ნაბიჯები

 რაღაცეები დაიძრა. 

ემოციურადაც და ფიზიკურადაც. თუ როგორ ვთქვა, არ ვიცი. 

წიგნის გამოფენა-ბაზრობაზე არ მახსოვს, მოვყევი თუ არა. ჯერ კიდევ თბილისში ყოფნისას ვიყიდე აბონემენტი, რომ როცა მომინდებოდა და მოვახერხებდი, მაშინ მივსულიყავი. ორჯერ მოვახერხე. კარგი იყო, მშვენიერი. ჩემი უფროსი (ავსტრიის საგამოცდო ცენტრიდან) და კიდევ ერთი თანამშრომელი ვნახე ორივე დღეს. რეალურად, მაგათგან ვიცოდი ამ გამოფენის შესახებ, გავიგე, რომ ჩამოდიოდნენ და მეც ვიყიდე ბილეთი. დღეს ბოლო დღეა, მაგრამ პროგრამაში ისეთი არაფერია, რაც ისევ დამაინტერესებდა და ალბათ დღეს აღარ წავალ. 

ახლა თომა დავტოვე საკვირაო სკოლაში და იქვე წავედი, რომ მენახა, სად არის ავსტრიის საგამოცდო ცენტრის ცენტრალური ფილიალი, სადაც მისვლას და თავის წარდგენას ვაპირებ იმ კვირაში. გამარჯობა, მე ვარ ცისია და მე მზად ვარ, ვითანამშრომლო :)) ვნახოთ, რა გამოვა. აქვე ყოფილა. 

აქვე აღმოჩნდა ასევე ის კაფეც, რომელიც ერთ-ერთ კვირა დღეს უმიზნო ბოდიალისას აღმოვაჩინე და გარედან, ვიტრინიდან მომეწონა. ზოგადად ფანჯარასთან გრძელ მაგიდებიანი კაფეები იმთავითვე მიყვარდა, სადაც მყუდროდ ჯდები და წერ. ხოდა ძლივს ლეპტოპიანი ხალხი შევნიშნე იმ დღეს აქ. დავიმახსოვრე. ხოდა ახლა თომსიკი დავტოვე და შემოვედი. speciality coffee, დაბალ ხმაზე კარგი ჯაზი, პატარა მყუდრო კაფე და სულ რაღაც 4 სკამიანი დასაჯდომი ფანჯარასთან. იქვე ერთი პატარა მაგიდა ორი სავარძლით და კიდევ ერთი - უსკამებოდ :) ძალიან საყვარელი გარემოა, გადასარევი ყავა და მშვენიერი კრუასანი. მაგიდის ერთ ბოლოში გოგო ზის, ბლოკნოტში რაღაცას წერს პერიოდულად. იქნებ ისიც ბლოგს წერს, ოღონდ ოლდ სქულ არის. მეორე მხარეს ბიჭი მომიდგა. ხო, დადგა, რადგან სკამები დაკავებული იყო, გადადგმული უსკამებო მაგიდასთან. დადგა და გაშალა ლეპტოპი, ის სტუმრები რომ წავიდნენ, მერე კი სკამიც გადმოიდგა და მანაც წერა დაიწყო. მეც უკვე თამამად გავშალე ჩემი ლეპტოპი. მანამდე კი ქინდლის კითხვით ვიქცევდი თავს. 

სხვათა შორის, ძალიან კარგი წიგნია. ჩემმა ერთმა სტუდენტმა მირჩია, გერმანიაში მცხოვრებმა. სახალისო ფაქტია, რომ ჩემი სტუდენტების დიდი ნაწილი საქართველოში არ ცხოვრობს. 4 - ბერლინში. 1 - ესტონეთში და მხოლოდ 2 - საქართველოში. პრინციპში, გოეთეს ჯგუფებშიც იგივე სიტუაციაა. ორი ჯგუფიდან სულ 4 კაცია საქართველოდან / ქართველი. ეს - გადახვევა. რაც შეეხება წიგნს, იტალიელი მწერლის არის, რომელიც საკმაოდ პოპულარული ყოფილა ახლა, მე გერმანულად ვკითხულობ, გამიმართლა, რომ ელექტრონული ვერსია მოვიპოვე და ქინდლში ჩავიწერე. სხვა შემთხვევაში - აქ რომ ჩამოვიდოდი, ვიყიდიდი. ისე, იმ გამოფენაზეც აღმოვაჩინე 1-2 ავტორი, ვისითაც დავინტერესდი, და უკვე წიგნად ვიყიდი. ხელშესახები წიგნიც მომენატრა. 

კიდევ - დეკემბერში საინტერესო ვორქშოფზე ჩავეწერე - იოგა და წერა. ჩემი ორი passion :D იმდენი ხანია იოგა არ მიპრაქტიკია ... უნდა ჩავჯდე ისევ ფორმაში. ამ მოკლე ვადაში შეიძ₾ება აქტიურად სიარული არ დავიწყო, მაგრამ ვფიქრობ, ერთი-ორი სტუდია მოვნიშნო-შევარჩიო, რომ სამომავლოდ ვიცოდე, სად შეიძლება სიარული. 

