ჩადგა, მართალი აღმოჩნდა. წერილი დავამთავრე და დავინახე, თურქიშის სტენდი დაუდგამთ. ცოტა ხანში წამოვდგები მეთქი ვიფიქრე, მაგრამ უეცრად სადღაც მარცხნიდან ხმაურით მომავალი დიდი ჯგუფი დავინახე, რომელიც სწორედ იქით მოემართებოდა. სასწრაფოდ წამოვხდი და მივასწარი, რომ მერე ნახევარი საათი არ დამჭირვებოდა რიგში დგომა. იტალიელი პენსიონერების 26 კაციანი ჯგუფი აღმოჩნდა, რომელსაც ერთი ქართველი ქალი ახლდა. ისე, რა ვიცი, პენსიონერები იყვნენ თუ არა. საპენსიო ასაკს კი მისცემდა კაცი. ერთი წინამძღვარივით იდგა წინ, დიდი, მასიური, ხმაურიანი და ხმამაღლა ლაპარაკობდა. ჩემ გვერდზე აღმოჩნდა და რომ დაინახა, წინ ადგილი გათავისუფლდა, ჟესტის მანიშნა, მიბრძანდითო. იდგნენ მხიარულები, დასვენებულები, ხმაურიანები და ბრუნდებოდნენ თავიანთ ჩემი წარმოდგენით ასევე მხიარულ და ბევრად უფრო ლაღ და დალაგებულ ქვეყანაში. "და მე ვიდექი როგორც სიტყვა მაშასადამე..."

ბარგი იმაზე ნაკლები აღმომაჩნდა წონით, ვიდრე მეკუთვნის. რიგში დგომა ფაქტობრივარ და დამჭირდა. ზემოთაც უცებ გავიარე ბარგის კონტროლი და აი უკვე პასპორტის კონტროლზე მისულს კი მომიწია შეყოვნება. სასწავლებლად მივდივარ მეთქი, მოკლედ ვუპასუხე. აბა ხომ არ დავუწყებდი, გოეთეს 2 წლიანი გადამზადების, მწვანე დიპლომის ფარგლებში ერთ-ერთი მოდულის გასავლელად ბერლინის გოეთეს ინსტიტუტში მიმავლინეს  1 კვირით, მერე კი უკან ვენიდან ვბრუნდები, სადაც ჩემი ძმის ოჯახის მოსანახულებლად ჩავდივარ მეთქი. ხოდა ამას მოჰყვა - მოწვევა მაჩვენეთო. მოწვევა მეილის სახით გავუწოდე მობილურში, თან გერმანულად. მერე დაზღვევა, სასტუმროს ჯავშანი მომთხოვა. გამახსენდა, რომ თადარიგი დავიჭირე და ყველაფერი ამობეჭდილი მქონდა. ხოდა გავუწოდე. სასტუმროს ჯავშანი - არ გვაქვს, მხოლოდ წერილში წერია, აქა და აქ არის დაჯავშნილი თქვენთვის ნომერიო. წერილიც და დაზღვევაც გერმანულად არის. არ მგონია, რამე გაეგოს იმ ბიჭს, მაგრამ ალბათ მაინც დამაჯერებლად გამოიყურებოდა საბუთები და ჩემი სათნო სახეც არ იწვევდა ეჭვს. ერთი ის მკითხა, დარღვევა ხომ არაფერი გქონიათო და უარყოფითი პასუხით დაკმაყოფილებულმა ბოლოს და ბოლოს გამიშვა. ხოდა მეც ბედნიერმა გამოვწიე ლაუნჯისკენ.

პირველ ლაუნჯში შესულს მხოლოდ ერთი გოგო დამხვდა. ალბათ იფიქრა, ამდენი ადგილია თავისუფალი და რაღა აქ დაჯდაო, ზუსტად მის წინა ნაწილში დავჯექი. იმიტომ, რომ იქ ყვეალზე კომფორტული სავარძლები იყო. გოგონა ქართველია აშკარად. მარტოა. უკვე ჭამა და ახლა ლეპტოპში ან რამეს უყურებს, ან ვინმეს ელაპარაკება.

წყვილი შემოვიდა. აშკარად აღფრთოვანებულები არიან აქაურობით. მაგრამ გარე ნაწილში დაჯდომა ამჯობინეს. საჭმელი აიღეს და გავიდნენ.

ნელ-ნელა ხალხი ემატება. კი, გამაფრთხილა მეგობარმა, ახლა ისე გადაივსება, რუზრუზი იქნებაო. ყველაფერი იცის, კვირაში 3-ჯერ მაინც უწევს აქ ყოფნა. კი, ნელ-ნელა უცხოელი წყვილებიც შეგვემატნენ. იღებენ საჭმელს და სხდებიან.

