სერიალი. წიგნი. ფილმი. ცხოვრება
"Never confuse movement with action"
E.H.
ხანდახან ისევ ვფიქრობ, რომ ადამიანი რამდენიმე ცხოვრებას ცხოვრობს. ყოველ შემთხვევაში, ჩემ თავზე ასე მგონია. აი ახლა, აქ და ახლა ერთი ცხოვრებაა. მანამდე, სანამ თბილისში ვიყავი - სხვა იყო. აქედან რომ ჩავალ - ისევ სხვა იქნება. სამუშაო წელი რომ დაიწყება - კიდევ სხვა.
ადრე საერთოდ ასე ვგრძნობდი - კვირის განმავლობაში ერთი ცხოვრება მქონდა და შაბათ-კვირას - სულ სხვა. მერე რატომ გაერთიანდა, არ ვიცი. ანუ რადიკალური განსხვავება აღარ იყო რაღაც მომენტიდან. ან ნელ-ნელა მოხდა ეს.
და კიდევ მანამდე, დემი მურის გმირს ვადარებდი ხოლმე თავს ერთი ფილმიდან, სადაც ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს. უფრო სწორად, ერთი ცხოვრება ესიზმრება, მეორე კი ნამდვილია. უბრალოდ იმდენად რეალურია ორივე, რომ ვერ არჩევს, რომელია მართლა ნამდვილი. ეს იმ პერიოდში, როცა ორშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი ერთ სამსახურში ვმუშაობდი, და სამშაბათი-ხუთშაბათი სულ სხვა საქმეს ვაკეთებდი, შაბათ-კვირას კი სულ სხვა ცხოვრებით ვცხოვრობდი. პრინციპში, სამსახურის მერეც, თითქმის ყოველ საღამოს სხვა ცხოვრება იყო ხოლმე. რამდენს ვასწრებდი.
რაღაცეებზე გგონია, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, რომ სულ ასე იქნება. მერე ხვდები, რომ არაფერი იქნება "სულ ასე". ამიტომ მერე სწავლობ, იმ წამით და იქ ყოფნით დატკბე და ისიამოვნო, რაც არის.
სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ რაც მეგონა, იქნებოდა, დღეს ის უკვე წარსულია და არ შემდგარი მომავალი. ასე რომ, კი, იოცნებე, ისურვე, დაგეგმე, იფიქრე, მაგრამ იცხოვრე დღეს.
და მე ხომ ჯერ კიდევ არ ვიცი, კიდევ სად აღმოვჩნდები, სად წავალ. და ისევ მგონია, რომ წავალ. იმიტომ რომ ვიცი, ჯერ კიდევ მეტი მინდა.
სერიალი დავამთავრე. ძალიან საყვარელი სერიალი იყო. თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მსგავს თემაზე სხვანაირი ფილმები და სერიალებიც გადაუღიათ, მაგრამ ვისიამოვნე. და კიდევ ერთხელ მივხვდი, ერთად ერთი, რისიც შეიძლება ვინმესი შემშურდეს, დროა. მაინცდამაინც ასაკი კი არა (ამაზე სწორად გუშინ თუ გუშინწინ გვქონდა საუბარი, და რამდენიმე ადამიანმა, და უნდა აღვნიშნო, რომ ყველა მდედრობითი იყო :)) აღმოვაჩინეთ, რომ ყველა ვკაიფობთ იმ ეტაპით, სადაც ახლა ვართ და ვხვდებით, რომ ბევრი რამით ჯობს იმას, რაც იყო), დრო. ის, რომ ბევრი დრო აქვს ადამიანს წინ. და ბევრი კარგი რამის გაკეთების შესაძლებლობა. თუმცა, რა. ახლა რატომ არა? :) ხოდა, ხო, იცხოვრე დღეს.
და სულ რამდენიმე თვის წინ ასევე იყო დაუგეგმავი ძალიან სასიამოვნო რაღაცეებიც, ალბათ ვერასოდეს რომ წარმოვიდგენდი, ისეთი. ხოდა იქ და მაშინ იმ მომენტით ვიცხოვრე. და კარგი იყო.
ერთ ძალიან კარგ ფილმში, რომელიც რეალურად წიგნის ეკრანიზაციაა, მთავარი გმირი ფილმის ბოლოს ჰემინგუეის სიტყვებს ამბობს "The world is a fine place and worth the fighting for." და მერე ამატებს თავის მხრივ: "I agree with the second part." :) მე კი ჩემის მხრივ პირველ ნაწილსაც ვეთანხმები :)
ჩემი ბოლო პოსტები ქვიზს დაემსგავსა თითქოს. ხან წიგნს არ ვასახელებ, ხან ფილმ(ებ)ს. ისიც არ ვიცი, ვინ კითხულობს და ვინც კითხულობს, რას ხვდება და რომელ წიგნს / ფილმს გამოიცნობს და რომელს ვერ. ან დააინტერესებს თუ არა რომელიმე. ასეთ შემთხვევაში, პასუხს გავცემდი :)
პ.ს. პოსტს ციტატა ბოლოს წავუმძღვარე. ესეც ჰემინგუეის ყოფილა, უბრალოდ აქამდე არ ვიცოდი, მარლენ დიტრიხისთვის მიუცია ეს რჩევა. რაღაცნაირად მოუხდა მგონი იმ არსს, რისი ჩადებაც ვეცადე პოსტში.

Comments