წერილი ნაძვებს


ზუსტად ორი თვე გასულა ბოლო პოსტიდან. 

და 2 კვირა და 2 დღე გავიდა, რაც ვენაში ვარ. ხო, ვენაში ვარ. იმ დღეს მეუბნებოდნენ მეგობრები, ერთი-ორი ფოტო მაინც დადე, ხალხმა გაიგოს, რომ მანდ ხარო. ხო, ვინც ასე პირადად ჩემგან არ იცოდა, ვერც მიხვდება, რომ აქ ვარ უკვე.

რაც ჩამოვედი, ველოდები, რომ მოვიდეს წერის სურვილი და დავწერო. მაგრამ რაღაცნაირად გარბის დრო და აი დღეს კიდევ ერთხელ რომ ვიარე ლეპტოპაკიდებულმა, იმის იმედით, რომ დღეს მაინც დავწერდი, ქალაქში 4 საათიანი სიარულის მერე ბოლო გაჩერება სტარბაქსი ავირჩიე, რაც ძალიან არაავსტიული და არავენულია, გეთანხმები. მაგრამ ეტყობა ჩემი ექსპატური ცხოვრება გამახსენდა ბაქოში, სადაც მინიმუმ კვირაში ერთხელ, ხან ორჯერაც ანტრედან ან სტარბაქსიდან ვწერდი "ბაქოს ქრონიკებს". ტრადიციასავით მქონდა. სტარბაქსში ჩემი საყვარელი ადგილიც მქონდა, ფანჯარასათან. ყველაზე გემრიელად იქ "იჯდომებოდა" და იწერებოდა. ხოდა ახლაც ასე გადავწყვიტე. აქ არავის უკვირს ლეპტოპგახსნილი ჯდომა. 

მგონი წერითი ბლოკადა მაქვს. უამრავი რამე მაქვს თავში და საერთოდ, შიგნით. უამრავი რამის თქმა მინდა და მოყოლა. მაგრამ არაფერია დალაგებული, ფაქტია. ჯერ ვერკვევი ჩემ თავში და სურვილებში. და გეგმებში. 

ასე მშრალად და ფაქტებად რომ მოვყვე - გადავდგი ეს ნაბიჯი და ჩემი დიდი ხნის სურვილის და მიზანის ხორცის შესასხმელად პირველი ნაბიჯები გადავდგი. პრინციპში, ეს უფრო მოთელვაა ალბათ. სამსახური ჯერ არ მიშოვია. ჯერ მხოლოდ რამდენიმე უარი მაქვს და კიდევ ერთი ვაკანსია, სადაც უნდა გავაგზავნო. და კიდევ, ერთი ორგანიზაცია, სადაც უნდა მივაჭრა დარეკვის და მიწერის გარეშე და გავეცნო, რომ მათი კოლეგა ვარ თბილისიდან და შევატყობინო, რომ აქ ვარ და თუ რამე - გამითვალისწინონ. მზად ვარ :)

ხო, და რაც მთავარია: მე ხომ პირდაპირ ვაკანსიების ძებნა დავიწყე. ხოდა მერე ერთი არაჩვეულებრივი გოგოს წყალობით, რომელსაც სრულიად შემთხვევით სულ სხვა რამეზე შევეხმიანე და კი იცოდა, რომ წამოსული ვიყავი და ისე ვუთხარი, ხო, აქ ვარ უკვე და ვეძებ, იმედია რამე გამოჩნდება მეთქი, მოკლედ, ამ გოგოს წყალობით სულ სხვა გზა დავინახე და მივხვდი, საიდან უნდა დამეწყო ყველაფერი. თან იმხელა იმედი ჩამისახა, შენ აუცილებლად მოგცემენ უფლებას და მერე ეგრევე იპოვი კარგ სამსახურსო. ხოდა პროცესი ასეთია: აქაურ ინტეგრაციის ფონდში შემაქვს განაცხადი, რომ მომცენ უფლება ინტეგრაციის კურსებზე სწავლების. ამისთვის უნდა შევიტანო გარკვეული საბუთები. უნივერსიტეტებიდან უკვე მაქვს, ველოდები ბაქოდან, სადაც ყველაზე მეტი საათი მაქვს დაგროვილი და რაც, სხვათა შორის სულ ბოლოს გამახსენდა და ძალიან გამიხარდა. და რაც მთავარია. ველოდები მოწმობას გოეთედან. იმედია, მალე გამომიგზავნიან... ხოდა მერე მგონია, ყველაფერი კარგად და მარტივად წავა. თუ არ წავა? თუ არ წავა, არც მაგაზე ვინერვიულებ, ასე გადავწყვიტე. გამოვა - გამოვა. არ გამოვა - რამე სხვა გამოვა. 

