წერილი #3

ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება.

აფირმაცია… ერთი მეგობარი მეუბნება სულ, აფირმაცია აკეთეო. სხვადასხვა ტექნიკასაც მაზიარებს პერიოდულად. მე კიდევ - მავიწყდება. საქმიან პერიოდში კიდევ ხო, მესმის, მაგრამ ახლა? ახლა სავარაუდოდ ისე ვარ მოცული შთაბეჭდილებებით და ემოციებით, რომ ამიტომ მავიწყდება. მაგრამ თუ სწორად აქ მივხვდები, რა მინდა, მაშინ აფირმაციასაც მეტი აზრი ექნება. უფრო სწორად აფირმაცია არა, შემეშალა, ვიზუალიზაცია. ისე, იქნებ იმიტომ "მავიწყდებოდა", რომ არ ვიცოდი ზუსტად, რა უნდა წარმომედგინა… 

არა და,,, არა და ერთი კონკრეტული ვიზუალიზაცია, ძალიან დეტალებამდე კონკრეტული მახსოვს ჯერ კიდევ. მაგრამ ახლა აღარ ვარ დარწმუნებული, მინდა თუ არა ეს…

აი ამ წუთას რა მინდა, უცებ მივხვდი. რა და, ეს "არდადეგები" და მოგზაურობა რომ დამთავრდება, 2-3 დღე სადმე კარგ სასტუმროში, ტბასთან, სიმშვიდეში, კარგ ნომერში დიიდი თეთრი საწოლით, თეთრი ხალათით, დიდი ვერანდით ან აივნით, გემრიელი საუზმით და სრულიად თავისუფალი დროით, არსად სიჩქარით და არსად წასასვლელით, რომ ეს მთელი შთაბეჭდილებები მოვხუფო, შევინახო და გადავხარშო, უკვე სხვანაირად დავისვენო და პატარა ხიდი გამომივიდეს ახალ წელთან…

2 საათი დაიწყო ღამის და აშკარად ძროხის ზანზალაკის ხმა მესმის. ეს ხმა არის აქაურობის განუყოფელი ნაწილი. დღესაც, გრძელი დღის ბოლოს უკვე ეზოში რომ ვისხედით ფანჩატურში, კიდევ ერთ უგემრიელეს სუფრასთან, შინაურულად, კიდევ ერთ ახლობელ ოჯახში სტუმრად და კიდე ერთი არაჩვეულებრივი დღე სასიამოვნო მუსიკის მინელებული ხმასავით იწურებოდა, ამ მუსიკაში ერთ-ერთი მუდმივი ნოტი ეს წკარუნი იყო, სახლში მიმავალი ძროხის ზანზალაკის ნელი წკარუნი… 

არიან წყვილები, რომელთა ყურებისას სიმშვიდე გეუფლება და შენც გრძნობ თითქოს მათ ბედნიერებას. არაფერი თვალშისაცემი არ გააკეთონ შეიძლება, მთელი იმ დროის მანძილზე განსაკუთრებული არაფერი უთხრან ერთმანეთს, მაგრამ ისეთი მშვიდი ბედნიერება მოდის მათგან, შეუძლებელია, ვერ შეამჩნიო. ასეთ რაღაცას ვერ დამალავ. ყველა უბრალო მოძრაობიდან მაინც გამოიპარება, გამოჟონავს, სინათლის შუქს ხომ ვერ დააკავებ ხის ღობით, ხომ გამოვა ეს სხივი გარეთ, აი ასე ჟონავს ეს ბედნიერებაც. იქნებ ეს არის ის მთავარი? იქნებ ეს მინდა. "იქნებ" არა… კი.

ჰამაკში წოლაც მოვასწარი დღეს, ხიდან ხილის ჭამაც, დღისით სად ვიარეთ და რაები ვნახეთ - როგორც ყველა წინა დღეს - ამაზე აღარ ვლაპარაკობ. ამაზე ვცდილობ, ფოტოები ავამეტყველო, მაგრამ ვხვდები, რომ ვერც ფერებს, ვერც მასშტაბს, ვერც განწყობას ვერ გადმოსცემენ. 

იქნებ შენ ეს ყველაფერი ნანახიც გაქვს. ან, ყველაფერი თუ არა, ნაწილი. იქნებ გივლია აქ. იქნებ მეტიც გინახავს, ჩემზე ბევრად მეტი. ხო, გააჩნია ვინ ხარ, თავიდანვე ხომ ასე დავიწყე ამ წერილების წერა - გააჩნია აი ამის კითხვისას ვინ ხარ…

დაკვირვებიხარ, როგორ სხვანაირად გადის დრო ზოგან? საერთოდ, შვებულებაში დრო თითქოს ხომ სწრაფად გადის, მაგრამ არის ადგილები, სადაც დრო შენელებულია. დავიჯერო, ეს ყველაფერი განსაკუთრებით მომხიბვლელად იმიტომ მეჩვენება, რომ არ არის ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი? არ ვიცი…

ისევ სურვილებამდე მივდივარ. რა მინდა-მდე. და ბედნიერებამდე. ეს კი ვიცი?!

