დღეს რა დღეა? :)

 ძვირფასო მარიამ, როგორ ბრძანდებით? 

არ მომიწერია რამდენი ხანია....


ეს ლექსი იცი? :)) თუ იცი - წესით გაგეცინება. ერთი პერიოდი ძალიან ატაცებული იყო და ყველა შესაძლო და შეუძლებელ სიტუაციაში ტრიალებდა, რა თქმა უნდა ხუმრობის მიზნით. და რა თქმა უნდა, ჩემი და ჩემი მეგობრების ხუმრობის და ციტირების საგანიც არა ერთხელ გამხდარა. 

ისე, ხუმრობა იქით იყოს და წერილი დიდი ხანია არ მომიწერია. თუ არ დამიწერია. რეალურად ხომ უმისამართო წერილებია ეს. 

ზღვაზე ვარ, კერძოდ კი - კვარიათში. ოჯახთან ერთად. არაჩვეულებრივი დასვენება გამოვიდა, რამდენადაც ეს აქ, საქართველოში შესაძლებელია. მართლა დავისვენე და განვიტვირთე. ცოტა ხნის წინ მეგობრებს ვწერდი, კი ბოლო დროს "ლაითი" რეჟიმი მქონდა და აგარაკიდან მაგ რეჟიმში ვმუშაობდი, მაგრამ მართლა არაფერი რომ მეკეთებინოს, არც ერთი გაკვეთილი, არაფერი სამეცადინო და საფიქრალი, ასე გადაბმულად მთელი კვირა ბოლოს როდის მქონდა, არ მახსოვს. ხო და ძალიან მნიშვნელოვანია ჭეშმარიტი დასვენება. 

ერთი-ორი დღის წინ მემორიში წავაწყდი საკუთარ სტატუსს. ვციტირებ: 

"ბუკოვსკიმ თქვა, თუ ვინც თქვა - find what you love and let it kill you-ო... მოკლედ, ვიპოვე ეს რაღაც: უბადლო დამსვენებელი გამოვა ჩემგან!  დაე საამურმა დასვენებამ მომიღოს ბოლო, თანახმა ვარ :D "

ციტატის დასასრული. რა კაია, საკუთარ თავს რომ ვციტირებ :))

ამასობაში საჭმელი მომიტანეს - ქათმის ბულიონი. ოფიციანტმა ქალმა გემრიელად მიირთვითო და კიდევ რაღაც თქვა, კარგად ვერ გავარჩიე - რა უცხო საჭმელიაო თუ რაღაც ასეთი. შეიძლება იშვიათად უკვეთავენ. მე მიყვარს. და არ გაგიკვირდეს, ამ სიცხეში რომ მოინდა. მენიუში რომ ვიყურებოდი, უცებ მივხვდი, რა სიამოვნებით შევჭამდი ახლა ქათმის ბულიონს. არა, არ გრილა. თუმცა აქ, კაფეში კარგი ტემპერატურაა, ჭერზე დაკიდებული ვინტილატორებიც მშვენივრად აგრილებენ. 

ახლა დროებით შევწყვეტ წერას, უცხო საჭმელს მივუბრუნები და მერე მოვბრუნდები კვლავ :)


.... ..... .... ..... 

