წერილი #2


ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება.


ყველა ადამიანს აქვს ბედნიერების უფლება. ადამიანი იმიტომ არ იბადება, რომ დაიტანჯოს. არ მგონია, რომელიმე რელიგიას მოძღვრებად ადამიანის ტანჯვა ჰქონდეს და ბედნიერების უფლებას ართმევდეს. თუ სადმე ასეა, ეს უფრო საზოგადოების მიერ დამახინჯებული ინტერპრეტაცია უნდა იყოს. ჩვენი საზოგადოებაც არ აკლებს. თუმცა, ვფიქრობ, ნელ-ნელა მივდივართ ამ მარწუხსებისგან გათავისუფლების გზაზე. ნელ-ნელა მივალთ იქამდე, რომ სხვისი ბედნიერება არ მოგვიშლის ნერვებს, არ გაგვაბრაზებს. საკუთარ თავსაც და სხვებსაც მივცემთ ამის უფლებას. 

უფლება კი არა, იქნებ ვალდებულებაც კია. იქნებ ამისთვის იბადება ადამიანი? ეს რომ გაითავისო, რამდენად მეტი სიკეთე იქნება ქვეყნად და ნაკლები ბოროტება. 

მაგრამ ამასაც სწავლა უნდა, თუ არ გაქვს თანდაყოლილი უნარი. თუმცა, ზოგი ამ უნარით იბადება. ან იქნებ ყველა, და მერე ვკარგავთ? ან გვავიწყდება. 

შენ როგორი ხარ? შეგიძლია, იყო ბედნიერი, აძლევ თავს ამის უფლებას? თუ არ გახსოვს, რომ ამისთვის მოხვედი?

წეღან მეგობარს ვწერდი და უცებ მომივიდა ეს აზრი თავში და ვუთხარი, ერთხელ ვცხოვრობთ და უნდა მისცე ადამიანმა თავს უფლება, იყო ბედნიერი მეთქი. ზოგადად ვთქვი. დამეთანხმა, კი, ამის დედაცო. მერე დავასკვენით, რომ იმის მიხვედრა და გაგებაც კი, თუ რა გაბედნიერებს, უკვე ბედნიერებაა. რაც არც ისე მარტივია…

მერე კიდევ ერთხელ მივხვდი იმას, რასაც დიდი ხანია, მიხვედრილი ვარ და სხვადასხვა ფორმით მახსენდება, ან ვამბობ ხანდახან. ან იქნებ უბრალოდ ვფიქრობ: ყოველდღიურობა იმდენად გითრევს, გიწოვს, იმდენ გარსში გხვევს, რომ ის მთავარი, რაღაც მთავარი და სუფთა, სადღაც ამ მილიონი გარსის სიღრმეში იმალება, იძირება და შეიძლება ისე გავიდეს ცხოვრება, სულ ვერ მიაგნო, ვერც კი მიუახლოვდე. 

უახლოვდები მაშინ, როცა მართლა, აი მართლა წყდები ყოველდღიურობას. ჩვეულებრივობას. იმას, რაც მუდმივად არის შენ გარშემო და შენ ცხოვრებაში. ეს არ ნიშნავს, რომ ყოველდღიურობაში არ შეიძლება იყო ბედნიერი. პირიქით, ეს იმ დიდის წინაპირობა და ნაწილია. სწორედ ყოველდღიურობაში და წვრილმანებში, ან თუნდაც არაწვრილმანებში (ურთიერთობებში) ბედნიერების პოვნაც უნარია და თავად ბედნიერებაა. ესეც უნდა შეძლო. 

და ახლა რატომ გადავწვდი ასეთ გლობალურ და მასშტაბურ ბედნიერებას, საიდან წამოვიდა ეს ფიქრები? აა ხო… სწავლის და მუშაობის გახსენებაც კი არ მინდა, იქნებ მართლა გადავდო ყველაფერი შემდეგი ცხოვრებისთვის მეთქი, ეს მივწერე :) ეს ერთი ქარდიდან არის, ე.წ. მიმია: განწყობა მაქვს, მივიღო ბუდიზმი და ყველა საქმე შემდეგი ცხოვრებისთვის გადავდო. ხოდა პერიოდულად მიტრიალებს ხოლმე თავში. არა, ბუდიზმის მიღება არ არის ამისთვის აუცილებელი, მაგრამ მთავარ არსს უნდა ჩაწვდე.

