ღამის სეირნობიდან
ღამის თორმეტის ნახევარია. ტაქსის მძღოლს ეზოში დავხვდი და გასაღები გამოვართვი. ყველანაირი ლოგიკით უკან უნდა ამოვბრუნებულიყავი, მაგრამ დაუძლეველი სურვილი გამიჩნდა, ეზოში გამევლო ჰაერზე. არ ცხელა. არც გრილა, მაგრამ ჰაერი არ არის დახუთული და შემაწუხებელი. ეზოში არავინ არის. ან თითქმის არავინ. ჯერ ამ ქუჩას გავუყვები ბოლომდე. ისეთი გზებით ვივლი, სადაც, როგორც წესი, არ მიწევს სიარული. აი ეს განათებული აივანი, ძალიან ლამაზია ეს ნათურები. შუაში რაღაც "შატიორივით" მეგონა. რეალურად რკინის საშრობზე გაფენილი სარეცხი აღმოჩნდა. მაინც ლამაზი იყო. იქვე, გვერდზე სადარბაზოში, ცოტა ზევით სართულზე ვიღაცას მუდმივი ახალი წელი აქვს. აი ამათაც ხომ ნათურები აქვთ და იმათაც, მაგრამ ამათი ციცინათელებივით არის და იმათი - ახალი წლის მორთულობა. "განუყრელი დღესასწაული". უი, ისე კარგი იდეაა. სადღაც კი მქონდა ეს ციცინათელებივით ნათურები და სად წავიდა ნეტა? თუ მე არ მქონდა? მოკლედ, ან ვიპოვი, ან ვიყიდი და მოვრთავ აივანს, მოუხდება. ზაფხული ჯერ კიდევ წინ არის. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ახლა დაიწყო და ასე მინდა. შეგრძნებაც ასეთი მაქვს. არა და ... პირველი აგვისტოა. რამდენი რამე გინდა ამ ერთ თვეში ჩაატიო? ხო, კაი, თვენახევარში. მე ამდენი მაქვს :)
აი სადღაც რომელიღაც ამ აივანზე ულამაზესი კატა ცხოვრობს. ახლა ალბათ სძინავს. ჩემი კატაც ლამაზია. ყოველ შემთხვევაში - ჩემთვის ლამაზია. ჩემი რა, მთელი კორპუსი რომ ჰყავს დამონებული, აი ის კატა. არ არსებობს, დავინახო და ხმა არ შემეცვალოს, სახეზე ღიმილი არ გამიჩნდეს და ტკბილად არ გამოველაპარაკო.
ახლა კიბით ჩავალ და კომპლექსის დასაწყისში აღმოვჩდები. ნაცნობმა ფარმაცევტმა აფთიაქის კარი გადაკეტა. ესე იგი 23:45 ყოფილა უკვე. დაცვა უმიზნოდ დგას შლაგბაუმთან. ალბათ ცოტა ხანში შევა ჯიხურში და დაიძინებს.
ჩავუხვიე ქვედა კორპუსებისკენ, აი იქ, სადაც კიდევ უფრო მეტი სიმწვანე და სიმყუდროვეა. როგორ მიყვარს ჩემი უბანი. ეს ბიჭი დიდი ალბათობით რუსია. ძაღლი ასეირნა და შინ ბრუნდება. ალბათ არა დაქირავებულ, არამედ უკვე ნაყიდ შინ-ში. ქვემოთ არავინ არის. ულამაზესია ეს ყვავილები სიბნელეში. სულ სხვა ფერია. უკან ნაბიჯების ხმა მესმის. აქ რა არის საშიში, მაგრამ ავტომატურად ცოტა ავუჩქარე. ბილიკების გასაყართან ჩვენი ნაბიჯებიც გაიყო. ასევე მოკლე შორტებში ჩაცმულმა ახალგაზრდა გოგომ სავარაუდოდ თავისი სახლისკენ განაგრძო გზა.
ეს კაფე რატომ დაკეტეს ნეტა? კარგი ტერასა ჰქონდა. და შიგნითაც არ იყო ცუდი. რამდენჯერმე ვიმუშავე კიდეც აქედან. აი იმ პერიოდში, როცა ჯერ კიდევ ვსწვალობდი და ვმუშაობდი და ცოტა ამოსასუნთქად ხანდახან გარემოს შეცვლა მჭირდებოდა სამუშაოდ. ისე კი ალბათ სულ 2-3 ჯერ თუ დავმჯდარვარ ყავის დასალევად რომელიმე მეგობართან ერთად. რატომ ვერ გაუწია ამ სიმწვანეში ჩაფლულმა მშვენიერ ტერასიანმა კაფემ სხვებს?
ბილიკი ცარიელია. ირგვლივ ჯუნგლებივით ბევრი ხე, ბალახი, სიმწვანე და ყველა ნაბიჯზე სხვადასხვა სუნი. ნეტა რა ხდება ამ ფანჯრებში. ამ კორპუსების ფანჯრები თითქოს განსაკუთრებით დაბლაა, პირველ სართულებს ვგულისხმობ. სადღაც აქაც ცხოვრობს კიდევ ერთი კატა. ახლა ალბათ იმასაც სძინავს.