დავბრუნდი ახალი თემით :)) ნუ, საკურორტო თემით. თურქეთის ე.წ. ოლ ინკლუზივ სასტუმროებში, სადაც ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არც ხელი გაანძრიო ზედმეტად (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ცურავ), არც ფეხი და მაქსიმალურად კომფორტულად დაისვენო  და შენზე იყოს მორგებული ყველაფერი, აი მანადც კი გიქმნიან მცირე "დისკომფორტს" - რესტორანში არ შეიძლება მხოლოდ საცურაო კოსტუმით  შესვლა. ანუ ხალხი სადაც ჭამს, იქ ტიტველმა არ უნდა იარო, მარტივად რომ ვთქვათ. ელემენტარული კულტურის ამბავი მგონია ეს და დაუწერელი კანონი. თუმცა, თურქეთში ეს კანონი დაწერილ-დახატულია მცირე აბრებზე და თუ ვერ წაიკითხე / ვერ შეამჩნიე, თავაზიანად მიგითითებენ. არ დამიწყო ახლა, ზღვაზე ხარ, ისედაც ყველა ესე დადის და ა.შ. ცხადია, რაც უნდა ის უნდა ჩაიცვას ყველამ და თუ უნდათ, სულ ნურაფერს ჩაიცმევენ, მაგრამ ხომ არსებობს ელემენტარული, თუნდაც უთხელესი და უგამჭვირვალესი მოსაცმელები. ხოდა რა გახდა, ერთი მაისურის გადაცმა, მოსაცმელის მოცმა ან შორტის ამოცმა, რომ შენი არც თუ ისე ლამაზი შიშველი ტრაკი (ამას იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ თითქოს დემონსტირეებას ახდენენ სპეციალურად) და კაცის შემთხვევაში ბანჯგვლიანი მუცელი არ ჩამიყო ჭიქაში და მაგიდის ქვეშ გუბე არ დააყენო, რადგან საცურაო კოსტუმები, როგორც წესი სველია. მხოლოდ საკვებ ობიექტზე მაქვს ლაპარაკი. აქედან გასულებმა თუნდაც ნუდისტურ სანაპიროდ აქციონ ეს ტერიტორია :))

მოკლედ, ეს მცირედი გადახვევა იყო. 

ამინდს რაც შეეხება - ძალიან გაგვიმართლა. სულ კარგი ამინდია. და კარგი ამინდი შეიძლება იყოს როგორც მზიანი, ასევე მზე ღრუბლებში, როგორც სიცხე, ასევე სითბო და ოდნავი სიგრილეც. და ზღვა? დღეს მართლა ჩვეულებრივი კარაქივით იყო. წყნარი, რბილი და გამჭირვალე. ხო, კარგი, კარაქი არ არის გამჭვირვალე. დღეს მარტო ვიყავი. ჩემებმა თურქეთში გადასვლა გადაწყვიტეს ცოტა ხნით, დამეზარა და ძალიან კარგიც ვქენი. ასეთი ზღვა მართლა არ ყოფილა აქამდე. გული ვიჯერე სიგანეზე ცურვით :)) მზის გულზე წოლით და ნევივრობით და შემდეგ ქოლგის ქვეშ კითხვით. 

ერთი ამოჩემებული კაფე გვაქვს აქ. იქ ვსაუზმობთ. პირველად სურათები რომ დავდე იქიდან, ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, სად ხარო, რატომღაც ყველას ეგონა, საქართველოში არ ვიყავი. არა და არაფერი - ერთი ელემენტარული ოჯახური პატარა კაფეა, სასიამოვნო პერსონალით, უბრალოდ, მაგრამ გემოვნებით მოწყობილი დიაზინით, როგორიც იდეაში იშვიათად არ გხვდება. მუსიკა მუდმივად კარგი. სულ რამდენიმე მაგიდა. იმდენად უბრალო, შეიძლება ვიღაცას ცხვირიც აებზუებინა (რანაირი სიტყვაა) და არც გაეხედა იქით, აქ არ შევჭამო. ამ დროს, ზუსტად ასეთი დიზაინის კაფე რომ მაგალითად იტალიაში დაენახა - აუცილებლად ფოტოებს გადაიღებდა, მფლობელების გაცნობას მოინდომებდა და ხშირად ივლიდა :)) მაგრამ დღეს იქ არ ვზივარ. ვიფიქრე, აქვე ავალ, არ ვივლი მეთქი და ნეპტუნში ამოვედი. ცოტა ჩვეულებრივი სიტუაცია მომინდა. გავშალე ლეპტოპი და სწორ მიწაზე დადგმულ მაგიდას მივუჯექი. ცუდი კი არ არის, უბრალოდ ჩემთვის იმ კაფეს სული აქვს და განწყობა. და მუსიკა რაც მთავარია :) გუშინ ერთ-ერთი ყვავილის სახელი ვკითხე და კიდევ - რადიო გაქვთ თუ თქვენი შერჩეული მუსიკა მეთქი - და ჩვენი პლეილისტიო :) საჭელი, ყოველ შემთხვევაში საუზმე - გემრიელი, სადილიცო, ასე გავიგე. ფასები - საკმაოდ ნორმალური აქაურობისთვის. ბარემ ბოლომდე დავახასიათე :)