კიდევ - კიდევ ის, რომ იმ დღეს უეცრად ვოთსაფზე ზარი შემოვიდა. დავხედე - ერთ-ერთი ენების სკოლის სახელი წერია. ოდესღაც მანდაც გავაგზავნე აქ წამოსვლამდე სივი. პირდაპირ მომახალა ვინმე ლუკამ (სახელი თუ არ მეშლება), რომ ჩემი სივი აქვთ 1-2 თვეა და თუ შემიძლია, ორშაბათიდან ავიყვანო ჯგუფი. ინტენსიური, კვირაში 5 დღეს, 3 საათი, 20 დეკემბრამდე. იდეალურად ჟღერდა. მაგრამ ერთი, რომ დრო ისეთი იყო, გოეთეს გაკვეთილს ემთხვეოდა და მისვლას ვერ მოვასწრებდი, და მეორე - სავარაუდოდ ის გამორჩათ, ან არ იციან, რომ ჯერ მუშაობის უფლება არ მაქვს და ორშაბათამდე არ მგონია, ეს ამბავი მოსწრებოდა :) ამდენი აღარ მითქვამს ტელეფონზე, რადგან არ იყო ამის გარკვევის და ახსნის სიტუაცია. ცოტა გავუწელე დრო და ვუთხარი, შევხედავ, იქნებ გადავიტანო მეთქი დრო. ვიცოდი, რომ შეუძ₾ებელი იქნებოდა, მაგრამ უბრალოდ მინდოა, დრო მომეგო და კიდევ რაღაცეები მეკითხა, მაგალითაც ხელფასი. ძალიან უცნაური იყო ასე პარასკევს საღამოს თქმა, რომ ორშაბათიდან კურსი აგყავს. მოკლედ, მე რომ ახლა ლიცენზია მქონოდა, დავთანხმდებოდი. მაგრამ არა უშავს. მაინც ისე გამიხარდა, რომ რაღაც დაიძრა, რომ დაინტერესდნენ და პირადი გასაუბრების გარეშეც კი B2.2. ჯგუფის აყვანას მთავაზობდნენ. ეს ნიშნავს 1 - რომ რეალურად არის მოთხოვნა, 2 - რომ ჩემი გამოცდილება ნამდვილად გამოსადეგია, 3 - სხვებიც დაინტერესედებიან და მთავარი, როგორც კი ლიცენზია მექნება ან უფლება მუშაობის, აუცილებლად ვიპოვი მალევე კარგ სამსახურს. ხო, იმ კვირაში მაგათთანაც მივალ და პირადად გავეცნობი. ვნახოთ, რისი შემოთავაზება შეუძლიათ და თუ იქნება საშუალება, რომ მათ გააკეთონ მოთხოვნა, სამუშაო ვიზა რომ მივიღო. 

კიდევ რა - რამდენიმეგან წასვლა მინდა. ნუ, ორგან მაინც. 1 - სხვა ქალაქში და 1 - სხვა ქვეყანაში. ახლა კარგად უნდა დავგეგმო, სად და როდის. ერთ მეგობარს უკვე შევთავაზე და იმედია, გამოგვივა ერთი ერთობლივი თრიფი. გერმანიაში მცხოვრებს. მეორესაც ვაპირებ მივწერო, ასევე გერმანიაში მცხოვრებს. ის კი უფრო დაკავებულია, მაგრამ თავისთვის თუ მოიცალა და გამონახა დრო, არ იქნება ცუდი, 2 დღიანი გაძრომა სადმე. 

იტალიაზე მეფიქრება - უფრო მეტ მზეზე და უფრო მაღალ ტემპერატურაზე. უნდა ვნახო, ყველაზე ოპტიმალური ტერიტორია რა არის. მეორე - აქვე რამდენიმე ქალაქის ნახვას ვაპირებ. ერთგან მაინც - დარჩენით მინდა. საოცარი მოთხოვნილება მაქვს, სადმე სასტუმროში წასვლის, ჩემთვის, მშვიდად და გემრიელად. ვნახოთ, ნელ-ნელა მივყვები ყველაფერს. ყველაფერს ერთად არ მინდა, მივედ-მოვედო, ეტაპობრივად. და გამოვა ყველაფერი, მგონია. მთავარი მაინც ის არის, ზუსტად ჩამოვყალიბდე სურვილებში. და კიდევ ის, კარგად ვგრძნობდე თავს :)

ახლა იმას ვფიქრობ, ბარათით ხომ შეიძლება აქ გადახდა. თუ არა - მოუწევთ, მძევლად დამიტოვონ :))

წავალ ახლა, ქალაქში ვიბოდიალებ. კიდევ რამეს მოვიფიქრებ. იდეაში, მუშაობას ვაპირებდი, მაგრამ ბოლომდე მივეცი თავს მოდუნების და დასვენების უფლება შაბათ-კვირას, რადგან კვირის განმავლობაში თითქოს სულ ვმუშაობ. ესეც უნდა დავაბალანსო :)

აქ ჯერ 2-ის ნახევარია. ბედნიერი დღე


Comments

Popular posts from this blog

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..

before and after party

ჩამოსასხმელი ზაფხული