მე გამოვიკვებე მსუბუქად და გადმოვინაცვლე აქეთ. პრაიმ კლასი? მეკუთვნის? არც ვიცი. შეიძლება მეკუთვნის კიდეც ჩემი ბარათით. ყოველ შემთხვევაში, არავინ აკონტროლებსო და მეც დავჯექი მშიდად. უფრო სწორად - მივწექი.

სამი ქართველი ქალი შემოგვემატა ამასობაში. არ ხმაურობენ, დაბალ ხმაზე საუბრობენ. მაინც დაირღვა სრული სიჩუმე. მაგრამ ეგ არაფერი. ერთ-ერთი საუკეთესო რჩევა და გადაწყვეტილება იყო მასტერქარდის აღება და ლაუნჯში განთავსება. საინტერესოა, ჩემთან ერთად ვინც მოფრინავს, ისინი თუ მოვიდნენ ამასობაში და მათაც თუ აქვთ აქ შემოსვლის საშუალება. 

ქალებს გავხედე. ნეტა რამდენი წლისები იქნებიან. ქალები. ჩემ თავს რომ გოგოს ვეძახი? არა და შეიძლება, ჩემი ასაკისები იყვნენ, მაგრამ მე მაინც ჩემზე დიდებად რომ აღვიქვამ... ვფიქრობ, მეგობრები არიან და თურქეთში მიდიან დასასვენებლად. დაქალები მიდიან თურქეთში შემოდგომაზე. არაფერზე ეტყობათ, საქმიანი ვიზიტი ან რამე საჩქარო ჰქონდეთ. სხედან გემრიელად და ჭორაობენ. საშუალო სტატისტიკური ქართველი ქალები.

აჰა, ვიღაც ლოტოს კოჭის მსგავსმა ტიპმა შემოაღო კარი. შემოვიდა, გაიარ-გამოიარა, არ ვიცი, რა არ მოეწონა. გავიდა. სავარაუდოდ საჭმელი რომ არ დახვდა აქ. ალბათ იქით გადაინაცვლებს.

მეძინება. მაღვიძარა დავაყენე. ჩასხდომის დაწყებამდე 1.5 საათია. პრინციპში, თუ დამეძინა, შემიძლია დავიძინო კიდეც. სიტყვა კომფორტი მიტრიალებს თავში. კომფორტი კარგი რამ არის. აი ამ წამს კომფორტულად რომ ვარ აქ განთავსებული, ესეც. 

ქალები პერიოდულად რაღაცეებს ყვებიან და როცა ვინმეს სახელს ახსენებენ, ოდნავ უფრო დაბლა უწევენ ხმას. პრინციპში, თბილისი პატარაა, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. რა იციან, მე სადაური ვარ, რა იციან, მესმის თუ არა მათი ენა. მესმის. მაგრამ არ ვუსმენ. 

ის გრძელთმიანი ბიჭი ჩემს უკან გათავსებულა. რატომღაც ამოოხვრის ხმა მესმის. გავსწორდი და გავხედე. წამოწოლილა და დაძინებას ცდილობს, ეტყობა. კომფორტულ პოზას ეძებს განსათავსებლად. მეორეს ვერ ვხევა. ის ხმას არ გამოსცემს საერთოდ. სად მიდის ან ერთი, ან მეორე, საინტერესოა. 

ალანიაო - ყური მოვკარი. სწორი ყოფილა ჩემი ვარაუდი. დასასვენებლად მიდიან ე.წ. ხავერდოვან სეზონზე დაქალები. კარგია. ორი კაციც შემოვიდა ამასობაში. ცოტა ხმაური შემოიტანეს. დაისხამენ ყავას და განთავსდებიან ახლა ესენიც. ამასობაში 3-ის ნახევარიც გამხდარა. და მაინც თითქმის 1,5 საათი მაქვს :) ერთი მინუსი, რაც აქვს აქაურობას - ტუალეტი არ აქვს თავისი. შემოდი, გადი, ისევ შემოდი... გავალ უკვე ბოლოს, გასვლისას. ახლა კი, ალბათ მესამედ ვამბობ, მაგრამ ამის წერას რომ მოვრჩები, დავხურავ ლეპტოპს და თვალებს დავხუჭავ. 

აჰა, კიდევ შემოუერთდა ორი. მხიარული საზოგადოებაა. ცოტა აქცენტი დავიჭირე, კახური, ნაცნობი აქცენტი. რაღაც უხარიათ. ალბათ, მოგზაურობა, რომელიც ელოდებათ. ასე მგონია, თანამშრომელბი არიან და რაღაც ლაით მოგზაურობაში მიდიან, ვითომ საქმიანში, ისე კი, ბევრი რომ არაფერი უნდა აკეთონ და აქედანვე მშვენიერი განყწობით მიდიან. ლაუნჯი მართლაც ივსება ნელ-ნელა. ეს ნაწილიც კი. 