დღეს ბოლოს წინა დღეა. ყრნოს მიხედვით უნდა ეწვიმა :)) yr.no-ს ვგულისხმობ, ხო :)) მაგრამ მოწმენდილი ჰორიზონტი და კამკამა ზღვაა. ერთი რაზეც მეფიქრება, ქინდლი მიჯდება და დამტენი არ მაქვს. იქნებ დღეს და ხვალაც გამიძლოს. 

აქაურობას ის ხიბლი აქვს, რომ უკან მთაა გადამწვანებული და წინ - ზღვა. მართლა საოცარი პოტენციალი აქვს აქაურობას, მაგრამ ეჭვი მაქვს, ნელ-ნელა ამასაც ბათუმს დაასმგავსენებენ :( ბათუმზე დაწერაც კი არ მინდა, რა ხდება. ერთი საღამო ჩავედი მხოლოდ, მეგობრებთან შესახვედრად, რომლებიც ზოგი იქვე იყვნენ და ზოგიც მწვანე კონცხზე. 

ამასობაში ჩემებიც ჩამოსულან. მალე მოვლენ კიდეც ალბათ. ამასობაში ნახევარი ჭიქა ფორთოხლის წვენიც დავლიე. ჭიქა კი უზარმაზარი იყო. ავიტან ახლა ლეპტოპს ოთახში, ისევ ქინდლს ავიღებ და დავწვები ქოლგის ქვეშ.


რა უცნაურია, ცეცხლის სტიქია ვარ (ასე ითქმის?) და ბოლო დროს მივხვდი, ჰაერი როგორ მიყვარს. ანუ - სივრცე და ცა. რაც თბილისში მაკლია. და საერთოდ, ჩვენ ქალაქებში. ევროპაში ქალაქში პირველად რასაც ვამჩმევ - ცა ჩანს. და აქ ეს მსიამოვნებს. ცას რომ ვხედავ ბევრს, და ჰორიზონტს. ამის ყურება დიდხანს შეიძლება ალბათ. ისევ დასვენების თემას მივადექი. ალბათ იფიქრებ, დასვენებით რომ ისიამოვნო, ჯერ უნდა დაიღალოო. არა, დაღლა არ არის საჭირო და მართლა სულ ასე წოლას არ ვგულისხმობ დასვენებაში, რა თქმა უნდა. თუმცა, ალბათ მისახვედრია, რასაც ვგულისხმობ, ახლა აქ რომ არ შევჩერდე ამაზე. 

კიდევ რა მინდოდა მომეყოლა? არ მახსოვს. ლეპტოპი რომ მომქონდა, მხოლოდ თეორიულად მინდოდა წერა. რა უნდა დამეწერა, არ ვიცოდი. მაგრამ ასე ხდება, ვხსნი სუფთა ფურცელს და ვიწყებ - მერე თვითონ მოდის. 

