before and after party

ჯერ სამადლობელი პოსტის დაწერას ვაპირებდი. უფრო სწორად, დაბადების დღის მოლოცვის სამადლობელოს კი არა, უფრო გლობალურს თუ მასშტაბურს, თუ რაც არის. მოკლედ, ქვემოთ მიხვდებით, თუ ჩაიკითხავთ ბოლომდე. მერე ვიფიქრე, ამას მოლოცვებისთვის მადლობას მივაბამ მეთქი. მერე კიდევ რაღაც აზრები მიემატა და საბოლოოდ, ეს ყველაფერი იმხელა გამოდიოდა, ბარემ ბლოგზე დავწერ და ლინკად დავდებ მეთქი. 

აქ წერას რომ ვიწყებ, ძირითადად არ ვიცი ხოლმე, რას დავწერ. ან რამე ერთი მომენტი, განწყობა, ფაქტი ან შეგრძნება ხდება ბიძგის მომცემი და მერე იწყება და ებმება ბევრი რამ. და მერე, შეიძლეა აჯაფსანდალიც გამოდის, მაგრამ შეძლებისდაგვარად სტრუქტურირებული და ნაწილებად დაყოფილი. 

ახლაც ასე გამომივა, ალბათ. უბრალოდ ამჯერად, ვიცი ერთი-ორი რაღაც, რაზეც მინდა, დავწერო და ვეცდები, ძალიან არ გადავუხვიო და ბევრი არ ვიბოდიალო :))

აი ამ წამს უნებლიედ მოვისმინე მინი ლექცია თემაზე ტრანს-ცხიმები. სასაუზმედ ჩვენ კომპლექსში არსებულ ძალიან საყვარელ კაფეში "ნიბლე" შემოვედი (ლილისი ვინც იცის, ლილისს ეკუთვნის ეს კაფეც). ვისაუზმე, ახლა ყავას ვსვამ და სანამ აგარაკზე წავალ, ბლოგს ვწერ. ხოდა შემოვიდა ვიღაც ქალბატონი და კარტოფილის ღვეზელი ისურვა წასაღებად. საკმაოდ თავაზიანმა და ძალიან საყვარელმა მიმტანმა ბიჭმა შესთავაზა, ხომ არ გაგითბოთო. რაზეც ქალბატონმა მინი ლექცია ჩაატარა, თუ რატომ არ შეიძლება ისეთი პროდუქტის გათბობა, რომელიც მანამდე ცხიმში იყო შემწვარი, ან ცხიმს შეიცავს. რადგან ის გაციებული ცხიმი გაცხელებისას გარდაიქმნება ტრანსცხიმად და ძალიან საშიშია. და ტოსტერიო? ფრთხილად ჩაეკითხა ბიჭი. არც ტოსტერი, როგორც ჩანს. არ ვიცი, რამდენად დავიჯერებ, უფრო სწორად დავუჯერებ და აღარ გავაცხელებ აწი მაგალითად გაციებულ ხაჭაპურს. მაგრამ საინტერესო მოსასმენი იყო. ვერ გეტყვით, რომ არაფერი ვიცოდი ამის შესახებ. უბრალოდ რაღაცეებზე არ ვფიქრობთ :)

ეს ამხელა შესავალი გამოვიდა. ახლა პირდაპირ დავწერ იმას, რის დაწერასაც 13-ში ვაპირებდი