და ისევ ვიზუალიზაცია გამახსენდა. იმ ვიზუალიზაციაში შენ იყავი. ხო, გააჩნია ამ მომენტში ვინ ხარ, რომელი შენ კითხულობს ამას. გააჩნია, ვინ ხარ შენ. და კი, ვფიქრობ, ის ვიზუალიზაცია იყო ის, რაც მინდა. და რომელიღაც შენ მაინც იქნები მისი ნაწილი.

მეორეც გამახსენდა. მეორე ვიზუალიზაცია. ეს უფრო ხედვასავით იყო. რაზეც მგონი დავწერე კიდეც. ესეც ძალიან დეტალებამდე ზუსტად წარმოდგენილი სურათი იყო. უფრო სწორად კადრები ცოტა შორეული მომავლიდან…

ძროხას ჯერ კიდევ ღვიძავს. სადღაც უკვე შორიდან მოდის ზანზალაკის ხმა და წამობღავლება. დავიჯერო, გზა აებნა? იქნებ პატრონი ეძებს კიდეც… მინდა ვუთხრა, გადადი გზიდან და სადმე მანდვე დაიძინე. ამ შუაღამისას არ მგონია მანქანამ გამოიაროს ამ წყნარ ადგილას, მაგრამ მაინც გადადი გზიდან და ხვალ განაგრძე გზა შინისკენ მეთქი. მაგრამ ვერ გამიგებს.

ამასობაში რაღაცეები დალაგდა. საქმიანი რაღაცეები. აი, მწვანე "პწიჩკა"ს რომ გაუკეთებ გონებაში, მონიშნავ შესრულებულად. შეიძლება ერთი ელემენტარული ზარი იყოს, ერთი ელემენტარული მეილი ან მესიჯი. მაგრამ რომ იცი - მოითავე და შეგიძლია აღარც გაიხსენო გარკვეული დროით, რომ იცი, დანარჩენი დროის ამბავია და თვითონ მოგვარდება. შენ კი შეგიძლია შენი დასვენებით სიამოვნება განარგძო. შენი მოგზაურობით. და მერე… მერე მგონია, ან მჯერა, რომ სხვანაირად "დარესტარტებული" დავიწყებ ახალ წელს. რა საოცარია, ზუსტად დღეს თქვა სუფრასთან სხვამ, ჩემთვის ახალი წელი სექტემბრიდან იწყებაო. ზუსტად ის, რასაც ვამბობ ხოლმე. ხოდა ვფიქრობ, კარგად უნდა დალაგდეს ყველაფერი. კარგზე უფრო კარგად. რა? რაღაცეები ალბათ იცი. რაღაცეები არ იცი. ან არაფერი იცი. რაღაცეებს მოგიყვები. ან არ მოგიყვები. ან ვერ მოგიყვები.

გაზიარება…

რა მინდა? ამ ეტაპზე - რაც ზემოთ დავწერე. ამ არაჩვეულებრივ მოგზაურობას მიბმული 2-3 დღე ტბასთან სასტუმროში. ესეც ზუსტად მაქვს ვიზუალურად წარმოდგენილი, სად. შეიძლება იმიტომ, რომ სასიამოვნოდ მახსენდება ის ადგილი.

უნდა დამემთავრებინა უკვე წერა და გამახსენდა უცებ: ამ დღეებში უკვე რამდენჯერმე დავიჭირე თავი იმაზე, რომ ემოციებისგან, სილამაზისგან და ამ საოცრებით მოგვრილი შოკისგან კინაღამ ვიტირე. და დღეს გამახსენდა - მიუნხენში დამემართა რომელიღაც მუზეუმში იგივე: შთაბეჭდილებები იმდენად ძლიერი იყო და ზუსტად მახსოვს - იმპრესიონისტებს ვათვალიერებდი -, რომ ტირილი მომინდა. და დღეს, ცხრაჯვარის გზაზე, ტყეში სიარულისას იმდენად გადავივსე, რომ მივხვდი, შეიძლება ავეტირებინე ამ სილამაზეს. მოგსვლია ასე?

რა შუაშია ეს სამაჯური "ცხრაჯვართან" ხომ? არა და შუაშია. იქიდან არის. იმ სიმაღლეზე ამოსული კაცი ყიდდა თავის პატარა დახლზე სუვენირებს. ისე, რომ არ შეგაწუხებდა, არც თავს მოგახვევდა. ძალიან ტკბილად დაგელაპარაკება. აქამდე თუ მოხვედი, იქაც უნდა ახვიდეო, გეტყვის. თუ ბოლომდე ვერ ახვედი, არც მაგაზე გისაყვედურებს. ამისგან როგორ არ ვიყიდოთ რამე, აქამდე ამოდის ადამიანიო, ვთქვით. ხოდა ვიყიდეთ. მე ეს სამაჯური მხვდა წილად. ცხადია, ჩემივე არჩეული. სხვა დროს ალბათ არც მივაქცევდი ყურადღებას. აქ კი ისე მიმიზიდა, თითქოს დამიძახა. არის რაღაც პატარა დეტალები, უცებ რომ შენი ხდება.

ღამე მშვიდობის


Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..