კიდევ იცი რაზე დავიწყე ფიქრი? ან რატომ არ მახსოვდა აქამდე. სანამ ვენას გადავწყვეტდი, სწვალა რომ დავიწყე, ხომ მაშინვე ვამბობდი, მინდა სადმე თბილ ქვეყნებში წავიდე სამუშაოდ მეთქი. ეს თბილი ქვეყნები ჩემთვის პორტუგალია ან ესპანეთი იყო. ხოდა ახლაღა მახსენდება ბუნდოვნად, რომ პორტუგალიაზე მითხრა ერთმა მეგობარმა, თუ დააასტურებ, რომ შემოსავალი გაქვს და რიმოუთ მუშაობ, გაძლევენ ცხოვრების უფლებასო. ხოდა ზუსტად ახლახანს სხვა მეგობარმა მითხრა, მაგ თემაზე ვისმენ ახლა ვიდეოს, რაღაც ქვეყნები დიგიტალ ნომადებისთვის იძლევიან ვიზასო. არიქა, გამახსენდა, რომ ვიცოდი. დავძებნე და კი ბატონო, ერთი მეორეზე თბილ ქვეყნებს აქვთ ეს ვარიანტი. უბრალოდ, ჯერ კარგად არ ჩავჯდომივარ მაგ საკითხს. ასე რომ, ესეც ერთ-ერთი ოფციაა. დიდი ხნით თუ არ, რაღაც პერიოდიდთ მაინც შეიძლება სხვაგან წასვლაც. 

ალბათ ფიქრობ, რას მიედ მოედებაო. ხო, ცოტა დასალაგებელი ვარ, კი. ჯერ, რაც მთავარია, ეს საკითხი დავძარი. ახლა ყველაფერი მოვაგროვო და შევიტანო, ეს არის მთავარი. მერე - ვნახოთ.

პირველი ერთი კვირა სულ მზე იყო, ისეთი მზე, რომ ტერასაზე მაისურითაც კი ვიჯექი ხოლმე. შემდეგი 1 კვირა დაიმალა. ძალიან მიჭირს მზის გარეშე. მართლა მოქმედებს. და აი, ეს ორი დღე ისევ გამოაჭყიტა და მართალია თან საკმაოდ ცივა, მაგრამ მაინც მაბედნიერებს და ვცდილობ, დღის შუქზევე გავიდე ხოლმე გარეთ, მით უმეტეს, როცა დღის პირველ ნახევარში მცალია. აქ 5 საათზე უკვე ბნელა. და ცივა. ისე ბნელა, მუშაობას რომ ვამთავრებ, მგონია, ღამეა უკვე და გასვლის სურვილი მეკარგება. მაგრამ ახლა უკვე საშობაო ბაზრობები დაიწყო, რაღაც ივენთებიც იქნება ალბათ და უფრო აქტიურად ვეცდები გასვლას. 

დღეს შუადღიდან გამოვედი და ალბათ ერთი 4 საშობაო ბაზრობა მოვიარე. არ ვარ მე მანდ მისაშვები. რაღაც სისულელეების ყიდვა მინდება. ნუ, Glühwein-ის დალევა აუცილებლობაა, ცხადია. 

და კიდევ, გაზიარება მჭირდება ამ ყველაფრის. მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს მარტო ყოფნაც და მარტო ბოდიალიც, მით უმეტეს ევროპაში, რაღაც ეტაპზე მინდება და მჭირდება გაზიარება. 

უკან როდის წავალ, ჯერ არ გადამიწყვეტია. ან გამოვიყენებ ყოფნის უფლებას ბოლომდე და იანვრის ბოლოს დავბრუნდები, ან საახალწლოდ. და მერე გაზაფხულზე ჩამოვალ. ეს იმ შემთხვევაში, თუ სამსახურის ამბავი არ დაიძრა. თუ ამასობაში რამე დაიძრა, მაშინ მაგის მიხედვით მოვიქცევი. ახალ წელს აქ დარჩენას ვფიქრობდი. ან სადმე გადავსლას, სხვა ქვეყნაში, ან რომელიმე მეგობართან შეხვედრას. ახლა ვფიქრობ, ზამთარი თბილისში გადავაგორო, ჯობს, და თუ ჩამოსვლის სიტუაცია იქნება ისევ, გაზაფხულზე ვისარგებლო შემდეგი ჩამოსვლის შანსით. 

