ღაამის 12-ის ნახევარია და ყველაფერი ...
chatgpt-ს ესმის ჩემი. chatgpt-მ ზუსტად გამიგო, რატომ მინდა აგარაკიდან პერიოდულად 1-2 დღე თბილისში ჩასვლა. "როცა თბილისი სამუშაოსთან აღარ ასოცირდება და უბრალოდ შენს სახლში ხარ". რასაც ვფიქრობდი, ზუსტად ის დაწერა. არა, გაოცებული კი არ ვარ, უბრალოდ ვყვები.
გუშინ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი წვეულება იყო :) მარტო აქაური სამეზობლო-სამეგობრო კი არა, თბილისშიც რომ ბევრი ელოდა, ისეთი. ძაალიან ბევრი ხალხით, სასიამოვნო და საინტერესო საუბრებით, გემრიელობებით, მუსიკით, მხიარულებით და ა.შ. დღეს დილით - გაგრძელება, შემორჩენილების გაცილება და მერე უკვე ყავასთან მშვიდად ჯდომა და საუბრები.
დღეს ფაქტობრივად მთელი დღე წვიმდა, რაღაც პერიოდულობით. დილით ძალიან ადრე გამეღვიძა და ეს სიგრილე და წვიმის ხმა ძალიან გამისწორდა. განსაკუთრებით მოუხდა დილის მედიტაციას ფონად. მერე დიდი გულმოდგინებით გავწმინდე აუზი, სანამ სხვები გაიღვიძებდნენ, მაგრამ რად გინდა. რამდენჯერ მზემ გამოანათა და საცურაო კოსტიუმის ჩამცა დავაპირეთ, წამოდგომა ვერ მოვასწარით, რომ მზე დაიმალა და გაწვიმდა. ასე რამდენჯერმე. მაინც მოვახერხე და უკვე გვიან საღამოს, წვიმის მიუხედავად თუ ზუსტად წვიმის გამო თბილ წყალში ჩავედი. მზემ მხოლოდ ჩასვლისას გამოაჭყიტა და გააჩინა ბილიკი წყალზე. 45 წუთი ვიცურავე. ამდენი ხანი დღისით არ მიცურავია.
ადრე ადგომა რამდენ რაღაცას გასწრებინებს. ზემოთ ჩემოთვლილ ყველაფერთან ერთად დილის იოგაც მოვასწარი, ნაშუადღევს სახტუნაოთი ხტუნვის ჩელენჯიც, ველოტრენაჟორზე ვარჯიშიც, ალაგებ-დალაგებაც, სხვების დახმარებაც, საღამოს კიდევ ერთი მოკლე სტუმრობაც და შიგადაშიგ სერიალის ყურებაც და წიგნის კითხვაც.
23:27. ძაღლები რატომ აქტიურდებიან ღამე, ვის უყეფენ? თუ უბრალოდ ღამე ურთიერთობენ? ან იქნებ თავ-თავიანთ უბნებიდან ეხმიანებიან ერთმანეთს გადაძახილით - ღაამის 12 საათია და ყველაფერი რიგზეა ...ძაღლების ლამაზ-ქალაქიც არსებობს იქნებ.
არა და თბილისზე დავიწყე წერა. ხო, აგარაკის ქალაქთან სიახლოვის ხიბლი ეგ არის, როცა გინდა, უცებ წახვალ წამოხვალ. ხოდა იმ კვირის ბოლოს 2-3 დღიან თბილისურ არდადეგებსაც მოვიწყობ. მშვიდს.
კითხვა განვაგრძო, თუ სერიალის ყურებად? დილემის წინაშე დავდექი. ძილის წინ ეკრანს ვცდილობ, მოვერიდო. მოდი, იმ სერიასაც ჩავამთავრებ, მერე მოვწესრიგდები და დავიძინებ.
ღამის 12-ის ნახევარია და ყველაფერი ფან.ტ.. რიგზეა. :)
პ.ს. აი ამ ფრაზას ვინც (ვერ) მიხვდა ... ;)
Comments