რას დავიძინებ, მინდა არ მინდა, ვუსმენ ყველას. ერთ-ერთი ქალი ყვება, როგორ იცეკვა ვიღაცამ ტანგო. აღფრთოვანებით ყვება. მერე რატომღაც თავის ბავშვობას გადაწვდა, სად გაიზარდა, როგორი ნაკვთები ჰქონდა და ჰგავს თუ არა დედამისს. დასთან განსხვავებაზე ლაპრაკობს. ამით მივხვდი,  ბავშვობის მეგობრები არ უნდა იყვნენ. ან იქნებ ერთ-ერთი ორივეს საერთო მეგობარია და ასე შეიკრა ე.წ. სასტავი და მიდიან დასასვენებლად. "გაუსწორდებათ" ერთად? :)

ახალგაზრდა კაცებმა ბოლონია ახსენეს. ბოლონია? დავიჯერო, იტალიაში მიდიან? ისე, რატომაც არა. იქნებ საერთოდ ფეხბურთის მატჩზე მიდიან. კვარა თამაშობს რამე განსაკუთრებულს ამ დღეებში?

ახლა შევამჩნიე - ტაბლო ხომ აქაც არის. აქედან არ ჩანს. ავდგე, შევხედო, ჩემი რეისი ხომ არ გამოჩნდა. თუმცა, ჯერ ძალიან ადრეა. მანამდე კიდევ ერთი რეისია თურქიშის. ჩასხდომის შესახებ ინფორმაცია გამოცხადდება 90 წუთით ადრე - გამოჩნდა ეკრანზე. დიახ, ჩემს რეისამდე ადრეა. თურქეთის სხვა რეისზე დაიწყო ჯერ ჩასხდომა. 

ამდგარმა გადავხედე თან სხვებს. გრძელთმიან ბიჭს სძინავს. მოკლეთმიანი სავარაუდოდ რუსი - ზის გაჯგიმული და წინ ლეპტოპი უდევს. სკამზე ზის, სავარძელშიც კი არ. ქართველები ცოტა დაიშალნენ. ერთი ფანჯარასთან ზის და რაღაცას უყურებს ტელეფონში, ერთს ყურსასმენები გაუკეთებია და მიწოლილა. ქალები უკვე თავიანთ შვილებზე ყვებიან. ვიღაცამ შემოაღო კარი, გადახედა ოთახს, დანანებით, თითქოს, ეტყობა ისიც საჭმელს ელოდა აქ და უკან გავიდა. აჰა, კიდევ ერთი. ამასობაში ლოტოს კოჭი დაბრუნდა. ეტყობა ჩემსავით მოიქცა - იქით მიირთვა და აქ დასასვენებლად გადმოინაცვლა. 

ფანჯარას გავხედე - ლაუნჯის შემოსასვლელთან უკვე რიგი დგას. ესე იგი, თავისი პლუსი ჰქონდა ადრე მოსვლას. 

ისევ ახმაურდა ყავის აპარატი. დაუსრულებლად შეიძლება აქ წერა. დავასრულებ. და ეს წერილი აღარ იქნება.

პ.ს. ამასობაში მეგობარმა მიპასუხა, არის მანდ ტუალეტიო. გამიხარდა. ლეპტოპი დავხურე და, ჩემ მაგიდასთან სიმპათიური ქალი რომ დაჯდა, თან მანამდე რომ მკითხა, აქ რომ დავჯდე ხომ არ შეგიშლით ხელსო, აი იმას ვუთხარი ზურგჩანთას დავტოვებ თუ აქ იქნებით მეთქი და გავედი. უკანა გზაზე შემოსასვლელში თვალის კუთხით და ცალი ყურით შევამჩნიე, როგორ ეფლირტავებოდა ბოლონიაში მიმავალი ახალგაზრდა კაცი მიმღებში მდგომ კიდევ უფრო ახალგაზრდა გოგონას. ისიც ღიმილით პასუხობდა. არ ვიცი, პროფესიული ღომილი იყო, თუ გულიანი, ამდენს არ დავკვირვებივარ. სარკეში ჩახედვისას მივხვდი, რომ ნელ-ნელა გაიღვიძა ჩემში ტურისტმა და "მე ვარ ქართველი, მაშასადამე ევროპელი" - ამ პიროვნებამ. ეს ფაქტობრივად ზედმეტსახელად შემარქვა ადრე ერთმა მეგობარმა, მაშინ, როცა ძალიან ხშირად დავდიოდი იქ, ევროპაში ☺️ ხოდა ამ მშვენიერ ნოტაზე დავასრულებ აქ წერას :) შემდეგი პოსტი და/ან წერილი უკვე - ბებერი ევროპიდან. პ.ს. მაინც ვერ დავიძინე 😁 არა უშავს,თვითმფრინავში და მერე სასტუმროში გამოვიძინებ ხვალ.





Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..