უმისამართო ასტრო-წერილი N...

ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობ. შეიძლება ზედმეტად ბევრსაც. ალბათ იმიტომ, რომ როგორც იქნა მომეცა ფიქრის დრო. ამდენი დრო ბოლო... მმმ... 2,5 წლის მანძილზე ერთად აღებული არ მქონია ალბათ. ხოდა ავდექი და ავიღე ეს დრო და მაქსიმალურად შევირგე გონების განიავება, სხეულის მოდუნება, დასვენება... მაგრამ რაღაც ეტაპზე ფიქრები წამოვიდა. საღამოობით განსაკუთრებით. უფრო სწორად ღამე. 

ჯანდაბა რუსებს, მაგრამ ერთი კარგი გამოთქმა აქვთ: უტრო ვეჩერა მუდრენეე. და ასეც არის. ის, რაზეც საღამოს გვიან "იგრუზები", ის რაც ამ დროს რთულად გეჩვენება, გაწუხებს, დილის და დღის შუქზე სულ სხვანაირი ჩანს. უფრო მარტივი და ერთი ხელის მოსმით მოგვარებადი. ან სულაც ქრება და არაფერია მოსაგვარებელი რეალურად. 

ვიცი, სრულიად გაუგებრად ვწერ. უფრო სწორად, რაზე ვწერ, ვერ მიხვდები. და საერთოდ, მივხვდი, რომ როცა რაღაცაზე ბევრს ვფიქრობ ან როცა რაღაც მაწუხებს ან მაფიქრებს, იმაზე არ ვწერ. უფრო სწორად - არ / ვერ ვყვები. ხოდა ახლაც ასეა. უბრალოდ ემოციების დონეზე ვცდილობ გაზიარებას. დღეს კი საკმაოდ ემოციური დღე იყო. 

შემიძლია, გავჩერდე და კიდევ ბევრი ვწერო. მაგრამ მოდი, აქ გავჩერდები. მაინც არ დავწერ იმას, რისი დაწერაც მინდოდა. და ამ წერილს თუ არ გამოვგზავნი და არც ლინკს დავდებ სადმე, საინტერესოა, ისე თუ მოაგნებ და გადააწყდები. ან საერთოდ, ვინმე თუ გადააწყდება ამ წერილს, როგორ ბოთლში ჩადებულს და ოკეანეში გადაგდებულს. ოდესმე მიაღწევს ვინმემდე, შემთხვევით ადრესატამდე და შეიძლება, ვინმე გამომეხმაუროს კიდეც. 

ახლა ამას დავხურავ და როგორც იქნა რომ ისევ გამახსენდა, უფრო სწორად ერთ-ერთ ჯგუფში მორიგე, ალბათ მეათასე პოსტმა გამახსენა, რომ ამ სერიალის ყურება მინდოდა, აი იმ სერიალს ჩავუჯდები. ასე მგონია, ჩემს ახლანდელ განწყობას მოუხდება. 

ხო, წიგნი დავამთავრე. ბაბლუანის წიგნი. გულახდილად გეტყვი, ასეთი კარგი წიგნი დიდი ხანია, არ წამიკითავხ. იმიტომ არა, რომ შედევრია, ან მხატვრული თვალსაზრისით არის შედევრი. უბრალოდ... უბრალოდ ძალიან კარგი წიგნია. რამდენიმე ღამეს რომ გაგათენებინებს, ისეთი. დანარჩენს თვითონ ნახავ ალბათ. ან, იქნებ ნახე კიდეც. გააჩნია, ვინ ხარ.

წეღან ამ სიჩუმეში და სველ ბალახში ვიარე, ღამის ხმებში და 1-2 ასტრო ფოტო გადავიღე. მთელი ზაფხულის განმავლობაში დღეს მომეცა ასეთი ცის გადაღების საშუალება. დიდი დათვის თანავარსკვლავედიც ამ ზაფხულს ალბათ პირველად დავინახე. ხოდა, გადავწყვიტე, ღამესვე გადავწყვიტე, რომ, კი, ყველაფერი მარტივად გამოვა და ყველაფერი კარგად იქნება. აუცილებლად. 

ღამე მშვიდობის



Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..

before and after party