ნახევარ წრე დასრულდა და ჩემი ქუჩისკენ ავუხვიე. ეს ლამპიონი მიყვარს და მასზე გირლიანდებივით ჩამოკიდებული ხვიარა მცენარე. საღამოს აქ კიბით ასვლისას განსაკუთრებით ლამაზია. ისევ რუსები, ამჯერა წყვილი, მანათობელი პატარა ძაღლით. რეალურად ძაღლი არ ანათებს, ცხადია. ყელზე ფოსფორისფრად და წითლად მანათობელი საყელური უკეთია, ალბათ იმიტომ, რომ ასეთი პატარა შეამჩნიონ. გამეღიმა.
ეს კაფე ალბათ უკვე 2 საათის დაკეტილია. დილით აქ ვისაუზმე გემრიელად. კაფეს მეპატრონესაც ვეკონტაქტე. მერე ამოვბრუნდი, ერთი გაკვეთილი ჩავატარე და ვარჯიშზე წავედი. იქიდან გასაწური გამოვედი. გადავივლე და სალონში წავედი. კარგი დილა იყო. და შუადღეც. ძალიან ხშირად უნდა იყოს ასეთი დილა-შუადღეები. როგორ მიყვარს, როცა არსად მეჩქარება.
ცოტა კიდევ რომ გავიგრძელო გზა? ჩემ კორპუსს უკანა მხრიდან მოვუვლი. მანამდე კი ჩემ ფისოს დავძებნი, იქნებ თავის ჩვეული ადგილებიდან ერთ - ერთზე, ანუ პირველი სართულის ერთ-ერთ აივანზე წევს. რაც დაცხა, ძირითადად ხან ერთი აივნის ჩრდილშია განრთხმული, ხან მეორის. დღეს საღამოსაც აქ ვნახე. არა, როგორც ჩანს მასაც სადღაც სძინავს. უფრო რბილ ადგილას?
კორპუსს შემოვუარე. აი, სამაგიეროდ ამ კატას არ სძინავს. თუ მეჩვენება. გვერდზე კორპუსის ერთ-ერთ აივანზე რიკულებს შორის კატა ზის და მიყურებს. ტელეფონით ვიღებ და ვაზუმებ. არ მეჩვენება. წადი ფისო, ძილის დროა.
ეზოში საქანელებზე სიცოცხლე შეიმჩნევა. ვიღაცეებს არ ეძინებათ. აქვე ვოლტის სკუტერი დგას. როგორც ჩანს, აქ ცხოვრობს მეპატრონე. ჩემი სადარბაზოს პირველ სართულზე ქალია გადმოყუდებული და ტელეფონში იყურება. ქალბატონო, მაშინ სად იყავით, პულტი რომ დამრჩა და ამაოდ ვუყურებდი პირველი სართულის ფანჯრებს, იქნებ ვინმეს გამოეხედა და დამხმარებოდა. მაგრამ მაშინ ციოდა.
კარგი, საკმარისია, შემიძლია ავბრუნდე. რა? სულ რაღაც 10, ჰა ჰა 15 წუთი დასჭირდა ამ სიარულს? 15 წუთი ცოტაა. მაგრამ ხანდახან ბევრიც. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი 1 წუთშიც ხდება. ერთ წუთში ინგრევა, ან შენდება. ერთ წუთში წყდება.
15 წუთი დამჭირდა ამ ახალი ლეპტოპის შესარჩევადაც. და საყიდლად. გუშინწინ? კი, მგონი გუშინწინ ვიყიდე. აი ახლა ავდექი და გავეკარე მართლა. რაღაცნაირად სათუთად ვუყურებდი, თითქოს ვუფრთხილდებოდი შეხებას. მორჩა, ყველა ექაუნთით შევედი. ბლოგიც გავხსენი და დიდი ხანია რომ მინდა, რამე მაინც დავწერო და დავძრა, აი ეს გავაკეთე. პირველი პოსტი ახალი ლეპტოპიდან. მშვენივრად იწერება. კი, სხვა რაღაცაზე მინდოდა წერა, მაგრამ სხვა რაღაცეებზე სხვა დროს.
02:29. ჩემთვის უჩვეულოდ გვიან ვიძინებ. ხვალ შაბათია. მაგრამ ადრე უნდა ავდგე. ხვალ ქალაქიდან გავალ. არ ვიცი, საიდან მოვიტანე, მაგრამ მომინდა ეკითხათ, როდემდე გადიხარ, ან როდის დაბრუნდებიო. და მე მეთქვა, გადავწყვიტე, სანამ ვინმე დეითზე არ დამპატიჟებს, არ ჩამოვიდე მეთქი :)) მართლა არ ვიცი, საიდან მოვიტანე :)
აჰა, ჭურჭლის სარეცხმა მანქანამ და მე ერთად დავასრულეთ დღევანდელი მოღვაწეობა. დავხურავ და დავწვები. წიგნის ყიდვა მინდოდა რამის, მაგრამ გადამავიწყდა დღეს. იქნებ ხვალ გზად ვიყიდო. ნაბეჭდი წიგნის ხელში ჭერის "მუღამი" დამიბრუნდა ისევ :)
პ.ს. ღამის ფრინველებს არ სძინავთ. ახლა იწყებენ ცხოვრებას. ერთნაირი შუალედებით გამოსცემს რაღაც ხმას რაღაც ფრინველი. ნეტა ვის ეძახის. და რა უნდა.

Comments