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 

ხანდახან ასეთ რაღაცაზე ვფიქრობ: ნეტა მართლა  ვიმსახურებ იმ სითბოს, სიყვარულს და დამოკიდებულებას, რასაც ჩემი გარემოსგან, გარშემომყოფებისგან ვგრძნობ? ახლა ვიაზრებ, რომ ფაქტობრივად ყოველთვის ვიყავი ამით "განებივრებული". უბრალოდ, ცხოვრების რაღაც ეტაპზე, უკვე გააზრებულად როცა ცხოვრობ, ალბათ აი იმ ეტაპიდან, ეს უფრო აღქმადი გახდა ჩემთვის. ხოდა პერიოდულად, ან გარკვეულ შემთხვევებში ვუსვამ თავს ამ კითხვას. ამჯერად დაბადების დღემ განაპირობა, კი. და ტრიგერი რამდენიმე გამორჩეულ-განსაკუთრებული მოლოცვა იყო. ზოგი სატელეფონო ზარი, ზოგი ვიდეო ზარი, ზოგი ლაივში სიურპრიზ-მილოცვა, ზოგიც წერილობითი და ზოგიც ყურადღება. ამათზე ონკრეტულად არ შევჩერდები. ხო, კიდევ იყო რაღაც, მაგალითად, ის, რომ ადამიანი უბრალოდ რაღაცას მოგიყვება, თავისთვის მნიშვნელოვანს. შეიძლება სხვას ბევრასც მოუყვეს, ამდენი არ ვიცი, მაგრამ როცა გიყვება, ხვდები, რომ გიზიარებს მისთვის ძალიან მნიშვნელოვან და საკმაოდ პირად რაღაცას. რა არის ამაში განსაკუთრებული? თითქოს არაფერი. უბრალოდ ნდობას გრძნობ მისი მხრიდან. ხოდა აი ასეთი რაღაცეები უცებ დაგროვდა ჩემ დაბადების დღეზე და ეს იყო ჩემი პოსტის ბიძგის მიმცემი. 

ხოდა ვფიქრობდი, კარგი, ოჯახს არ ირჩევენ და ამაში უბრალოდ მართლა ძალიან გამიმართლა. მაგრამ მეგობრებს და გარემოს ხომ მეტ-ნაკლებად ირჩევენ? ხოდა ალბათ მაინც არის ჩემი დამსახურებაც ამ ყველაფერში. ანუ, ცოტა მაინც ვიმსახურებ იმას, რაზეც ზემოთ ვილაპარაკე. არ გეგონოთ, პასუხებს მოვითხოვ და ველოდები, დამიწეროთ, კი, შენ რომ ასეთი კარგი არ იყო, ისე კი არ გეყოლებოდა ასეთი მეგობრებიო და ა.შ. არა, უბრალოდ ვფიქრობ და გიზიარებთ. ხანდახან რაღაცეებს ვერ იტევ და გაზიარება გჭირდება. ხანდახან - არ გინდება გაზიარება, უბრალოდ შენთვის იტოვებ. 

ამაზე ფიქრი შემდეგ დღეებშიც რომ განვაგრძე, ჩემი თავი ქსელის შიგნით მჯდარ ობობად წარმოვიდგინე. ადამიანი ცხოვრების მანძილზე რაღაც ქსელს რთავს, ქსოვს. ხან პირადი და ხან გარემო მიზეზებით ეს ძაფები ხანდახან წყდება. ზოგი ძაფი ბოლომდე ნარჩუნდება. ზოგი წვრილია, თხელი, ზოგი მყარი. ზოგი ძველია, ზოგი ახალი. ზოგი ახალი ძველზე უფრო მყარია. ხოდა ამ ქსელის სწორად მოქსოვა და შენარჩუნება არ არის ალბათ ძალიან მარტივი. თუ არ ჩადე შენი ნაწილი, ისე არ ივარგებს. 

საბოლოოდ მაინც მივედი იქამდე, რომ იქ ზემოთ ვიღაცის და რაღაცის მადლობელი ვარ ძალიან. სამყაროს მადლობელი ვარ ყველასთვის და ყველაფრისთვის, რაც მაქვს და ვინც მყავს, დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად. 

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 

ამ წამს ვიღაც შემოვიდა და ბურგერი მინდა ერთიო. მე რა გავიგე - ბლოგერი მინდა ერთი. მგონი დროა, დავხური ლეპტოპი და გავიდე :))

აგვისტოს მეორე ნახევარი დაიწყო და ცოტა პანიკა დამეწყო. კატეგორიულად არ მეთმობა ზაფხული. არ მინდა ზაფხულის ამოწურვა. სკოლის მოსწავლესავით, პატარა ბავშვივით ვარ. მინდა, მზე და ეს განწყობა დიდხანს შევაჩერო, ან დავაკონსერვო. და არ ვიფიქრო იმაზე, რომ ზაფხული გადის. 

მაგრამ, მეორეს მხრივ, წინ დიდი გეგმებია. იმედია, სამყარო ამაშიც დამეხმარება. და არა მარტო სამყარო :)


პ.ს. ახლა წავალ, იქ სიგრილე, აუზი, "კაჩალკა" და კარგი წიგნი მელოდება ამ შაბათ-კვირას :) 


და კიდევ - ასეთი მზის ჩასვლა :)



Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..