ხოდა აქ, ამ მთებში, სადაც მართლა არის თავისუფლება, და როგორც ჩანს არ არის ის ნათქვამი მთლად აზრს და არსს მოკლებული, ცოტათი მაინც უახლოვდები იმ რაღაც ნამდვილს, შენ ნამდვილ არსს. რამდენიმე დღე ყოფნის შემდეგ ხვდები, რომ რამდენიმე ფენა ზედმეტი ფურცელი შემოგეცალა. იმ მთავართან მისაახლოებლად თითქმის აღარაფერი დაგრჩა. ცოტაც, ცოტაც… მთავარია, დრო გეყოს და მოასწრო დანახვა. და მერე რას იზამ, ეგ უკვე სხვა საქმეა… მერე დაბრუნდები? და შემდეგ შვებულებამდე ისევ ჩაიცმევ იმ უამრავ გარსს და განაგრძობ ჩვეულებრივ ცხოვრებას და ყოვედღიურობაში პატარა ბედნიერების ძებნას, თუ დაიწყებ/განაგრძობ სვლას იმ მთავარისკენ? 

*******

საინტერესოა, რამდენად დალაგებულად გადმოვეცი სათქმელი. რაღაცნაირად მოდის თვითონ, იღვრება, უფრო ნაკადია ემოციების თუ ფიქრის დინების, ვიდრე დალაგებულ-გააზრებული ნაწერი. შეიძლება, სხვა დროს და სხვა განწყობაზე რომ გადავხედო, თავადაც ვეღარ დავიჭირო. ან იქნებ მოვახერხო და ამ ერთ გვერდში ჩავტიო, მოვამწყვდიო სათქმელი და მერე რომ გავხსნი, დამეხმაროს და გამახსენოს ხოლმე მთავარი. იქნებ შენც დაგეხმაროს, რა ვიცი. იქნებ მითხრა კიდეც ოდესმე, თუ დაგეხმარება. 

რიონის ხმა ისმის. სულ ხმაურობს, სულ. რიონის და ჭრიჭინის. ან კალიის, რომელიც არ ჩანს. ღამის ხმები. ასე მგონია, ვარსკვლავების ხმაც ისმის. არ აქვთ ვარსკვალებს ხმები? ძალიან სუფთა ხმებია, სუფთა ღამის ხმები. სუფთა ბუნების. და კლდეები სავარაუდოდ ირეკლავენ ამ ხმებს. აივნიდან ორი დიდი კლდე ჩანს. და შუაში ხიდია. ხიდიკარი - რა ზუსტი სახელია ამ ადგილისთვის. 

უზარმაზარ აივანზე გაფენილი მატიდან ვდგები და ლოგინზე ვინაცვლებ. 12 საათი ხდება. მგონია, უკვე დიდი ხანია აქ ვართ, იმდენი შთაბეჭდილება და ემოცია მოვასწარი მიმეღო და განმეცადა. არა და… მეოთხე დღე ყოფილა. გადავთვალე ახლა თითებზე :) 





დღევანდელი საღამო სადმელში იყო ცოტა სიზმრისეულად საოცრად სასიამოვნო. თავისი ხვანჭკარიან, მთებში მზის ჩასვლიან, ხალხიან, უცხოებიან, ხედიან, საჭმლიან გზიანად. უკვე სახლში მოსულს ერთი ძალიან ძველი სიზმარი გამახსენდა. რა უცნაურია, შეიძლება ადამიანს წლების წინ დასიზმრებული გახსოვდეს? როგორც ჩანს, შეიძლება. ახლა ვფიქრობ, ეს ადგილი იყო… ღამე მშვიდობის

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..