სადღაც მაქვს ამოკითხული - აგვისტო კვირის საღამოსავით არისო. ხო, ეგრეა ალბათ. მაგრამ მე მაინც ძალიან მიყვარს. და ჯერ მხოლოდ 5 აგვისტოა, ჯერ მთელი თვე წინ არის. მესამედი ზაფხული წინ არის :) ასე ვეჭიდები მზეს, აგვისტოს და ზაფხულს :) არაფერზე არ მინდა ჯერ ფიქრი. ყველაფერს თავისი დრო აქვს. რაღაცეები კი უბრალოდ თვითონ მოგვარდება - სამყაროს მივანდობ :))

ხო, სამყაროზე გამასენდა - ჩემი იოგას მატს ხომ ყველგან დავათრევ, უბრალოდ არც ვიღებ ზურგჩანთიდან. ხოდა აი გუშინ კი მოვახერხე და კარგად ვივარჯიშე დილით აივანზე. ვიპრაქტიკე :) ზღვაზე რაღაცნაირად გადის დრო. თითქოს ხომ არაფერს აკეთებ, მაგრამ დილით დგები, ჩადიხარ, მერე საუზმობ, მერე გადაივლებ ან არ, მერე ისევ ჩადიხარ, მერე სადილობ... მოკლედ, ზღვას და მზეს მთლიანად მიაქვს შენი დრო და მომწონს ეს :)

სადილობის დრო მოვიდა ეტყობა, ერთბაშად უამრავი შიშელი ხალხი ამოტანტალდა სანაპიროდან :)) 3 საათამდე როგორ ძლებენ იქ, არ ვიცი. თუმცა რა, მე ახლა ვაპირებ ჩასვლას :))

კარგი, ახლა ანგარიშს მოვითხოვ, ავკრეფ ნივთებს და უკვე მსუბუქი საზღვაო ჩანთით დავუბრუნდები სანაპიროს. 

...... ......

ამ ჩანართს უკვე ზღვაზე ჩამოსული ვაკეთებ: კიდევ ერთ ქართულ საკურორტო მარგალიტს მოგიყვები: სანაპიროზე საკმაოდ მაღალ ხმაზე მუსიკის მოსმენა. ეს ადგილი იმით არის კარგი, რომ 90იანი წლების ქობულეთივით ყველა ბუნგალოდან ბოლო ხმაზე ჩართული უგემოვნო მუსიკის ხმა არ გამოდის. მაგრამ ერთეულები ახერხებენ, ისე მოიქცენ, თითქოს მარტოები არიან აქ და ბოლო ხმაზე უსმინონ უგემოვნო რეპს.=რეპს კი არ ვერჩი თავისთავად. და არც გემოვნებაზე ვდაობ აქ. უბრალოდ, სანაპიროზე რომ წევხარ და ირგვლივ უამრავი ხალხია, შეგიძლია ყურსასმენები გაიკეთო, თუ მუსიკის მოსმენის დაუძლეველი სურვილი გაქვს. დღეს სხვებმაც მიბაძეს და ბოლოს ამ ყველაფერს დაემატა რუსული ქურდული მუსიკა, მარშალში ჩართული. ჯერ ვიფიქრე - რუსები არიან მეთქი. მერე მივხვდი - ქართველები არიან და ერთი-ორი რუსულენოვანი სტუმარი ჰყავთ. ხო და ეს ქართველი კაცები ტიპობენ და ხან მუსიკას რთავენ და ხან გაზეპირებულ რუსულ ფრაზებს ისვრიან თავის მოსაწონებლად. მართლა გული შეიძლება აგერიოს.

მე კი ვცდილობ, გავემიჯნო სმენით და გონებით ამ ბაბილონის გოდოლს და ბოლო ორი დღე ბოლომდე შევირგო. ამ ქაჯობას ვერ გავაფუჭებინებ განწყობას ☺️

AH UUU MMMM.... 

🧘

ბოლოს მაინც გამოცდილ მეთოდს მივმართე - spotify, დიდი ყურსასმენები და გარემოს და ამ წუთის განწყობის შესაბამისი background jazz


პ.ს. დღეს რა დღეა? :)) არა და, როგორც წესი დღეები ვიცი ხოლმე და რიცხვი - ნაკლებად. ახლა უბრალოდ ვიცი, რომ ზეგ ვბრუნდებით და ამიტომ ვიცი, რმო 5 რიცხვია და რა დღეა - აზრზე არ ვარ, რა კარგია ასე :)


Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..

before and after party