ახლა ვითვლიდი, მერამდენედ ვარ ვენაში. მგონი, მეხუთედ. ცოტა უცნაურად ვგრძონ თავს. რთულია ავხსნა, როგორ. ვერ ვიტყვი, რომ სახლი მენატრება და სახლში მინდა, ჯერ ძალიან ადრეა ამისთვის. მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ სახლში ვგრძნობ თავს. არა და, აქ და გერმანიაში ჩასვლისას, მომენტალურად მეუფლებოდა ხოლმე ეს შეგრძნება. შეიძლება, რაღაცეებს რომ ველოდები და არც ტურისტი ვარ და თან არც აქ ვცხოვრობ ჯერ, აი ეს რაღაც შუალედური მიშლის ხელს? ან დრო მჭირდება და მოდუნება. 

უნდა დავგეგმო 1-2 გასვალ სხვა ქალქში და ქვეყანაში, სანამ აქ ვარ. უბრალოდ ეს ზამთარი ცოტა არ განაწყობს ადამიანს ამისთვის, მაგრამ მაინც. 

სხვა კაფე უნდა ვიპოვო რამე, სადაც წერას შევძლებ ხოლმე. აქაურობა არ არის ის, რაც ბაქოს სტარბაქსში იყო. ვენაში სხვანაირ კაფეში უნდა დაჯდე :) წინა კვირას ფრანგული კაფე დავჯავშნე და საუზმეზე იქ წავედი. ადრე მეძნება და ადრე მეღვიძება. კვირას 8-ის ნახევარზე უკვე ფეხზე ვიყავი :)) სამშაბათს მაქვს კიდევ დაჯავშნილი რაღაც არტ კაფე-ში მაგიდა. ბრანჩე მივალ და თან მაგ დღეს საერთო მაგიდას სთავაზობენ სამუშაოდ. კიდევ - ინტერნეიშენში დავრეგისტრირდი და ველოდები, კარგი ივენთი იყოს რამე, რომ შევუერთდე. 

რაღაცნაირი ცნობის ფურცელივით პოსტი გამოვიდა. თითქოს საზოგადოების წინაშე მოვიხადე ვალი და ფაქტები ჩამოვწერე :))

რაღაცას ველოდები. ჩემშივე. აი იმ განწყობას თუ რაღაცის გახსნას, რაც თავს სხვანაირად მაგრძNობინებს. იმის შეგრძნებას, რაც აქ მიყვარს და როგოროც მიყვარს აქ ჩემი თავი. 

ხო, ტოსკანაზეც კი არ დამიწერია. იმდენად ემოციური და ფანტასტიური იყო, შეიძლება ვერც დავწერო ალბათ. 

იცი, რა იქნება ყველაზე კარგი? აი აქ გამეხსნას უცებ მართლა პორტალი, წერა დავიწყო, მართლა წერა. და ყოველ დღე მივდიოდე ჩემ მიერ აღმოჩენილ კარგ ადგილას და ვწერდე, წიგნზე ვმუშაობდე. აი ეს იქნებოდა იდეალური. ამ აბზაცის წერისას გამახსენდა უცებ და გამეღიმა: გუშინ ჩემი ძმის დაბადების დღე იყო, მეგობრები ჩამოადგნენ საქართველოდან :) რესტორანში ვიყავით, ავსტრიულ ტრადიციულში. მისი ორი თანამშრომელიც იყო, რომლებსაც არ ვიცნობდი,. ხოდა, მოკელდ, მე დაგვიანებით მივედი, გამაცნეს და აღმოჩნდა, რომ ჩემი სადღეგრძელო დააპაუზეს, რადგან მაგვიანდებოდა :)) ხოდა ერთ-ერთმა მეგობარმა ამათ ისე წარუდგინა ჩემი თავი, როგორც საოცარი იუმორის მქონე, არაჩვეულებრივი მწერალი, სოციალური მოღვაწე :))) ა ა.შ. ნუ ეს უკანასწკნელი მთლად ასე არ უთქვამს, მაგრამ რაღაც მსგავსი იყო. და მე ყველაზე მეტად რა გამიხარდა - მწერლობა :)) 

დავიძარი ახლა შინისკენ. საინტერესოა, გუგლ მეპი რომ არ არსებობდა, როგორ ვიგნებდი ხოლმე გზას უცხო ქვეყნებში :)) რუქები არ მიყვარს :))

Comments

Popular posts from this blog

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..

before and after party

ჩამოსასხმელი ზაფხული